8.03.2011

გაყრა სახელმწიფოსგან

ერთსქესიან ქორწინებაზე საერთო პოზიცია თავად ლგბტ თემებში არ არსებობს, მაგრამ ამჯერად მომინდა, უშუალო ინტერესთა ჯგუფები გვერდზე გადამედო და შედარებით უფრო განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანისთვის მეკითხა აზრი. ამიტომ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორს, ლევან რამიშვილს  ჩამოვართვი დისტანციურად ინტერვიუ. განგებ შევეცადე, მშრალი კითხვები არ დამესვა და რაც პირადად მაინტერესებდა, იმ საკითხებზე გამემახვილებინა ყურადღება. იმედი მაქვს, დაგაინტერესებთ.
შოთა ხინჩაგაშვილი.: ლევან, ერთსქესიანი ქორწინება არაერთ ქვეყანაში და აშშ რამდენიმე შტატში კანონით დაშვებულია. ლგბტ მოძრაობებში ამას ძირითადად სერიოზულ წარმატებად მიიჩნევენ. თუმცა „გეი მერიჯის“ ტრადიციული, ჰეტერო-ოჯახებთან უფლებრივი გათანასწორება ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას; გასათვალისწინებელია კონსერვატული ღირებულებების მქონე ჯგუფების წინააღმდეგობაც.
მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, უფრო ფართო პრობლემას მინდა შევეხოთ, რომელიც დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის სახელითაც არის ცნობილი. საკითხი უფრო განვაზოგადე, რადგან ვიცი, რომ ოჯახებთან მიმართებაში სახელმწიფო რეგულაციის წინააღმდეგი ხარ.
თუ მთავარი „რეგისტრატორის“ ფუნქცია ადრე ეკლესიას ჰქონდა, შემდეგ ის სამოქალაქო ბიუროკრატიამ შეცვალა. როგორ წარმოგიდგენია ორი ადამიანის თანაცხოვრებისას საერთო ეკონომიკის და უფლება-ვალდებულებების რეგულირება „მარეგულირებლის“ გარეშე? შენი აზრით, როგორი უნდა იყოს ჰეტეროსექსუალი თუ ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ყველაზე რაციონალური სამიზნე მოდელი?
ლევან რამიშვილი: რაც მეტია კანონი, მით ნაკლებია თავისუფლება. მე მიმაჩნია, რომ დღეს ქორწინებისა და ოჯახის არსი სახელმწიფოს განსასაზღვრი არ უნდა იყოს. წინაღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სოციალურ ინჟინერიას რა მიზანსაც არ უნდა ისახავდეს იგი – დისკრიმინაციას თუ მასთან ბრძოლას. ოჯახი ფუნდამენტური სოციალური ინსტიტუტია, რომელმაც არსებული ფორმა კონკურენტულ გარემოში სპონტანური ევოლუციის შედეგად მიიღო. საუკუნეთა მანძილზე, ბევრად უფრო რთულ დროში, საზოგადოება თავად ახერხებდა განესაზღვრა, თუ რა არის მისთვის ოჯახი და დაეცვა ეს ინსტიტუტი სახელმწიფო რეგულირების გარეშე. დღეს მით უმეტეს აღარ არის საჭიროება, რომ სახელმწიფოს მეშვეობით მოხდეს მისი დაცვა.არსებული სახით საოჯახო სამართალი საერთოდ უნდა გაუქმდეს. ქმედუნარიან ადამიანებს შორის ურთიერთობების მოწესრიგება მხოლოდ მათი საქმეა და მესამე პირების მხრიდან სანქცირებას, ლეგიტიმაციას და რეგულირებას არ საჭიროებს. როგორც წესი, სახელმწიფოს კანონმდებლობა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ძალადობის აღკვეთითა და ქმედუუნარო პირების (მათ შორის არასრულწლოვნების) ინტერესების დაცვით.
უფრო მეტიც, ყველაზე მეტი საფრთხე ოჯახისათვის სწორედ სახელმწიფოს მხრიდან მოდის – კერძო ცხოვრებაში სახელმწიფოს როლის ზრდასთან ერთად – განათლება, ჯანდაცვა, შრომისუუნარო ადამიანებზე ზრუნვა – ოჯახისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ინსტიტუტების დაკნინება ხდება.
ოჯახის რომელიმე ფორმის ლეგალიზაციის შემთხვევაში საზოგადოების წინაშე რამდენიმე პრობლემა იჩენს თავს – რა ვუყოთ საზოგადოების იმ წევრებს, რომლებიც ოჯახის სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ფორმას არ იწონებენ. ერთი ფორმა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დისკრიმინაციული შეიძლება იყო. დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით სხვა ფორმების ლეგალიზება საზოგადოების მეორე ნაწილს შესაძლოა სინდისზე ძალადობად მიაჩნდეს.
