10.15.2013

სოციალური კაპიტალის დეფიციტი

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც პარტიებმა საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდეს, საზოგადოებრივი განწყობებიცაა. ზოგისათვის ისინი ქაოსის წყაროა. სხვები პირიქით, განსაკუთრებით საბჭოთა გამოცდილებიდან გამომდინარე, პარტიას თავისუფლებისთვის საფრთხედ აღიქვამენ. პარტიებისადმი უნდობლობას და მათ მიუღებლობას სხვა მრავალი მიზეზიც აქვს.
დროთა განმავლობაში განწყობები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში პარტიების შექმნას ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები უშლის ხელს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი სოციალური კაპიტალის ნაკლებობაა. ერთი მხრივ, ნათესაობისა და პირადი ნაცნობობის ქსელების, ძლიერ კავშირებზე დაფუძნებული მცირე ჯგუფების . . შემკვრელი სოციალური კაპიტალის სიჭარბე გვაქვს. მეორე მხრივ, სუსტი კავშირების საფუძველზე მოქმედი ანონიმური სოციალური გაერთიანებებისთვის აუცილებელი . . შემაერთებელი სოციალური კაპიტალის მწვავე დეფიციტს განვიცდით. იმას, რომ ჩვენი პარტიების კლანურობას ნაწილობრივ ეს გარემოებაც განაპირობებს.
ტოტალიტარული გათანაბრების 70 წლიანი დაღი ჩვენი საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას დღემდე ემჩნევა. განსხვავებული სოციალური ფენების არარსებობის პირობებში ბუნებრივია, რომ განსხვავებული ინტერსების რეპრეზენტაციისა და მათ შორის კონფლიქტების მოდერაციის მექანიზმებზე, პირველ რიგში, პარტიებზე, დიდი მოთხოვნილება არ არის. ინტერესები ან იმდენად ფართოა, რომ პრაქტიკულად ყველას აერთიანებს ან იმდენად ვიწრო და ცვალებადი, რომ რომელიმე პარტიის სტაბილურ სოციალურ საფუძვლად ვერ გამოდგება.
ამასთანავე, ახალი ტექნოლოგიების პირობებში პარტიებმა საზოგადოებრივი ინტერესების გამოხატვასა და ადვოკატირებაზე მონოპოლია დაკარგეს. გარკვეული დროის შემდეგ საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ საკუთარი ინტერესების უკეთ გააცნობიერების, სოციალური კაპიტალის ზრდის და აქტიური მოქალაქეობის კულტურა ფართოდ გავრცელების შემთხვევაში პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე მოთხოვნილება მოიმატებს. თუმცა, ამ ახალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში პარტიებს სამოქალაქო ორგანიზაციების სახით სერიოზული ალტერნატივა ეყოლებათ.


Post a Comment