10.15.2013

ტელევიზიის მსხვერპლი

რობერტ პატნემი სოციალური კაპიტალის ეროზიას ტელევიზიის გავრცელებას უკავშირებს. ტელევიზია, ამ მხრივ, უნიკალური მედიუმია. მაგალითად, მელომანები რაც უფრო მეტს უსმენენ კლასიკურ მუსიკას, მით უფრო  სოციალურად აქტიური მოქალაქეები არიან. მაყურებელი მათგან რადიკალურად განსხვავდება: რაც უფრო მეტს უყურებს, მით უფრო ნაკლებადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ანალოგიური კონტრასტია ჟურნალ-გაზეთების შემთხვევაშიც. სუფთა მკითხველები - ანუ ისინი, ვინც საშუალოზე მეტს კითხულობს და ტელევიზორს საშუალოზე ნაკლებს უყურებს - სუფთა მაყურებლებთან შედარებით 76%-ით უფრო მეტ სამოქალაქო გაერთიანებაში წევრიანდებიან და ადამიანებს 55%-ით უფრო მეტად ენდობიან.
ტელევიზიას სხვა ნაკლოვანებებიც ახასიათებს. აუდიოვიზუალური ინფორმაცია უკეთ აღიქმება, მაგრამ ბეჭდვითი მოვლენებს უკეთ ხსნის და უფრო ფართო კონტექსტში წარმოაჩენს. ამ შესაძლებლობას ტელევიზია ხშირად მოკლებულია, ვინაიდან მაყურებლის მისაზიდად ამბავი მოკლე დროში, ვიზუალურად მიმზიდველი ფორმით და დრამატიზმით უნდა იყოს გადმოცემული.
ტელევიზია უბრალოდ ვერ გუობს ვერაფერს, რაც მოკლე საუნდ-ბაიტში არ ეტევა, მითუმეტეს სიღრმისეული ანალიზს. ეს მედიუმი აუდიტორიას ძალაუნებურად უბიძგებს, ემოციებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილებები, მაშინ როცა ბეჭდვითი მედია მეტწილად რაციონალურ გააზრებას მოითხოვს. ეს ყოველივე უარყოფით გავლენას ახდენს მოქალაქეთა შესაძლებლობაზე, განახორციელონ ინფორმირებული თვითმმართველობა და უზრუნველყონ პოლიტიკოსთა საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება.
ტელევიზიას თითქმის ყველა ჩვენი მოქალაქე უყურებს, მაგრამ წიგნების და ჟურნალ-გაზეთების კითხვის კულტურის თვალსაზრისით საქართველო მესამე სამყაროს ქვეყნებს მიეკუთვნება. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი ქართული პრესა მკითხველთა განათლების ნაცვლად მათ დაბნელებას იწვევს. თუმცა, მეორე მხრივ, ბეჭდვითი მედიის ბაზრის გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს ახალი ჟურნალ-გაზეთების გაჩენას. შესაბამისად, გაიზრდება კონკურენცია და ხარისხიც.


Post a Comment