სახელმწიფო და მისი კანონები ყველას თანაბრად ეკუთვნის. როცა სახელმწიფო რაიმეს ლეგიტიმაციას ახდენს, რელიგია იქნება ეს, იდეოლოგია, ცხოვრების სტილი ან სხვა, ამას ის საკუთარი მოქალაქეების სახელით აკეთებს. თუ კი მოქალაქეთა შორის არ არსებობს ფასეულობითი კონსენსუსი და საქმე ეხება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა რწმენა, ზნეობა და ა.შ., ასეთ შემთხვევებში ჯობია, სახელმწიფო საერთოდ განზე გადგეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ჩარევის გარეშეც შეიძლება საკითხი დარეგულირდეს.
ამასთან, სრულ ნეიტრალიტეტს სახელმწიფო ვერ შეინარჩუნებს. გარკვეულ შემთხვევებში, კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად, მას საკუთარი პოზიციის გამოხატვა მოუწევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფოს ქმედუუნარო პირების ინტერესების დაცვა უხდება. მაგალითად, რა ტიპის ოჯახს ან რა ორიენტაციის ადამიანს უნდა ჰქონდეს ბავშვის შვილად აყვანის ან მეურვეობის უფლება და ა.შ.
შ.ხ.: ნებისმიერი ტიპის ოჯახის ლეგალიზაცია ფილოსოფიურად ჩემთვისაც პრობლემურია, სწორედ იმის გამო, რომ სახელმწიფო ან ოჯახის რომელიმე ფორმას აღიარებს და მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ან ამით წარმოქმნილი დისკრიმინაციის აღმოფხვრისას, ბოლოს მაინც ჩიხში ექცევა. ჩიხს შეიძლება სხვადასხვანაირად ვხედავდეთ, მაგრამ სახელმწიფოს როლთან მიმართებაში, როგორც ჩანს, მეტ-ნაკლებად ანალოგიურ დასკვნამდე მივდივართ. ამიტომ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, მხოლოდ ჩემთვის ყველაზე გაუგებარ მომენტზე ჩაგეძიები: საოჯახო სამართლის გარეშე, წყვილების გაყრისას თანასაკუთრების საკითხზე დავები როგორღა უნდა გადაწყდეს? რით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ? უნდა არსებობდეს თუ არა ნორმატიული დოკუმენტები, რომლებიც თუნდაც ამ მხარეს დაარეგულირებს?
ლ.რ.: კანონის უზენაესობა და თავისუფალი საზოგადოება კერძო ცხოვრების სახელმწიფო რეგულირებასთან შეუთავსებელია. სახელმწიფო კანონები ძირითადად უნდა შემოიფარგლოს სახელმწიფო დაწესებულებების ორგანიზებისა და დაფინანსების, სახელმწიფოსა და კერძო პირის ურთიერთობების, ძალადობის აღკვეთისა და ქმედუუნარო პირების დაცვის საკითხებით. ყველა სხვა სფეროში უნდა მოხდეს სამართლის პრივატიზაცია, ისე, როგორც ეს თანამედროვე ერის დაწყებამდე იყო.
სამართალი მეცნიერების მსგავსად სპონტანური ევოლუციის გზით უნდა განვითარდეს. სახელმწიფოს მიერ ბაზრისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისათვის თავსმოხვეული კანონმდებლობით კერძო სამართლის ჩანცვლება იგივეა რაც პტოლემეოსის კოსმოლოგიის, კრეაციონიზმის, ან ლისენკოიზმის ერთადერთ სწორ ოფიციალურ მოძღვრებად დაკანონება და მერე მაიმუნის პროცესების და გალილეოს სასამართლოების მოწყობა.
ქმედუნარიან პირებს თავად შეუძლიათ იზრუნონ საკუთარი ინტერესების დაცვაზე. ამასთან, სრულებით არაა აუცილებელი, რომ ყველა ქორწინება უზარმაზარი კონტრაქტის მეშვეობით ფორმდებოდეს. მაგალითად, თუ ქორწინებას ახდენს რომელიმე კერძო ინსტიტუტი, მაგალითად ეკლესია, როგორც ეს საუკუნეთა მანძილზე იყო, ამ ინსტიტუტს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი საოჯახო სამართალი. ამ ეკლესიაში ჯვრისწერით მეუღლეები ავტომატურად კისრულობენ გარკვეულ ვალდებულებებს ერთმანეთის წინაშე. დღეს, ეკლესიებთან ერთად, ასეთი ფუნქცია სეკულარულმა ინსტიტუტებმაც შეიძლება იკისრონ.
