10.15.2013

პოლიტიკური გეტოს ვირაჟები

პლურალიტული სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლი ისაა, რომ დამარცხებული კანდიდატებისათვის მიცემული ხმები იკარგება. პასიური ამომრჩევლის, სუსტი პარტიების და დიდი ოლქების პირობებში, ახალ, ლოკალურ პოლიტიკურ ძალებს ძალიან გაუჭირდებათ ისტებლიშმენტის კანდიდატებზე მეტი მხარდაჭერის მიღება. ქვეყნის მასშტაბით კი მცირე პარტიები თამაშგარედ რჩებიან.
შესაბამისი საარჩევნო ტალღის წარმოქმნამდე ისინი პერმანენტული მარგინალიზაციისათვის იქნებიან განწირულნი. პოლიტიკურ გეტოში სოციალიზაცია არ ხდება, ამიტომ თუ ოდესმე ეს ძალები არჩევნებს მოიგებენ, პარლამენტში ველური იდეებით მოვლენ, დიდი დრო დაჭირდებათ საქმის არსში გასარკვევად და ქვეყნის მართვისათვის აუცილებელი გამოცდილების დასაგროვებლად. მანამდე კი საზოგადოებამ პოლიტიკის მემკვიდრეობითობა უნდა დაივიწყოს და მკვეთრი ვირაჟებისათვის მოემზადოს.
გეოგრაფიული წარმომადგენლობის საფუძველზე განსხვავებული ინტერესების უკეთ ასახვის შესაძლებლობას მრავალმანდატიანი ოლქი ქმნის. გარკვეულ შემთხვევებში მან შეიძლება ისტებლიშმენტის გარეთ მყოფი კანდიდატების არჩევის შანსები გაზარდოს. თუმცა, პლურალიტული სისტემების უმეტესობას მრავალმანდატიან ოლქებში საპირისპირო ეფექტი აქვს. ამის მაგალითი 2006 წლის თბილისის საკრებულოს არჩევნებია.
მრავალმანდატიანობა უკეთეს შედეგებს იძლევა პროპორციულ სისტემის პირობებში. თუმცა, ქვეყნის მასშტაბით შეიძლება პლურალისტულ სისტემებზე უფრო დისპროპორციული შედეგები მივიღოთ, თუ მანდატების რაოდენობა ძალიან მცირეა.
ზოგადად, ოპტიმალურად ითვლება მანდატების კენტი რაოდენობა, არანაკლებ 3 და არა უმეტეს 7. თუმცა, გარკვეული საარჩევნო ფორმულების საფუძველზე (მაგალითად, მოდიფიცირებული ონტი ან იმპერიალი) 6-ზე ნაკლები მანდატიც ქვეყნის მასშტაბით ასევე დისპროპორციულ სურათს ქმნის.


Post a Comment