10.15.2013

ფეოდალური პარტიები

დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა, რომელიც დომინანტი პარტიების კვლავწარმოებას უზრუნველყოფს, ერთგვარი კომპრომისის შედეგია - მას სხვადასხვა ინტერესებსა თუ ფაქტორებს შორის ბალანსი უნდა უზრუნველეყო.
პროპორციულ სისტემას პარტიების (მათი მეშვეობით კი - ქალაქური საშუალო კლასის და პროგრესისტული ძალების) წარმომადგენლობა და პარლამენტის იდეოლოგიური მრავალფეროვნება უნდა მოეტანა, ხოლო ერთმანდატიანები - რეგიონების (და ამ გზით - ისტებლიშმენტის და კონსერვატიული ძალების) ინტერესების სამსახურში უნდა ჩაეყენებინა.
საარჩევნო სისტემის ორივე ელემენტს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. ჩანაფიქრის მიხედვით, პარალელური სისტემის ფარგლებში მათ ერთმანეთის ნაკლოვანებები უნდა დაებალანსებინათ და უფრო ფართო წარმომადგენლობა უზრუნველეყოთ, მაგრამ პირიქით მოხდა. საერთო-ნაციონალური დახურული პარტიული სიების სისტემამ კიდევ უფრო შეასუსტა ისედაც სუსტი უკუკავშირი ამომრჩეველსა და დეპუტატებს შორის.
სამაგიეროდ, გაიზარდა პარტიული ბოსების ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია. მოქმედ საარჩევნო სისტემაში ინდივიდუალური პოლიტიკოსი მათზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე საკუთარ ამომრჩეველზე. ამის მიზეზია ის, რომ პარლამენტის წევრთა ნახევარი დახურული პარტიული სიით აირჩევა და კანდიდატთა რიგითობაზე ამომრჩეველს გავლენა არ აქვს. პარტიული ბოსის ნებასურვილზეა დამოკიდებული სიაში მოხვედრაც. ამ ვითარებაში გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დეპუტატები დამოუკიდებლობითა და ინიციატივიანობით არ გამოირჩევიან.
განსხვავებული იდეოლოგიებისა და სოციალური ინტერესების არ არსებობის პირობებში, დახურულმა პარტიულმა სიებმა მოგვიტანა არა უფრო პლურალისტური პოლიტიკა, არამედ დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპზე დაფუძნებული ფეოდალური პარტიები. ამასთანავე, დომინანტი პარტია რეალურად იმპერიული პრეზიდენტობის დანამატია და არა ავტონომიური წარმონაქმნი.


Post a Comment