10.15.2013

ტეფლონის ეფექტიდან პრერიის ხანძრამდე

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე საზოგადოებრივი მოთხოვნილების დონეს უკავშირდება, დაბალ-ინფორმირებული ამომრჩეველის ფენომენია. ისევ მენკენი რომ დავიმოწმოთ, დემოკრატია ინდივიდუალური უმეცრებიდან მომდინარე კოლექტიური სიბრძნის ფუჭ რწმენას ეფუძნება.
როცა ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავებისათვის საჭირო ხარჯები ამ ინფორმაციით მისაღებ სარგებელს აღემატება, ადგილი აქვს რაციონალურ უმეცრებას. მიწოდების დაბალი ხარისხი ნაწილობრივ განაპირობებს იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში რიგითი მოქალაქე სათავისო ხეირს ვერ ხედავს, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო როლს თავად მოთხოვნების თავისებურებები ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლიდერების მიერ დაშვებული შეცდომების სიხშირე თუ სიმძიმე, როგორც წესი, პოლიტიკურ პროცესზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს. წინდაუხედავი მოქმედებისა თუ მცდარი გათვლებისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში მათ პოლიტიკური ფასის გადახდა ძალიან იშვიათად უწევთ.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს შეცდომები დიდი ხნის მანძილზე დაბალინფორმირებული ამომრჩევლის რადარებს მიღმა რჩება. შედეგად, ელექტორალური დაუსჯელობით გათამამებულ ტეფლონის პოლიტიკოსებს ვიღებთ, რომელთა რეპუტაცია ხანგრძლივი კრიტიკის მიუხედავად არ ზარალდება.
ხშირად ადამიანები ხალხის კოლექტიურ სიბრძნეს უფრო ენდობიან, ვიდრე მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას. ეს უკანასკნელი შესაძლოა სულ სხვა არჩევანს გკარნახობდეს, მაგრამ საკუთარ კომპეტენციაში დაეჭვების ან საკითხისადმი ინტერესის ნაკლებობის გამო, სხვების ავტორიტეტმა,  Groupthink-მა თუ სოციალურმა პრესმა გადასწონოს.
ამ დროს საქმე ინფორმაციულ კასკადთან გვაქვს. ასეთი რამ პოლიტიკაშიც ხშირად ხდება ხოლმე, განსაკუთრებით დაბალინფორმირებული ამომრჩევლების პირობებში. ეს კასკადი შეიძლება არასაკმარის ან მცდარ ინფორმაციას ემყარებოდეს. ამიტომ, ის ძალიან მყიფეა და როგორ უსაფუძვლოდაც დაიწყო, ისევე მოულოდნელად შეიძლება დასრულდეს. ამით აიხსნება ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მეტეორული აღზევება და შემდეგ მისი პოპულარობის საპნის ბუშტივით გახეთქვა.
სოციალური მიმიკრია ამომრჩეველს ზოგჯერ საჯაროდ გაცხადებულ პრეფერენციათა ფალსიფიკაციისაკენ უბიძგებს. გარკვეული დროის მანძილზე ფრუსტრირებული საზოგადოების ჭეშმარიტი განწყობები შეიძლება შენიღბული იყოს. 1789 წლის საფრანგეთის, 1917-ის რუსეთის და 1979-ის ირანის მოვლენების მაგალითზე ამ ფენომენის კვლევამ თიმურ კურანს, ბერლინის კედლის რღვევამდე რამდენიმე თვით ადრე, ანაზდეული რევოლუციებისა და საზოგადოებრივი განწყობების რადიკალური ცვლილებების თეორიის შექმნისკენ უბიძგა.
ეს თეორია კარგად ხსნის, თუ როგორ აალდება ხოლმე ყველასათვის მოულოდნელად, პატარა ნაპერწკლიდან პრერიის ხანძარი. ინფორმაციული კასკადი, რომელიც თავიდან დომინანტი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს, ადრე თუ გვიან მის წინაღმდეგ იწყებს მოქმედებას. Bandwagoning-ის ეფექტი პოლიტიკურ მოდას აყოლილ დაბალ-ინფორმირებულ ამომრჩეველს ახალი უმრავლესობისაკენ უბიძგებს.
შედეგად, პოლიტიკური ცვლილებები, როგორც წესი, არა ინფორმირებული საზოგადოებრივი დისკუსიის შედეგად გაკეთებული გაცნობიერებული არჩევანის შედეგი, არამედ სტიქიური კატაკლიზმის პროდუქტია. იცვლებიან პერსონალიები და არა პოლიტიკა. ნაწილობრივ ამის გამო, ყოველი ახალი ხელისუფლება წინამორბედის შეცდომების გამეორებისკენაა მიდრეკილი.


Post a Comment