10.15.2013

პოლიტიკური ბალკანიზაცია

ამის საპირისპიროდ, პროპორციული სისტემის ფარგლებში უფრო მეტია ქალებისა და უმცირესობების არჩევის ალბათობა. მეორე მხრივ, იგივე შესაძლებლობით ექსტრემისტები და ქსენოფობებიც სარგებლობენ. თითოეულ თემს პარლამენტში წარმომადგენლობა გარანტირებული აქვს და არჩევნებში გასამარჯვებლად კომპრომისული პლატფორმისა და კანდიდატების ყოლა აუცილებელი სულაც არ არის.
მრავალპარტიულობის პირობებში მცირე პარტია სოციალურ ჯგუფებზეა დამოკიდებული, რაც მის მობილურობას და მოქმედების თავისუფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს და გარკვეულწილად საკუთარი ამომრჩევლის მძევლად აქცევს. დომინანტი პარტია ერთ რომელიმე საზოგადოებრივ ფენაზე მიბმული არაა. უფრო პირიქით, საკუთარ პრიორიტეტებს ხანდახან იქით ახვევს თავზე ამომრჩეველს. პლურალიტული საარჩევნო სისტემა და ორპარტიულობა ამ ორ უკიდურესობის შუაშია.
პროპორციული სისტემა პარტიებს სულ სხვა სტიმულს აძლევს. ამ დროს ერთპარტიული უმრავლესობის შანსი დაახლოებით 4-დან 1-. შესაბამისად, პარტიის ხელისუფლებაში მოხვედრა ხშირად სხვა პარტიებთან კოალიციურ გარიგებაზეა დამოკიდებული და არა არჩევნებზე ხმების მაქსიმალური რაოდენობის მიღებაზე. ყველაზე რადიკალური ან მარგინალური პარტია შეიძლება შეუცვლელი კოალიციური პარტნიორი აღმოჩნდეს.
მედლის მეორე მხარეა პოლიტიკური ბალკანიზაციის საფრთხე: კლანური ან ეთნიკური, რელიგიური ან რეგიონული ნიშნით შექმნილი მცირე პარტიების მომრავლება. საპარლამენტო პარტიათა ეფექტური რიცხვი პროპორციულ სისტემაში საშუალოდ დაახლოებით 3.5 (სხვა და სხვა ფორმულის პირობებში შეიძლება იყოს ცოტა მეტი, ან ნაკლები),  პლურალიტულში - 2, ხოლო სხვა პლურალიტულ-მაჟორიტულში - 2.8.
პარტიათა ეფექტურ რიცხვად მეცნიერები თანაბარი ზომის ჰიპოთეტურ პარტიათა ისეთ რაოდენობას მიიჩნევენ, რომელსაც პოლიტიკური სისტემის ფრაგმენტაციაზე იმდაგვარივე გავლენა ექნებოდა, როგორიც არათანაბარი ზომის რეალურ პარტიებს აქვთ. აქედან გამომდინარე, პარტიათა ეფექტური რიცხვი შეიძლება იყოს 2, მაგრამ რეალურად არსებობდეს 1 დომინანტი და რამდენიმე მცირე პარტია, ან იყოს ბევრი წვრილი პარტია და პარტიათა ეფექტურ რიცხვი გამოვიდეს 3.


Post a Comment