10.15.2013

დახურული სიების მიღმა

მოქმედი სისტემის პროპორციული ელემენტის რეფორმირებაზე მსჯელობისას ყველაზე ხშირად შერეული პროპორციული სისტემა განიხილება. პრობლემა ისაა, რომ შერეულ პროპორციულ სისტემაში დღეს მოქმედი პარალელურის ხარვეზების მხოლოდ მცირე ნაწილს ასწორებს.
თუკი პარალელური სისტემის ფარგლებში ამა თუ იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობის განსაზღვრისას სიით არჩეულ დეპუტატებს ოლქებში არჩეულები ემატებიან, შერეულ სისტემაში მიმატების ნაცვლად გამოკლება მოხდება. აქედან გამომდინარე, საბოლოო მანდატების განაწილება უფრო პროპორციულია. შედეგად, მცირე პარტიები პოზიციებს იუმჯობესებენ, მაგრამ ცალკე აღებული პლურალიტული თუ სიითი არჩევნების ყველა სხვა ნაკლოვანება უცვლელი რჩება.
დახურული სიის მთელი რიგი ნაკლოვანებებისგან თავისუფალია ღია სიების სისტემა. ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში სწორედ ეს მოდელი გამოიყენება. ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა პარტიას, შესაძლებლობა აქვს თავისი პრეფერენციებით კორექტივი შეიტანოს კანდიდატთა მიმდევრობაში.
თუმცა, ამ შესაძლებლობას საკმაოდ ცოტა იყენებს, ხოლო ვინც იყენებს, მათი პრეფერენციები გაფანტულია. ამიტომ მიმდევრობის კორექტირებისათვის საკმარისი ხმების მოგროვება იშვიათად ხდება.
განსხვავებული წესები მოქმედებს ფინეთში, შვეიცარიასა და ლუქსემბურგში. მართალია, მათი სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ რამდენიმე საერთო მახასიათებელი გააჩნიათ. აქ კანდიდატთა მიმდევრობა წინასწარ განსაზღვრული არ არის. ამომრჩეველი ინდივიდუალურ კანდიდატებს აძლევს ხმას (და არა პირდაპირ პარტიას). შემდეგ კანდიდატთა პერსონალური ხმები ჯამდება მათი პარტიული კუთვნილების შესაბამისად. ასე გამოითვლება, თუ რა მხარდაჭერა მიიღო პარტიამ და რამდენი ადგილი ეკუთვნის მას პარლამენტში. მანდატები იმ კანდიდატებზე ნაწილდება, რომლებმაც პარტიაში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
პროპორციული წარმომადგენლობის პერსონალიზაციის კიდევ ერთი ვარიანტია ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემა. 1990 წელს სწორედ ამ სისტემით ჩატარდა საქართველოში  საკრებულოების არჩევნები. შერეული პროპორციულის მსგავსად, ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემა პლურალიტული და პროპორციული მოდელების შერწყმის მცდელობაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხდება არა მექანიკური გაერთიანება, არამედ თვისობრივი გარდაქმნა. 


Post a Comment