10.15.2013

ჰანტინგტონის ტესტი

საქართველოს უახლეს ისტორიას ხშირად ცენტრალური ევროპის სახელმწიფოთა გამოცდილების ჭრილში აანალიზებენ. ამ ნარატივის მიხედვით, ვარდების რევოლუცია ხავერდოვანი რევოლუციების დაგვიანებულ გაგრძელებად მიიჩნევა. ამავე დროს, ხაზგასმულია, რომ ახლა უკვე ევროკავშირის წევრი პოსტკომუნისტური ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია დროში გაიწელა.
ის გარემოება, რომელიც 1989 წლის ცენტრალურ-ევროპულ გაზაფხულთან 2003 წლის ქართულ შემოდგომას აერთიანებს არცთუ უმნიშვნელოა: ყოფილი სოციალისტური ქვეყნის სწრაფვა დემოკრატიისკენ, რამაც ხელისუფლების არაძალადობრივი ცვლილება გამოიწვია და კომუნისტური ნომენკლატურის მმართველობას მოუღო ბოლო.
ცენტრალური ევროპის ქვეყნების მსგავსად, 2012 წელს საქართველოშიც შედგა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემის პირველი პრეცედენტი და ერთ დროს ქარიზმატულმა პირველი თაობის რეფორმატორებმა ხალხის მხარდაჭერა დაკარგეს.
თუმცა, როგორც პოსტსაბჭოთა ბელორუსსა და უკრაინაში ავტორიტარიზმის აღორძინებისა და სამართლებრივი განუკითხაობის მაგალითი გვიჩვენებს, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიის გარანტია არაა. სამუელ ჰანტიგტონის მიხედვით, იმისათვის რომ დემოკრატია შედგეს, აუცილებელია საარჩევნო ბიულეტენის მეშვეობით მმართველი ძალის მეორედ შეცვლა. პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიის ქვეყნების გარდა) ჯერჯერობით მხოლოდ მოლდოვამ შეძლო ჰანტინგტონის ტესტის ჩაბარება.
საქართველოს ეს გამოცდა ჯერ წინ აქვს. Freedom House-ის ინდექსებში საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ მუდმივად ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად ითვლება. დაახლოებით იგივე სურათს გვიჩვენებს წლიდან წლამდე NDI-სა და IRI- ეგიდით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები: ჩვენი მოქალაქეების 2/3- მიაჩნია, რომ საქართველო უკვე დემოკრატიაა, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს ან დემოკრატია ჯერ არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარდება.
რატომ დაგვჭირდა სულ მცირე ორი ათეული წელი იმისთვის, რაც ევროკავშირის წევრმა პოსტკომუნისტურმა ქვეყნებმა სულ რამდენიმე თვეში მოახერხეს? ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი შესაძლოა მრავალპარტიული სისტემის განუვითარებლობა იყოს. პარტიული სისტემა კი თავის მხრივ საარჩევნოს უკავშირდება.


Post a Comment