10.15.2013

ზომიერების მექანიკა

ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა პლურალიტული სისტემისათვის დამახასიათებელ ორპარტიულობასთან შედარებით. ეს უკანასკნელი მედიანურ ამომრჩეველზეა ორიენტირებული, რადგან კონკურენტი პარტიის მიერ გადაბირებას ძირითადად ელექტორატის ეს ნაწილი ექვემდებარება. ამიტომ, სწორედ მისი ხმა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. ამ ვითარებაში ბუნებრივია, რომ მედიანურ ამომრჩეველის ხმისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. ეს პარტიებს ცენტრისტული პოზიციებისაკენ უბიძგებს.
პერსონიფიცირებული ხმის მიცემა ამომრჩეველს საშუალებას აძლევს, თითოეული პოლიტიკოსი ინდივიდუალურად შეაფასოს და თუ საჭიროა პასუხი აგებინოს. დეპუტატები წარმოადგენენ არა აბსტრაქტულ იდეოლოგიას ან განყენებულ პარტიას, არამედ კონკრეტულ თემს და გეოგრაფულ არეალს. განვითარებადი ქვეყნისა და აგრარული საზოგადოებისათვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პლურალიტული სისტემისთვის დამახასიათებელი ორპარტიულობა ამომრჩეველს ნათელი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. პრაქტიკულად ყოველთვის ცხადია, ვინ არის ხელისუფლებაში და ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. ამ მედლის მეორე მხარეა ძლიერი ოპოზიცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საკმარისად არის წარმოდგენილი, რათა მთავრობის დაბალანსება შეძლოს და ამომრჩეველს რეალისტურ ალტერნატივად წარუდგეს.
ერთი შეხედვით, ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები მხოლოდ 30%-იანი მხარდაჭერის პირობებში მოიგო, თუ ამომრჩევლების ხმები რამდენიმე კანდიდატზე გადანაწილდება. თუმცა რეალურად, ხმების დაქსაქსვა არ ხდება. გამარჯვებულ კანდიდატს, ცალკეული გამონაკლისების გარდა, თითქმის ყოველთვის ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს.
ეს უბრალო შემთხვევითობით კი არ არის გამოწვეული, არამედ თავისი შინაგანი ლოგიკა აქვს. ამომრჩეველი არჩევანს სტრატეგიულად აკეთებს იმისთვის, რომ ხმა არ დაეკარგოს. ვინაიდან მეორე ტური არ არის გათვალისწინებული ის მხარს უჭერს არა იმ კანდიდატს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს, არამედ იმას, რომელიც შეიძლება კომპრომისულია, მაგრამ გამარჯვების მეტი შანსი აქვს. შესაბამისად, არჩეულთა უმრავლესობა ცენტრისტი და ზომიერია.
სტრატეგიულ ხმის მიცემას ემატება ბონუს-მანდატებიც. გამარჯვებული პარტიის ხვედრითი წილი პარლამეტში, როგორც წესი,  უფრო მეტია, ვიდრე ამომრჩევლის მიერ მისთვის მიცემული ხმები. სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ 10-დან 9 შემთხვევაში არჩევნები ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობით მთავრდება, საიდანაც 2/3-ზე მეტი ხელოვნური უმრავლესობაა (მაგ., ბრიტანეთში თითქმის ყოველთვის ასეა).


Post a Comment