10.15.2013

მიკროსკოპული საშუალო კლასი

ქართული პარტიები მოქალაქეთა პოლიტიკაში მონაწილეობის საშუალებას არ წარმოადგენენ. მათ გამოკვეთილი და სხვებისგან განსხვავებული იდეოლოგია არ აქვთ, არც შინაგანი დემოკრატიზმი ახასიათებთ და არც ინსტიტუციური მდგრადობით გამოირჩევიან. პარტიებისათვის დამახასიათებელი შიდა პრობლემების გარდა, მათ სისუსტეზე გავლენას მთელი რიგი დამოუკიდებელი ფაქტორები - პირველ რიგში, საშუალო კლასის არარსებობა და ურბანიზაციის დაბალი მაჩვენებელი ახდენს.
ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ლიბერალურ დემოკრატიას უკვე მოდერნიზებული საზოგადოება დახვდა. მაგალითად, ჩეხეთში საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, სოფლად მცხოვრებთა ხვედრითი წილი მოსახლეობაში მხოლოდ 25%- შეადგენდა (საქართველოში იგივე მაჩვენებელი ორჯერ მეტი იყო). აგრარული საზოგადოების კრიზისი და ურბანიზაციის პირველი ტალღა სოფლის მოსახლეობას ჩვეულებრივ პოლიტიკური რადიკალიზაციისაკენ უბიძგებს. მსგავსი გააქტიურება, არცთუ იშვიათად, რევოლუციის სახეს ღებულობს. თუმცა, გლეხობის პოლიტიკური აქტივიზმის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნება, როგორც წესი, არ ხდება და ისტორიული განვითარების ამ ფაზის გავლისთანავე მისი ინტენსივობა მკვეთრად კლებულობს.
ამის მაგალითი ჩვენს ისტორიაშიც მოიპოვება - 19-ე საუკუნის ბოლოსა და 20-ის დასაწყისში სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღზევება დიდწილად  სწორედ იმან უზრუნველყო, რომ ის რადიკალიზებული სოფლის პოლიტიკურ იარაღად იქცა. მის რიგებში უფრო მეტი გლეხი იყო, ვიდრე სოფლის ინტერესების გამომხატველ რუსულ სოციალ-რევოლუციურ პარტიაში.
ფერმერული აქტივიზმის არასტაბილური ბუნების გამო, ცენტრალური ევროპის სხვა სოციალისტურ ქვეყნებთან შედარებით, ანტისაბჭოთა ძალებმა სოციალური დასაყრდენი საქართველოში შედარებით სწრაფად დაკარგეს. ამავე მიზეზის გამო, სსრკ-ს ისტორიის მეორე ნახევარში, შედარებით უფრო სუსტი დისიდენტური მოძრაობა გვყავდა.
ამავე დროს, ადამ პრჟევორსკის მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ დემოკრატია თითქმის შეუქცევადი ხდება, როცა ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 6 ათას დოლარს აღწევს (1985 წლის დოლარებში, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით). დღევანდელ დოლარებში ეს თითქმის ორნახევარჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს სულადობრივი მშპ.
ამ დონის მისაღწევად დაახლოებით 15 წელი დაგვჭირდება, თუ მომავალში საქართველოს ეკონომიკა ისევე განვითარდება, როგორც ის ლარის შემოღებიდან დღემდე იზრდებოდა. თუ მოვლენები უფრო ოპტიმისტური სცენარით განვითარდა და ეკონომიკა ისე გაიზრდა, როგორც ეს ვარდების რევოლუციიდან აგვისტოს ომამდე ხდებოდა, მაშინ იგივე მანძილის გავლას 9 წელში შევძლებთ.
განვითარებულ ქვეყნებში მედიანური შემოსავალი დღეში დაახლოებით 85 დოლარია, საქართველოში კი მოსახლეობის 90% მეტს თვეში 1,000 ლარის შემოსავალი არ აქვს. ამერიკაში ისინი ღარიბებად ჩაითვლებოდნენ. ბრანკო მილანოვიჩსა და შლომო იცხაკის შედარებით უფრო ფართო დეფინიციის მიხედვით, საშუალო კლასი დღეში 10-დან 50 დოლარამდე საშუალო დღიურ შემოსავალს გულისხმობს. ამ კრიტერიუმს ხუთიდან ოთხი ჩვენი მოქალაქე არ აკმაყოფილებს.


Post a Comment