10.15.2013

მეტი არჩევანი

პლურალიტული სისტემის რეფორმირება, მისი ძირითადი მახასიათებლების შენარჩუნებით, ორტურიანის არჩევნების გარეშეც შეიძლება. პრეფერენციული ელემენტის დამატებით პლურალიტული სისტემა მარტივად გარდაიქმნება მაჟორიტულად.
პრეფერენციული ელემენტი შეიძლება პროპორციულ სისტემებსაც დაემატოს. 1992 წელს საქართველოში უკვე აპრობირებული მოდელის გარდა, როცა ამომრჩეველს 3 დახურული სიისთვის ხმის მიცემა შეეძლო, ეს პრინციპი ინდივიდუალურ დონეზე ღია სიისა და ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემებში გამოიყენება.
პოლიტიკური ფრაგმენტაციის პირობებში მოქალაქეებისათვის პრეფერენციების მეშვეობით მეტი არჩევანის მიცემა მრავალფეროვანი, მაგრამ მონათესავე ინტერესების კომბინირების საშუალებას იძლევა. შედეგად, არჩეული კანდიდატი უფრო ფართო წრისთვის იქნება მისაღები.
აქ არაპოპულარული კანდიდატების მხარდამჭერთა ხმები არათუ არ იკარგება, მათი მეორე და მესამე პრეფერენცია შესაძლოა გამარჯვებულის გამოვლენისას გადამწყვეტი აღმოჩნდეს. დეპუტატი შეიძლება არჩეული იყოს სხვა პარტიის კანდიდატისაგან გადმოსული ხმებით. სხვადასხვა პარტიების კანდიდატებს შორის პრეფერენციათა გადანაწილებით ამომრჩეველი პოსტ-საარჩევნო კოალიციების შემადგენლობაზეც ახდენს გავლენას.
პრეფერენციის ელემენტი აკნინებს პარტიის როლს, ზრდის მის შიგნით კონკურენციას და ფრაგმენტაციის საფრთხეს შეიცავს. თუმცა მეორეს მხრივ, კანდიდატთა მრავალფეროვნება პარტიას მეტი ხმების მოზიდვაში ეხმარება.
რაც მთავარია, ეს მოდელი გახლეჩილი საზოგადოებისათვის შესაძლოა ოპტიმალური აღმოჩნდეს - კანდიდატებს კონკურენტის მხარდამჭერების მეორე და მესამე პრეფერენციის მოზიდვა დაჭირდებათ. ამისათვის მათ ფართო თემატიკაზე უნდა გააკეთონ აქცენტი და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ოპონენტზე პერსონალური თავდასხმებისაგან. ნეგატიური კამპანიის შემცირებასთან ერთად იკლებს პოლარიზაციის ხარისხი.


Post a Comment