10.15.2013

როგორ ავაშენოთ ეროვნული პოლითია

საქართველოში საერთო ეროვნული პოლითია, საუკეთესო შემთხვევაში, ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ზემოდან ქვემოთ მისი დანერგვა ხანგრძლივი კულტურტრეგერული საქმიანობის გარეშე შეუძლებელია. თუმცა, ისიც ყურადსაღებია, რომ 19-ე საუკუნის გერმანულმა კულტურტრეგერობამ ტოტალიტარიზმისაგან ეს ქვეყანა, სულ მცირე, ვერ იხსნა, უარეს შემთხვევაში - წვლილი შეიტანა მისთვის ნიადაგის შემზადებაში.
პატერნალიზმი არა მხოლოდ არაეფექტურია დემოკრატიული საზოგადოების აქტიურ და პასუხისმგებელ მოქალაქეთა ჩამოსაყალიბებლად, არამედ ლიბერალურ ფასეულობებთან ფუნდამენტურად შეუთავსებელიცაა. ცივილიზატორული მისია შეიძლება ქონდეს კოლონიზატორს უცხო ქვეყანაში, რომლის მაცხოვრებლები მეტროპოლიის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობენ. საკუთარი ქვეშევრდომების „გადანათლებას“ შეიძლება ავტორიტარული სახელმწიფო ეწეოდეს, რომლის მართვაში „აღსაზრდელები“ რეალურად ასევე არ არიან ჩართულები. მოსახლეობის სულიერ ზრდაზე შეიძლება თეოკრატიული რეჟიმი ზრუნავდეს, რომლის ძალაუფლების წყარო ტრანსცენდენტური საწყისია და არა ამომრჩეველი.
განსხვავებული გზით წავიდა ამერიკის შეერთებული შტატები.  ალექსის დე ტოკვილის დაკვირვებით, აქ ლოკალიზმი და სუბსიდიარულობა პოლიტიკური წყობის საფუძველთა საფუძველია და მოქალაქეებისთვის დემოკრატიის სკოლის როლს ასრულებს. შეერთებულ შტატებში დღემდე, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ტიპ ო’ნილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველანაირი პოლიტიკა ლოკალურია.
ქართული პოლითიის ქვემოდან ზემოთ, ორგანულ ზრდას, სახელმწიფოს ფედერალიზაციის გარდა, არჩევნების დენაციონალიზაცია დაეხმარება. უნიფორმული და სტანდარტიზებული საერთო-ეროვნულის ნაცვლად, მრავალი ადგილობრივი საარჩევნო კამპანია პოლიტიკურ პროცესს საშუალებას მისცემს,  ბუნებრივი დინებით წავიდეს, თავსმოხვეული ცენტრალიზებული სქემებისაგან დამოუკიდებლად განვითარდეს და უკეთ უპასუხოს ამომრჩევლის მოთხოვნებს.
მოქმედი საარჩევნო სისტემის მთავარი ნაკლოვანება ისაა, რომ ჩვენი რეალობიდან არ გამომდინარეობს და სოციალური ინჟინერიის მორიგი ექსპერიმენტია. ეს სისტემა ეფუძნება საეჭვო დაშვებას, რომ კანონმა შეიძლება პარტიები ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანული ნაწილად აქციოს; მართალია, დღეს სხვა ვითარებაა, მაგრამ სახელმწიფოს დახმარებით პროცესი დაჩქარდება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ექსპერიმენტიც წარუმატებელი აღმოჩნდა და ჩანაფიქრისგან რადიკალურად განსხვავებული შედეგები მოიტანა


Post a Comment