10.15.2013

მანდატის ილუზია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ცეზარისტული ხასიათი ფუნდამენტურად არ იცვლება, მუდმივი უმრავლესობა საქართველოში ვერცერთმა დომინანტმა პარტიამ ვერ შეინარჩუნა. ფართო, ყოვლისმომცველი კოალიციები წარსულშიც მყიფე იყო და სტაბილური ვერც მომავალში გახდება.
ისტორია გვიჩვენებს, რომ უმრავლესობა დაშლას ფორმირებისთანავე იწყებს, ვინაიდან ჭრელ საზოგადოებაში შეუძლებელია ერთდროულად ყველას დაკმაყოფილება. ნებისმიერი საარჩევნო წარმატება მოლოდინების ინფლაციას იწვევს, ამიტომ არჩევნების დამაჯერებელ მოგებას გამარჯვებულ კოალიციაში შინაგანი წინააღმდეგობების ზრდა მოყვება. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ქართულ პოლიტიკაში, როგორც წესი, ერთიანდებიან არათვისარამედწინაღმდეგ“.
ოპოზიცია ამ უთანხმოებებს სათავისოდ იყენებს, ხალისით ახდენს განდგომილებისა და რენეგატების კოოპტაციას. ნელ-ნელა დომინანტი პარტიის სოციალური ბაზა ეროზიას განიცდის, ხოლო მისი მოწინააღმდეგეების - ფართოვდება. გარკვეულ მომენტში მმართველი ელიტა სიტუაციაზე კონტროლს კარგავს. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა წარსულში და მოვლენათა მსგავსი განვითარების მოწმეები სავარაუდოდ მომავალშიც გავხდებით. შედეგად, ელიტების ჩანაცვლების დაუსრულებელ ციკლს ვიღებთ.
როგორც ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, საარჩევნო წარმატებას გამარჯვებული პოლიტიკოსები სახალხო მანდატად აღიქვამენ. მათ ამპარტავნებასთან ერთად ამ შეცდომის ერთ-ერთი მიზეზი ამომრჩევლის მოტივაციისა და ლოგიკის არასწორი გაგებაა - ზოგჯერ ისინი არა არჩევანის, არამედ რეფერენდუმის პარადიგმის ფარგლებში მოქმედებენ; მათი გადაწყვეტილება უფრო რეტროსპექტულია ვიდრე მომავალზე ორიენტირებული.
ამომრჩეველი ძირითადად მოქმედი ლიდერის მოღვაწეობას აფასებს. ოპოზიციის ვინაობას, გამოცდილებას, მსოფლმხედველობას და გეგმებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. თუ ყველაფერი კარგად მიდის, ის სტატუს ქვოს შენარჩუნებას აძლევს ხმას, ხოლო თუ არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა, შეიძლება მხარი ცვლილებებს დაუჭიროს, ზოგჯერ ნებისმიერ ცვლილებასაც, პრინციპით - ოღონდ ეს არა.
ამიტომ, რეფერენდული არჩევნების მოგება, არათუ კარტ-ბლანშს, რეალურ მანდატსაც არ იძლევა. გამარჯვების გადაჭარბებული შეფასება სხვადასხვა პოლიტიკურ გადამეტებებს იწვევს. წარმატებისგან მთვრალმა ამბიციურმა ლიდერებმა შესაძლოა ძალიან ღრმად შეტოპონ, შედეგად, მკვეთრი უკურეაქცია გამოიწვიონ და საკუთარი ხელით გაითხარონ პოლიტიკური სამარე. დღევანდელმა უმრავლესობამ შესაძლოა მალე წინამორბედების ბედი გაიზიაროს, თუ მათ შეცდომებს დროულად არ გაითვალისწინებს და უფრო მეტ პოლიტიკურ მოკრძალებას არ გამოიჩენს.


Post a Comment