10.15.2013

კატალიზატორის გარეშე

დღევანდელი ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ჩვენს პოლიტიკურ ძალებს არაფერი აბრკოლებთ გუშინდელ მოწინააღმდეგესთან გაერთიანდნენ, რომელსაც ზეგ ისევ დაუპირისპირდებიან. ამის მიზეზი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ცალკეული პოლიტიკოსების ისეთი პიროვნულ ნაკლოვანებები, როგორიცაა ახლომხედველობა ან უპრინციპობა.
იმისათვის, რომ პარტიებს სტაბილური სტრუქტურა, მიზნები და იდენტობა ჩამოუყალიბდეს, აუცილებელია საზოგადოებში პოლარიზაციამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწიოს. საჭიროა, გაჩნდეს ფუნდამენტური გამოწვევა, რომელიც სხვებს გადაფარავს და ძალაუნებურად, ყველას მკაფიო პოზიციის გამომუშავებას აიძულებს.
ეს შეიძლება იყოს ახალი ძალა, რომელიც არა ცალკეულ ჯგუფებს, არამედ მთლიანად სისტემას უპირისპირდება. ასეთ დროს ჩნდება ყველაფრის დაკარგვის რისკი. იგივე ფუნქცია შეიძლება მოდერნიზაციის კვალდაკვალ სახელმწიფოს როლის გაფართოებამ შეასრულოს - ეს კი გამარჯვების შემთხვევაში ალაფს ერთიორად ზრდის.
მოდერნიზებად საზოგადოებაში პარტიის ფუნქცია როგორც არსებული სოციალური ძალების სტატიკური ასახვა, ისე სისტემის გარედან ახალი ძალების მობილიზაციაა. არჩევნები ამ მობილიზაციისათვის ინსტიტუციურ ჩარჩოს ქმნის და მის კალაპოტს განსაზღვრავს. პოლარიზაციას კი ეს მექანიზმი მოქმედებაში მოყავს.
პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ასეთი მკვეთრი და ყოვლისმომცველი პოლარიზაცია ნაკლებად სავარაუდოა. სოციალური დაძაბულობა და აქედან გამომდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ რევოლუცია - ანუ, სოციალური მონაწილეობის მყისიერი და რადიკალური გაფართოება, რომელიც არსებული ინსტიტუციურ კალაპოტში ვერ ეტევა და ძალადობრივ გარღვევას იწვევს - მოსალოდნელი არაა.


Post a Comment