10.15.2013

დომინანტი პარადიგმა

ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ტურბულენტობის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ქართული პარტიები ჯერჯერობით არა მასობრივი, არამედ პერსონისტული პოლიტიკური ორგანიზაციებია. ზოგიერთი მათგანი ისტებლიშმენტის შიგნით მოქმედი ელიტური ჯგუფია, რომელიც კვაზი-პარტიის მეშვეობით შიდა-სისტემურ ომში მოკავშირეთა მობილიზებას ცდილობს. სხვები - შეთქმულთა დასი, რომელმაც ხელისუფლების სათავეში ლიდერის კატაპულტირება უნდა უზრუნველყოს, ხოლო ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, საჯარო სამსახურის სიკეთეები პარტიის წევრებს ნადავლის სახით გაუნაწილოს.
დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე ქართული პოლიტიკა ზოგჯერ რადიკალურად იცვლებოდა, მაგრამ დომინანტი პარტიის სისტემა უცვლელი დარჩა. ამას მხოლოდ საბჭოთა მემკვიდრეობას ვერ მივაწერთ, ვინაიდან 1918-21 წლებშიც იგივე მდგომარეობა იყო - მრგვალი მაგიდის, მოქალაქეთა კავშირის თუ ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, ზეობის წლებში არც სოციალ-დემოკრატებს ყავდათ რეალური საარჩევნო კონკურენტი, ხოლო ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ყოფილი დომინანტი პარტიები ძალიან მალე გაქრნენ.
ოპოზიციის ძლიერება ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ თავად საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ქმედუნარიანი ოპოზიციის საპარლამენტო წარმომადგენლობას, რომელიც მთავრობის პოლიტიკისა და კანონების გაკრიტიკებას შეძლებს, საზოგადოებას რეალისტურ ალტერნატივას შესთავაზებს და უმცირესობის ინტერესებს დაიცავს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა დომინანტი პარტიებისადმი ჩვენი მიდრეკილების გამო აქვს.
2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები ერთდროულად ამ წესის დადასტურება და გარკვეული გამონაკლისია. ერთი მხრივ, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არჩეული წევრების 20%-მა დატოვა. კიდევ უფრო დიდია ამ პარტიის დანაკარგები მუნიციპალურ საკრებულოებში.
ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი დომინანტი პარტია სრულად არ გამქრალა. აქამდე პარლამენტში მმართველ ძალებს თითქმის ყოველთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა ქონდათ. დღევანდელი პარლამენტი ამ ტრადიციასაც არღვევს.  

Post a Comment