10.15.2013

ზემოდან ქვემოთ

ქართული პარტიების ასოციალური და ელიტური ხასიათის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ მათი მშენებლობა ზემოდან ქვემოთ მიმდინარეობს და არა - ბუნებრივი გზით, ქვემოდან ზემოთ. საზოგადოებრივ ფასეულობებთან, კულტურასთან და ტრადიციებთან ერთად ამ პრობლემის ფესვები საარჩევნო სისტემაში უნდა ვეძებოთ, რომელსაც 20 წელზე მეტი ხანი არსებითი ცვლილება არ განუცდია.
ყველა პოსტკომუნისტური საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პარალელური სისტემის საფუძველზე ჩატარდა. დეპუტატების ნაწილს ერთმანდატიან ოლქებში პლურალისტული სისტემით ვირჩევდით (ამ სისტემას არასწორად ეძახიან მაჟორიტულს. გამარჯვებისათვის საჭირო არ არის ხმების უმრავლესობა, საკმარისია უმეტესობა, თუ ის 30%-ზე მეტია), მეორე ნაწილს კი - პროპორციული სისტემის საფუძველზე საერთო-ნაციონალური დახურული პარტიული სიით. ყველა ამ არჩევნების შედეგად პარლამენტში მართველი პარტიის უპირობო დომინაციას ვღებულობდით.
ერთადერთი გამონაკლისი 1992 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, როცა პარლამენტის პროპორციული ნაწილის ასარჩევად ელექტორატს 1 საერთო-ნაციონალური სიის ნაცვლად 10 რეგიონულისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა. ამასთან, რეგიონებში მორჩენილი ხმები, რომლებიც სადეპუტატო მანდატის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა, საერთო პარტიულ ყულაბაში გროვდებოდა და მე-11, . . საკომპენსაციო, სიაზე ნაწილდებოდა.
ამას გარდა, ამომრჩეველს პარტიების რანჟირების უფლებაც ქონდა ერთდროულად 3 პრეფერენციის მეშვეობით. შემთხვევითი არ იყო, რომ ამ წესით არჩეული პარლამენტი ყველასგან განსხვავდებოდა - არათუ დომინანტი პარტია არ არსებობდა, არამედ 28 ფრაქციად იყო დაყოფილი.


Post a Comment