10.15.2013

კაპრიზებსა და რევიზიონიზმს შორის

რაც უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ საკუთრების უფლებები სახელმწიფოს, ან მესამე პირების სასარგებლოდ გადაიხედოს, მით უფრო ნაკლებია ინვესტიციისგან მოსალოდნელი მოგება და შესაბამისად, თავად ინვესტირების სტიმულიც. ამრიგად, ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კერძო საკუთრების დამცავი კანონები, არამედ პროგნოზირებადი თამაშის წესები.
საარჩევნო სისტემა, რომელიც გარკვეული პერიოდულობით ერთი დომინანტური პარტიის მეორით ჩანაცვლებას განაპირობებს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დომინანტი პარტიის კაპრიზები, მეორე მხრივ, ყოველი ახალი ხელისუფლების მიერ წინას პოლიტიკისა და კანონების რევიზია, ინვესტორთა ნდობას ძირს უთხრის.
სამართლებრივი გარემოს სტაბილურობა სახელმწიფოს რეპუტაციას უკავშირდება. ერთი რომელიმე მესაკუთრის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელმწიფოს არაკეთილსაიმედო მოთამაშის სახელს მოუტანს და პოტენციურ ინვესტორებს დააფრთხობს. ამიტომ, პირის გატეხვა მის გრძელვადიან ინტერესში არ უნდა შედიოდეს.
თუმცა, ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ ლოგიკის პარალელურად კიდევ ერთი ლოგიკა მოქმედებს. ერთი მხრივ, სახელმწიფო მზად უნდა იყოს ომისა და სხვა ეგზისტენციური გამოწვევებისათვის. მეორე მხრივ, ლიდერები საარჩევნო კონკურენციაში არიან ჩაბმულები, სადაც მათი პოლიტიკური ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.
თანამედროვე ქართული სინამდვილისთვის ერთიც აქტუალურია და მეორეც. მომავლის დისკონტირება  და დღეს მისაღები ერთჯერადი სარგებელის სანაცვლოდ ხვალინდელ პერსპექტივებზე უარის თქმა აბსოლუტურად რაციონალური სტრატეგიაა, როცა საქმე გადარჩენას ეხება.


Post a Comment