ზოგადად, მე მხარს ვუჭერ სამართლებრივ პლურალიზმს, მართლმსაჯულების სისტემათა კონკურენციას, იურისდიქციათა არჩევის თავისუფლებას. პერონალური სამართლის რაღაც მსგავსი სისტემა არსებობდა ოტომანურ იმპერიაში, მილეთის სისტემის სახით.
ამ კერძო სამართლის სისტემების პარალელურად გაცილებით უფრო შეკვეცილი სახით უნდა არსებობდეს სახელმწიფოს კანონები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გარანტიებს შექმნის. კერძო სამართლის ის ნორმები, რომლებიც ამ გარანტიებთან წინააღმდეგობაში მოდის, ბათილი უნდა იყოს. დაახლოებით ასეთი რამ დღესაც გვაქვს – მაგალითად, საკუთარი თავი მონობაში რომ გაყიდო, ამ კონტრაქტს იურიდიული ძალა არ ექნება. ასევე ბათილი უნდა იყოს კერძო საოჯახო სამართლის ნორმა, რომელიც, მაგალითად, მრუშობის შემთხვევისათვის ქვებით ჩაქოლვას ითვალისწინებს ან ოჯახის ერთ წევრს მეორეზე ძალადობის უფლებას აძლევს.
სოციალურ ინსტიტუტებს ისევე უნდა შევხედოთ, როგორც ეკოლოგი უყურებს ბუნებას. სოციალური ნორმები დეცენტრალიზებულ გარემოში, ცდისა და შეცდომის, ექსპერიმენტირებისა და ინოვაციის გზით უამრავი თაობის მიერ დაგროვილი გამოცდილების შედეგია. სხვა და სხვა საზოგადოებებს შორის კონკურენციის შედეგად ხდებოდა ბუნებრივი გადარჩევა და დღეს დასავლური ფასეულობების სახით ჩვენ გვაქვს ის ნორმები, რომელმაც ამ კულტურის მატარებლებს სხვებთან შედარებით კონკურენტული უპირატესობა მოუტანა.
დასავლური ცივილიზაციისათვის ტრადიციული ჰეტეროსექსუალური მონოგამური ოჯახი ერთ-ერთი ასეთი სოციალური ინსტიტუტია. ამიტომ, სანამ ისტორიული გამოცდილება არ გვიჩვენებს, რომ რაიმე სხვა სახის ოჯახს საზოგადოებისათვის მეტი სიკეთე მოაქვს, ბუნებრივია არსებობდეს პრეზუმფცია ტრადიციული ოჯახის სასარგებლოდ.
ადამიანი ნაკლული არსებაა და არც მის მიერ შექმნილი ინსტიტუტებია სრულყოფილი. ამიტომ ევოლუცია არასდროს დასრულდება და კაცობრიობა სრულყოფილებას ვერასდროს მიაღწევს. ტრადიციულ ოჯახიც არ არის სრულყოფილი, მაგრამ არანაირი გარანტიაა არ არსებობს, რომ პროგრესული კანონმდებლობის მეშვეობით მისი გაუმჯობესების ან პირიქით, არსებული სახით მისი დაკონსერვების მცდელობა, ბევრად უარეს, გაუთვალისწინებელ შედეგებს არ მოიტანს.
ცენტრალიზაციისა და მონოპოლიის პირობებში საზოგადოებისათვის თავსმოხვეული ფასეულობები, პრაქტიკები, ინსტიტუტები, მათი არსებობის ხანგრძლივობის მიუხედავად, ჭეშმარიტ ტრადიციად ვერ ჩაითვლება. სახელმწიფოს მიერ კერძო ურთიერთობების სფეროს უზურპაცია და მისი კანონით დარეგულირება რაციონალური კონსტრუირებისა და სოციალური ინჟინერიის გამოვლინებას წარმოადგენს და თავისი არსით ანტიტრადიციულია.
კონსერვატიზმსა და კლასიკურ ლიბერალიზმს, იგივე ლიბერტარიანიზმს, აერთიანებს რწმენა იმისა, რომ სამყაროს მაორგანიზებელი პრინციპი უფრო დიდია, ვიდრე ეს ადამიანის გონებას შეუძლია გაიგოს. ორივე სკეპტიკურად უყურებს ადამიანის უნარს საკუთარი შეხედულებისამებრ გადააკეთოს ის, რისი ბოლომდე გაგების უნარიც მას არა აქვს. აქედან გამომდინარეობს სახელმწიფოს უფლებამოსილებების შეზღუდვის საჭიროება, რომ მან რაციონალური კონსტრუირების ან სოციალური ინჟინერიის საფუძველზე ტრადიციების და ბაზრის გარდაქმნა არ დაიწყოს.
