10.15.2013

დათვური სამსახური

თეორიულად, პროპორციული სისტემა (განსაკუთრებით დახურული სიები) ხელს უწყობს პარტიების ინსტიტუციონალიზაციას, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მას შედეგად ნაკლები საარჩევნო კონკურენცია მოაქვს. ეს პოლიტიკური წარმომადგენლობის დაბალი ხარისხის შენარჩუნებას განაპირობებს და შესაბამისად, მათზე ისედაც მცირე საზოგადოებრივ მოთხოვნას კიდევ უფრო ამცირებს.
პროპორციული სისტემა პარტიის პარლამენტში მოხვედრის შანსებს ზრდის, მაგრამ ამით მას დათვურ სამსახურს უწევს - უჩლუნგებს თვითგადარჩენის ინსტინქტს და უმცირებს განვითარების სტიმულებს. მეორე მხრივ, ცალკე აღებულ სოციალურ ჯგუფებს აღარ სჭირდებათ გაერთიანება - თითოეულს  დამოუკიდებლად შეუძლია მოიპოვოს მართალია სუსტი, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური წარმომადგენლობა.
შედეგად, თითოეული მცირე პარტია კონკრეტულ, არცთუ მრავალრიცხოვან, სოციალურ ჯგუფებთან არის დაკავშირებული. მხოლოდ დომინანტი პარტია ცდილობს ყველა ფენაზე აპელირებას, მაგრამ პრივილეგირებული სტატუსის გამო,  ამას განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე აკეთებს.
მცირე პარტიებს შორის პოლიტიკური ბაზარი დანაწილებულია ერთგვარი კარტელური გარიგების ფარგლებში. კარტელის მონაწილე პარტიები მხოლოდ დომინანტ პარტიასთან შედიან კონკურენციაში, ერთმანეთთან კი - იშვიათად. კარტელი პარტიების ერთმანეთზე რიტუალურ თავდასხმებს სულაც არ გამორიცხავს, პირიქით, ზოგჯერ ახალისებს კიდეც. მაგრამ ამ თავდასხმის მიზანი არა სხვა პარტიის ამომრჩევლის გადაბირება, არამედ - საკუთარის შემომტკიცებაა.
პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მოქმედი პარტიებისათვის რაციონალური არჩევანია, მხოლოდ საკუთარი მომხრეების მობილიზებით დაკმაყოფილდნენ და დიდი ძალისხმევა არ დახარჯონ ახალი დასაყრდენის ძიებასა და სოციალური ბაზის გაფართოვებაზე. ამ გარემოში პარტიის ძირითადი ფუნქცია სტატიკურ სისტემაში უკვე არსებულ პოზიციებზე საკუთარი წევრების საქმიანობის კოორდინაციაა და არა საარჩევნო კამპანიის წარმოება.


Post a Comment