10.15.2013

მდორე მოდერნიზაციის პოლიტიკური ჰიდრავლიკა

ამ ტიპის რევოლუციას ძირითადად ისეთი მასშტაბური სოციალური ტრანსფორმაცია იწვევს, როგორიცაა საზოგადოების აგრარულიდან ურბანულად გარდაქმნა, ინდუსტრიალიზაცია, წერა-კითხვის გავრცელება ანუ ერთი სიტყვით - მოდერნიზაცია. სწორედ მოდერნიზაცია ქმნის იმ სოციალურ ეკოსისტემას, რომელშიც შეიძლება აღმოცენდნენ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქცია შეიძინონ და სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნონ ნამდვილმა პარტიებმა.
მოდერნიზაცია საქართველოში თითქმის ორი საუკუნეა მდორედ მიმდინარეობს, ხოლო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, საერთოდ სტაგნაციას განიცდის. ასეა თუ ისეა, ამ დიდი სოციალური ტრანსფორმაციის პროცესი შუამდეა მისული და უკვე დიდი ხანია გავლილი გვაქვს რისკის ზონა, როცა ისტორიულ ასპარეზზე გამოსული ახალი სოციალური ძალების მოზღვავებული ენერგია არქაული პოლიტიკური სისტემის გამო გასაქანს ვერ პოულობს და ძველი ინსტიტუტების ნგრევას იწყებს.
პოლიტიკური ჰიდრავლიკის კანონების შესაბამისად, რევოლუციური სიტუაციის შესაქმნელად პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა ერთგვარი კაშხლის ფუნქცია უნდა შეასრულონ: გადატიხრონ და დააგუბონ სოციალურ დინება, აწიონ ნაკადის დონე და გაზარდონ დაწნევის კონცენტრაცია - მოცემულ წერტილში სოციალური ნაკადის კუთრი ენერგია. ამ ენერგიამ კალაპოტი თუ ვერ იპოვა, ადრე თუ გვიან, კაშხალს გაარღვევს ანუ რევოლუცია მოხდება.
დღევანდელ საქართველოში არც ახალი სოციალური ძალები ჩანს, რომლებსაც თვითრეალიზაციის დაუკმაყოფილებელი მძლავრი მოთხოვნილება აქვთ. ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გვაქვს, რომლებსაც რაიმე სოციალური ძალისათვის თუნდაც ხანმოკლე წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ. ძველი საბჭოთა ინსტიტუტები დიდი ხანია დაინგრა, მათ ნაცვლად ახალი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
პოლარიზაციის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა რომ ახლო მომავალში ჩვენი პარტიების მასობრივ ორგანიზაციებად გარდაქმნა მოხდეს. გამორიცხული არაა, რომ დროთა განმავლობაში ისინი გაძლიერდნენ და დაიხვეწონ, მაგრამ ეს სწრაფად არ მოხდება.


Post a Comment