10.15.2013

დაკარგული უკუკავშირი

ახალი მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლის ბარიერებიდან განსაკუთრებით მძიმე საარჩევნო ოლქის სიდიდე აღმოჩნდა. სოციალური კაპიტალის დეფიციტის, დემოკრატიული ტრადიციების არქონის, სამოქალაქო აპათიისა და ნიჰილიზმის პირობებში მცირე პარტიებისათვის რთულია საკმარისი რესურსების მობილიზება საერთო-ნაციონალურ პროპორციულ ოლქში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.
რაც უფრო დიდია მანდატების რაოდენობა და ოლქის საზღვრები, მით უფრო სუსტია კავშირი ამომრჩეველსა და მის რჩეულს შორის. ელექტორატი წარმომადგენლის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს და შესაბამისად, ვერც პასუხს მოთხოვს. ამასთანავე, გაზრდილ ოლქებში კამპანიას მეტი რესურსი ჭირდება, როგორც ცალკეული კანდიდატის, ისე პარტიის. განსაკუთრებით ართულებს ვითარებას მთელი ქვეყნის ერთ საარჩევნო ოლქში მოქცევა. ერთი შესაძლო გამოსავალი ბარიერის შემცირებაა, მაგრამ ეს პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაციას კიდევ უფრო გაზრდის.
ერთმანდატიან ოლქებში დეპუტატებსა და ამომრჩეველს შორის უკუკავშირი და ანგარიშვალდებულება თეორიულად უფრო ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება. ერთ-ერთი პრობლემა ამ შემთხვევაშიც ოლქების სიდიდეა, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ დამოუკიდებელ და ახალი პარტიების კანდიდატებზე მოქმედებს.
საქართველოში ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა ერთ ოლქზე დაახლოებით 43 ათასია. ერთმანდატიანი ოლქების 25%-ში ამომრჩეველთა რიცხოვნება ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ძირითადად ეს ოლქები ქალაქებში, აგრეთვე ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში გვხვდება.
პრობლემას ართულებს კიდევ ერთი გარემოება - დღეს საარჩევნო ოლქების საზღვრები ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფას ემთხვევა. ოლქების გათანაბრება ამ პრინციპზე უარის თქმის გარეშე არ გამოვა. ეს კი ახალი გამოწვევის წინაშე გვაყენებს:  - როგორ ავიცილოთ თავიდან ჯერიმაინდერინგის ანუ საარჩევნო ოლქების საზღვრების ისეთი მანიპულაციის საფრთხე, როდესაც ერთი პარტიის ამომრჩეველთა რაოდენობა ყოველთვის უფრო მეტია.


Post a Comment