10.15.2013

მოდერნიზაცია გლობალიზაციის ეპოქაში

ტექნოლოგიური პროგრესი და გლობალიზაცია პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. საგრძნობლად გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, მკვეთრად იკლო შობადობამ. უფრო და უფრო მეტ მოხუცებულზე სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა მოდის. სახელმწიფო ხარჯები მატულობს, შემოსავლები - კლებულობს. არსად ისე მწვავედ არ დგას ეს პრობლემა, როგორც დემოკრატიის აკვნად წოდებულ საბერძნეთში.
იმის გათვალისწინებით, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საგადასახადო ტვირთის ზრდა თითქმის ორჯერ აღემატებოდა ეკონომიკის ზრდას, ცხადი ხდება, რომ საბერძნეთიზაციის საფრთხისაგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები. თუმცა, საქართველოს ევროპული ქვეყნებისგან ერთი მნიშვნელოვანი გარემოება განასხვავებს: ამ სახელმწიფოებისაგან განსხვავებით ჩვენი მოდერნიზაცია გლობალიზაციის ეპოქაში ხდება.
ამასთანავე, საგულისხმოა კიდევ ერთი გარემოება - ევროპული ქვეყნები ჯერ გამდიდრდნენ და შემდეგ დაიწყეს დოვლათის გადანაწილება. როცა ისინი განვითარების იმავე საფეხურზე იყვნენ, რომელზეც დღეს ჩვენ ვართ, მათ სოციალური სახელმწიფოს მოდელი არ ქონდათ.
დღეს საქართველოს მთელ მსოფლიოსთან უხდება კონკურენცია. ამ პირობებში ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა შეიძლება მცირე და ეფექტური სახელმწიფო სექტორი იყოს, რომელიც გადასახადების, რეგულაციების, ინფლაციის, საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის სახით მძიმე ტვირთად არ აწვება ბიზნესს.
გარკვეული სახის საარჩევნო სისტემებმა ეს ამოცანა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაართულონ. ქვეყნებს, რომლებმაც ორი, სამი ან თუნდაც ერთი საუკუნის წინ განიცადეს მოდერნიზაცია,  მაშინ ქონდათ იმის ფუფუნება, რომ ამაზე არ ეფიქრათ. დღეს ისინიც იძულებულნი არიან, კერძო სექტორისათვის ტვირთის შემსუბუქებაზე იზრუნონ.
მაშინ როცა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ისეთი არქეტიპული სოციალისტური ქვეყანა, როგორიც შვედეთია, მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ხარჯების მოცულობას თითქმის 20 %-ით ამცირებს, საქართველოს მსგავს ქვეყანას განვითარებისთვის აუცილებელი უცხოური კაპიტალის მოზიდვის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ სახელმწიფოს როლს ეკონომიკაში კიდევ უფრო შეამცირებს.


Post a Comment