სახელმწიფოს ჩაურევლობის შემთხვევაში მათ, ვისაც ტრადიციული ოჯახის დაცვა უნდა ან მათ, ვისაც მისი რეფორმირებას ესწრაფვის, თანაბარი შესაძლებლობა ექნება, რომ საკუთარი ფასეულობები დაიცვან.
შ.ხ.: წყვილებს შორის, სახელმწიფო დიქტატისგან თავისუფლად, ერთმანეთს შორის მათთვის ყველაზე მისაღები პირობებით საკონტრაქტო შეთანხმების გაფორმება ლოგიკური გამოსავალია. დავის შემთხვევაში, სასამართლო სწორედ მსგავსი კონტრაქტის პირობებით იხელმძღვანელებს და არა იმ თავსმოხვეული სტანდარტებით, რომელიც სახელმწიფოს აზრით, წყვილს თანაცხოვრებისას უნდა შეესრულებინა.
თუმცა შენს მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი მოდელით, სახელმწიფო სტანდარტების ძალადობას შეიძლება ეკლესიის სტანდარტები ჩაენაცვლოს (ამიტომ ყველა ქორწინებას სწორედაც კონტრაქტი მოუხდებოდა, თუმცა ალბათ ამის ყველასთვის დავალდებულებას არალეგიტიმურ სახელმწიფო ჩარევად ჩათვლი).
მთავარი ალბათ ის არის, რომ სანქციაზე მონოპოლია არ არსებობდეს და ყველა წყვილი თავისუფალი იყოს, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს, როგორ დაარეგულიროს საკუთარი პირადი ცხოვრება.
ყველაზე დამაინტრიგებელი ის არის, რომ მსგავსი რეჟიმი [საოჯახო სამართლის პრივატიზაცია] თეორიულად სამ ადამიანს შორის რომანტიკულ თანაცხოვრებასაც კი დაუშვებს, თანაც ისე, რომ თანასაკუთრების საკითხი ბოლომდე დაურეგულირებელი არ დარჩება; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გარე რეგულირების ნაცვლად თვითრეგულირება მოხდებოდა. მსგავსი სამართლებრივი გარემო, რიგითი კონსერვატორის თვალში, ოჯახის ტრადიციულ ინსტიტუტს საფრთხეს არ შეუქმნის?
ლ.რ.: ეკლესია ერთ ერთი წყარო შეიძლება იყოს საოჯახო სამართლის, მაგრამ მის პარალელურად სხვა ინსტიტუტებიც იქნება. უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე.
კონსერვატორისათვის ტრადიციული ოჯახისათვის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ სახელმწიფო საოჯახო სამართალია. გაბატონებული იდეოლოგიის შესაბამისად კანონების ცვლას წინ არაფერი უდგას. მით უმეტეს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილეები ვართ. ადრე თუ გვიან სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ სახელმწიფოს მიერ ოჯახის გარკვეული ტიპის აღიარება და სხვა ტიპის არ აღიარება დისკრიმინაციას წარმოადგენს.
თუ კი ოდესღაც დასავლეთში სახელმწიფო კონსერვატიული ფასეულობების გარანტი იყო, დღეს ამ ფასეულობების დაცვა დასავლელ ტრადიციონალისტებს პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოსგან, განსაკუთრებით კი პროგრესული იდეოლოგიით შთაგონებული აქტივისტი მოსამართლეებისგან უხდებათ. ქართველი კონსერვატორები მოვლენათა მსგავსი განვითარებისათვის მზად უნდა იყვნენ. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს საკუთარი ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვა საკუთარი ძალებით, სახელმწიფოს დახმარების გარეშე.
ტრადიცია კონსერვატორისათვის ფასეულია იმდენად, რამდენადაც მას არ სჯერა ადამიანის გონების სრულყოფილებაზე პრეტენზიების და მიაჩნია, რომ სოციალური ინჟინერიის შედეგად იმაზე სრულყოფილ ინსტიტუტებს ვერ შევქმნით, ვიდრე ისტორიული ევოლუციის შედეგად მივიღეთ.
აქედან გამომდინარე, კონსერვატორი დარწმუნებულია, რომ ტრადიციები, რომლებმაც საუკუნეთა გამოცდას გაუძლეს, კონკურენტულ გარემოში ახალ გამოწვევებსაც გაუმკლავდებიან. ოღონდ მთავარია, რომ კონკურენცია სამართლიანი იყოს. ტრადიციული ოჯახი რომ გადარჩეს, ამისთვის ალტერნატიული ორიენტაციის თუ ცხოვრების სტილის აკრძალვა კი არაა საჭირო, არამედ სახელმწიფო ჩარევაზე უარის თქმა იმ სფეროებში, რომელსაც ისტორიულად სწორედ ოჯახისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობას წარმოადგენდა.