10.15.2013

თამაშგარე ამომრჩეველი

პროპორციული სისტემა მცირე პარტიებს არაპროპორციული გავლენის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. სამთავრობო კრიზისი პროვოცირების მუქარით მათ შეიძლება აიძულონ კოალიციური პარტნიორები, საზოგადოებისთვის მიუღებელ პოლიტიკას დაუჭირონ მხარი ან პირიქით, პოპულარული ინიციატივები დაბლოკონ. პლურალიტულ სისტემაში პირველ ადგილზე გასულ პარტიას დამოუკიდებლად შეუძლია ქვეყნის მართვა და სწორედ იმ პოლიტიკის გატარების შესაძლებლობაც აქვს, რისთვისაც ხმას მისცეს.
დემოკრატიული ანგარიშვალდებულება პირველ რიგში გულისხმობს ამომრჩეველის შესაძლებლობას, აირჩიოს ან გადაირჩიოს თავისი წარმომადგენლები, როგორც პერსონალურად, ისე გუნდურად, თუ მათი საქმიანობით უკმაყოფილოა. პროპორციული სისტემის ფარგლებში ელექტორატმა შეიძლება ხელისუფლების მიღმა არასასურველი პარტიის დატოვების შესაძლებლობა დაკარგოს. საკმაოდ ხშირად შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როცა ამ პარტიის გარეშე დანარჩენები კოალიციის შექმნას უბრალოდ ვერ შეძლებენ. ისრაელი, აგრეთვე ცივი ომის პერიოდის იტალია, ასეთი ვითარების ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს.
დომინანტი პარტიის სისტემაში პარტიებს შორის როლები არჩევნებამდეა განაწილებული. ხმის მიცემა, როგორც წესი, არსებით გავლენას არ ახდენს იმაზე, თუ ვინ იქნება მთავრობაში და ვინ - ოპოზიციაში. პოლიტიკურ ლანდშაფტს არჩევნები რადიკალურად არც მრავალპარტიულ სისტემაში ცვლის. მთავრობის შენარჩუნებას ან ცვლილებას არა მოქალაქეთა ხმები (როგორც წესი, პარტიები ელექტორატის საკუთარი სეგმენტის მხარდაჭერას რუტინულად იღებენ), არამედ უკვე არჩეულ პოლიტიკოსებს შორის კულუარული გარიგებები განაპირობებს.
არც მრავალპარტიული და არც დომინანტი პარტიის სისტემაში, მცირე პარტია ექსტრემიზმისთვის არათუ არ ისჯება, არამედ მისი გადარჩენის ყველაზე რაციონალური სტრატეგია შეიძლება სწორედ ექსტრემიზმი იყოს. ამომრჩეველთა სხვა ჯგუფისადმი შუღლისა და სიძულვილის გაღვივება ასეთი პარტიისათვის შესაძლოა მისი საკუთარი ელექტორატის მობილიზების ყველაზე ხარჯ-ეფექტურ გზას წარმოადგენს.
პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ჯგუფების გამოჩენას ხშირად ახალი პარტიის შექმნა მოსდევს და არა არსებულების გაფართოება. გარკვეული ლაგის შემდეგ ამ გამოწვევას ლეთარგიული დომინანტი პარტიაც პასუხობს. ის თავისი პოლიტიკის მოდიფიცირებას ახდენს ახალი ჯგუფის კოოპტაციის და მცირე პარტიების ზრდის განეიტრალების მიზნით.
განვითარებად საზოგადოებაში, სადაც პარტიული სისტემა სუსტია და პოლიტიკას არა იმდენად იდეოლოგია ან მსგავსი ფაქტორები განსაზღვრავენ, რამდენადაც კლანი, ეთნიკური, რელიგიური ან რეგიონალური კუთვნილება, მნიშვნელოვანია, რომ არჩევის შანსი დამოუკიდებელ კანდიდატებსაც ქონდეთ. დახურული სიის სისტემა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
მთლიანობაში ასეთი პარტიული სისტემა საკმაოდ სტაბილური და მოქნილია, რასაც ვერ ვიტყვით ცალკე აღებულ პარტიებზე. გარანტირებული სოციალური ბაზა მათში ინოვაციისა და ადაპტაციის უნარს აქვეითებს. ასეთი პარტიების გავლენის ზრდას ან კლებას, როგორც წესი, გარეშე ფაქტორები განაპირობებენ.


Post a Comment