10.15.2013

ცეზარისტული დემოკრატურა

საქართველოს პოლიტიკურ სისტემას ბევრი ისეთი ნიშანი ახასიათებს, რასაც მაქს ვებერი, იოზეფ შუმპეტერი და კარლ შმიდტი ცეზარისტულ, პლებისციტულ ან ლიდერულ დემოკრატიას უწოდებენ. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში სპორადული ხასიათისაა და ძირითადად უკვე მომხდარის რატიფიცირებით შემოიფარგლება. თავად ამომრჩეველი იშვიათადაა ცვლილების ინიციატორი ან მამოძრავებელი ძალა.
ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ტრანსფორმაცია პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარებაზე სწრაფად მიმდინარეობს, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ლიბერალიზმის დეფიციტი შეავსოს ავტორიტარიზმმა - უფრო ზუსტად, დემოკრატიისა და დიქტატურის ერთგვარმა ჰიბრიდმა, რომელსაც ზოგი დემოკრატურას უწოდებს.
საქართველოში ამომრჩეველსა და მის რჩეულს შორის უკუკავშირის ქმედითი მექანიზმი არ არსებობს. სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტის პირობებში ძალაუფლების ვაკუუმს იმპერიული პრეზიდენტობა ავსებს. როცა ყველა სხვა ინსტიტუტი თუ ცალკეული პოლიტიკური მოთამაშე არა საზოგადოებრივი ინტერესის გამტარებლად, არამედ პარტიკულარული ინტერესის ლობისტად გვევლინება, პრეზიდენტი პირდაპირი წარმომადგენლობის პრაქტიკულად ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად აღიქმება.
სახელმწიფოს მეთაურის განსაკუთრებული ავტორიტეტი არა იმდენად პიროვნულ მაგნეტიზმს (მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ეს პოსტი საკმაოდ ქარიზმატულ ლიდერებს ეკავათ), რამდენადაც საერთო სიკეთის სადარაჯოზე მდგომი სახალხო ტრიბუნის იმიჯსა და დანარჩენ, სახელგატეხილ, პოლიტიკურ ინსტიტუტებსა თუ მოთამაშეებთან კონტრასტს ეფუძნება. ამ ფაქტორების ფუნდამენტური ცვლილების გარეშე, კონსტიტუციის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკური სისტემა პრემიერის პრეზიდენციალიზაციისაკენ იქნება მიდრეკილი.
ვოლტერი ამბობდა რომ საუკეთესო მმართველობა დროდადრო მკვლელობებით შერბილებული კეთილმოსურნე ტირანიაა. ადრე თუ გვიან ქარიზმა ძალას კარგავს და მარტის იდები დგება. თუმცა, ყოველ რეგიციდს ახალი ლიდერის კორონაცია მოსდევს და არა რესპუბლიკური პრინციპების ტრიუმფი.


Post a Comment