10.15.2013

სისტემური ჩარჩო

ქართული პოლიტიკური სისტემის ნაკლოვანებები შეიძლება ახლებურად დავინახოთ, თუ პარტიას რაციონალური არჩევანის პარადიგმაში განვიხილავთ. გამოჩნდება, რომ, ერთი მხრივ, ამ სიკეთეზე მოთხოვნა უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო მეორე მხრივ, მიწოდებაც უამრავ ბარიერს აწყდება.
შეზღუდული კონკურენციის პირობებში მომხმარებლის ინტერესების იგნორირება დაუსჯელი რჩება. საჭიროა სტრუქტურული ხასიათის რეფორმები, რომლებიც პოლიტიკური ბაზრის ლიბერალიზაციას, ასევე მიწოდების მხარეზე კონკურენციისა და შესაბამისად, ხარისხის ზრდასაც შეუწყობს ხელს. პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე ისედაც დაბალი საზოგადოებრივი მოთხოვნის უკეთ დაკმაყოფილება შეიძლება ბაზრის გაფართოების სტიმული გახდეს - ხარისხით უკმაყოფილო პოტენციურ მომხმარებლებს შესაძლოა, ბაზარზე შესვლის ინტერესი გაუჩნდეთ.
გარკვეულ შემთხვევებში, საარჩევნო სისტემა შეიძლება აღმოჩნდეს საკვანძო ფაქტორი იმის განსაზღვრისას, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში. ასეთი პირდაპირი ეფექტის გარდა, საარჩევნო სისტემა ბევრ სხვა რამესაც განაპირობებს. მან შეიძლება წაახალისოს ან შეაფერხოს პარტიების ფორმირება, აგრეთვე გავლენა იქონიოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების რაოდენობაზე, პარტიის შიგნით ძალაუფლების განაწილებაზე, საარჩევნო კამპანიის  სახეობებზე, პარტიების თუ ცალკეული პოლიტიკოსების ურთიერთობაზე ამომრჩეველთან ან ერთმანეთთან როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ და ზოგადად განხორციელებული პოლიტიკის შინაარსზე.
ზოგიერთი სისტემის ფარგლებში პოლიტიკური ძალებისათვის მომგებიანი იქნება საკუთარი საარჩევნო ბაზის გარეთ ამომრჩევლებზე მუშაობა და მათში თუნდაც ნაწილობრივი მხარდაჭერის ძიება უფრო ინკლუზიური პოლიტიკის შეთავაზებით თუ საკომუნიკაციო სტრატეგიით. სხვა სისტემა შეიძლება საპირისპირო სტიმულებს შეიცავდეს - იდენტობის პოლიტიკას, ექსკლუზიურობასა და ურთიერთდაპირისპირებას მეტი მანდატი მოჰქონდეს.
საარჩევნო სისტემამ შეიძლება ისეთი გარემოს შექმნა განაპირობოს, სადაც ბუნებრივი შერჩევის მექანიზმი წაახალისებს ფასეულობებსა და იდეოლოგიაზე დაფუძნებულ, კონკრეტული პოლიტიკური პროგრამის, აგრეთვე ფართო პროფილისა და საარჩევნო ბაზის მქონე პარტიებს. სხვა სახის საარჩევნო სისტემამ კი შეიძლება ვიწრო კლანური, რეგიონული, რელიგიური თუ ეთნიკური ინტერესების გამომხატველ პოლიტიკურ ჯგუფებს მეტი გასაქანის მისცეს.
სისტემისგან მომდინარე იმპულსებმა შესაძლოა ამომრჩეველისთვის რაციონალური გახადოს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებში იყოს კარჩაკეტილი თუ ღია, სექტანტური თუ ეკუმენური, ტრაიბალისტური თუ კოსმოპოლიტური, ორთოდოქსული თუ მოქნილი. სწორედ ამიტომ, გარკვეულწილად საარჩევნო სისტემაზეცაა დამოკიდებული თუ რა იქნება პოლიტიკის წამყვანი მოდალობა - პრაგმატიზმი და ზომიერება თუ ექსტრემიზმი და რადიკალიზმი; როგორი იქნება საზოგადოების შიგნით ეთნიკური, რელიგიური თუ კლასობრივი დაძაბულობისა თუ შემწყნარებლობის ხარისხი.
ერთი სიტყვით, სათაურში გამოტანილი ჰენრი ლუის მენკენის მეტაფორას თუ გავაგრძელებთ, საარჩევნო სისტემა სწორედ ის გალიაა, რომელიც, კონსტიტუციასთან ერთად, ჩვენს პოლიტიკურ ცირკში სტიმულების ბაზისურ სტრუქტურას აყალიბებს და ამ ცირკის წარმმართველ მაიმუნებს სამოქმედო ჩარჩოებს უწესებს.


Post a Comment