11.05.2010

დღეს არჩევანი არის საღ აზრსა და სიგიჟეს შორის

ინტერვიუ თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის წევრთან, საკონსტიტუციო კომისიის წევრთან ლევან რამიშვილთან
მაია ჭალაგანიძე, 24 საათი 16.05.10

- საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე თქვენი წინადადება დიდი უმრავლესობით ჩავარდა, რატომ?
- ყველამ საკუთარი შეხედულება გამოთქვა. მე გავაკეთე ის, რაც სწორად მიმაჩნია და დღესაც იმ პოზიციაზე ვრჩები, რომ არსებული გამოწვევების დასაძლევად, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, საქართველოს ყველაზე მეტად .. საპრეზიდენტო ფედარალური რესპუბლიკა სჭირდება.
- კომისიის წევრებმა თქვენი პროექტი სწორედ იმიტომ დაიწუნეს, რომ ამ საფრთხეებს ზრდიდა. რა არის თქვენი პროექტის უპირატესობა?
- საქართველოს ტერიტორიები ფედერალური სახელმწიფოს პირობებში არ დაუკარგავს. თუკი საქართველოს წინააღმდეგ განმეორდა აგრესია, რისი მოწმეც 2008 წელს და, გნებავთ, 90-იან წლებში ვიყავით, და თუ საქართველო ამ აგრესიის პირისპირ მარტო, დროული და ქმედითი საერთაშორისო დახმარების გარეშე აღმოჩნდა, რა ტიპის კონსტიტუციაც არ უნდა მიიღოს ქვეყანამ, ვერ გვიშველის - კონსტიტუცია არც ტანკსაწინააღმდეგო იარაღია და არც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. მაგრამ, ფართომასშტაბიანი ინტერვენციის გარდა, რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი ძალების წახალისებით, თუნდაც, ისეთი ფაშისტური მოძრაობისა, რომლის მომსწრენიც ცოტა ხნის წინ ვიყავით, ვხედავთ საქართველოს დესტაბილიზაციის, სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მუდმივ მცდელობას. გარდა ამისა, რუსეთი, თავისი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ძალზე აქტიურად იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს. მოკლედ, რუსეთის ხელთ არის სხვადასხვა ინსტრუმენტების საკმაოდ ფართო არსენალი. ამ თვალსაზრისით, თუკი ადგილი არ ექნება ფართომასშტაბიან აგრესიას, მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას სწორედ საპრეზიდენტო ფედერალური რესპუბლიკის მოდელი გახდის შესაძლებელს. ამ გაძლიერების მთავარი საფუძველი უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკური აღმავლობა და სწორედ ამას უზრუნველყოფს .. ამერიკული მოდელი.
არსებობს აღიარებული მეცნიერების - ტორსტენ პერსონის, გერარდ როლანდის და სხვათა კვლევა, რომელიც ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ქვეყნების საპარლამენტო და საპრეზიდენტო სისტემებში სახელმწიფო სექტორის მოცულობას. ამ კვლევის მიხედვით, თუკი საპარლამენტო სისტემებში საბიუჯეტო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 37.29 პროცენს შეადგენს, საპრეზიდენტო სისტემებში ეს 19.86 პროცენტია.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით გლობალიზებული სამყაროს პირობებში და მთელ მსოფლიოსთან გვიხდება კონკურენცია. ამ პირობებში ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა შეიძლება იყოს პატარა და კონკურენტული სახწელმწიფო სექტორი. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია, კონსტიტუციური სისტემა ერთგვარად აზღვევდეს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას იმისგან, რომ საარჩევნო შეჯიბრი არ გადაიქცეს შეჯიბრად სოციალურ პოპულიზმში, რასაც, ბუნებრივია, ადგილი აქვს ყველა ტიპის განვითარებულ თუ განვითარების პროცესში მყოფ პოლიტიკურ სისტემაში.
რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, მით უფრო თვალსაჩინოა სახელმწიფო სექტორში ხარჯების ზრდის ტენდენცია. ეს ხარჯები ყოველთვის ან გადასახადების, ან ისეთი ირიბი გადასახადის მეშვეობით იზრდება, როგორიცაა ინფლაცია. ცხადია, ამისგან საქართველოც არაა დაზღვეული. საჭიროა ისეთი სისტემის მოფიქრება, რომელიც მაქსიმალურად შეიცავს კონტრმაჟორიტარული მექანიზმების ინსტიტუტებსა და პროცედურებს. მათ შორისაა ხელისუფლებათა დანაწილების ისეთი ფორმები, როგორიცაა ფედერალიზმი. ამ სისტემაში საზოგადოებაც და ეკონომიკაც დაზღვეულია იმისგან, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია და შემდეგ თამაშის წესები ამ გამარჯვებული ძალისა და მისი მხარდამჭერი სოციალური ჯგუფების სასარგებლოდ გადააკეთოს.
ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე მექანიზმი. ერთი მხრივ ესაა ფედერალიზმი - ხელისუფლების ვერტიკალური გადანაწილება, ორპალატიანი პარლამენტი, სადაც ძალაუფლება არამხოლოდ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებში ნაწილდება, არამედ თვითონ საკანონმდებლო ორგანოს შიგნითაც. გარდა ამისა, საჭიროა გადაწყვეტილებათა მიღების სპეციალური პროცედურები. მაგალითად, ფილიბასტერის ინსტიტუტი, როდესაც პალატის წევრთა 40 პროცენტს ნებისმიერი საკითხის განხილვის დაბლოკვა შეუძლია. ასევე - საპრეზიდენტო მთლიანი და ნაწილობრივი ვეტოს ინსტიტუტი, რაც მთლიანობაში ეფექტურ და კომპაქტურ სახელმწიფოს ქმნის.
2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 4 მილიარდი; 2008 წელს - 12.8, ანუ გვაქვს 3.2-ჯერ ზრდა. იმავე პერიოდში საგადასახადო შემოსავლები თითქმის 6.5-ჯერ გაიზარდა. საგადასახადო ტვირთის ზრდა თითქმის ორჯერ აღემატებოდა ეკონომიკის ზრდას. ჩვენ მხოლოდ საგადასახადო შემოსავლებით არ ვარსებობდით, გვქონდა საბიუჯეტო დეფიციტი და თუ ამასაც მივიღებთ მხედველობაში, ამავე პერიოდში ბიუჯეტი ოთხჯერ და ცოტა მეტჯერ გაიზარდა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შევარდნაძის დროს კორუფცია, პრაქტიკულად, ლეგალიზებული იყო - 2000 წელს საწარმოთა ბრუნვაში ქრთამების საერთო მოცულობამ 9 პროცენტი შეადგინა. გარდა ამისა, მეწარმეს თეთრი გადასახადების გადახდაც უწევდა და შავისაც. და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა დეკლარაციის დონეზე ძალიან ბევრს საუბრობს ლიბერტარიანელობაზე, რეალურად ეკონომიკური პოლიტიკა ერთგვაროვანი არაა. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს დერეგულაციასთან - გარკვეული გადასახადები გაუქმდა, ზოგი გაერთიანდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საწარმოებისთვის საგადასახადო ტვირთი გაზრდილია. ეს სწორედ იმ დემოკრატიზაციის პროცესითაა განპირობებული, რაც ვარდების რევოლუციის შემდეეგ მოხდა. ცხადია, ჯერ ძალიან შორს ვართ იდეალური კონსოლიდირებული დემოკრატიისგან და საფრთხეც სწორედ ესაა - რაც უფრო წინ წავა დემოკრატიზაციის პროცესი, მით უფრო გაიზრდება ცდუნება, რომ სიღარიბის პრობლემა (სხვადასხვა მონაცემებით მოქალაქეთა მეოთხედიდან მესამედამდე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს), გადაიჭრას არა თავისუფალი ბაზრის პრინციპებით, არამედ სახელმწიფოს ჩარევით. ამიტომ, კონსტიტუციის შედგენისას ჩვენ ამისგან დამზღვევი სხვადასხვა მექანიზმები გვჭირდება.
მეორე მხრივ, საქართველოში რეფორმების პროცესი ძალიან შორსაა დასრულებისგან. პირობითად რომ ვთქვათ, გადასადგმელი 1000 ნაბიჯიდან, საუკეთესო შემთხვევაში, 10 თუ გვაქვს გადადგმული. კონსტიტუციის ისეთი მოდელი გვჭირდება, სადაც, ერთი მხრივ, გართულებული იქნება სახელმწიფო სექტორის ზრდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად იქნება გაადვილებული ნაბიჯების გადადგმა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია არსებობდეს პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტი, ლოკომოტივი, რომელიც ლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების მიმართულებით გააგრძელებდა სვლას.
თუ შევადარებთ განვითარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო სისტემებს, ძალიან თვალსაჩინო კანონზომიერებას დავინახავთ - საპარლამენტო სისტემა რეალურად იქ მოქმედებს, სადაც პარტიების ძლიერი ინსტიტუტი არსებობს. იქ, სადაც ეს არ არის, დეპუტატებს შორის ზღვარგადასულ გარიგებებს ზღუდავს პრეზიდენტი; ეს ინსტიტუტი უზრუნველყოფს ქვეყნის ფოკუსირებას განვითარების ერთ პრიორიტეტზე. ის ამას ახორციელებს თავისი პრეროგატივების მეშვეობით, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლებელია ვეტოს ინსტიტუტი იყოს.
- თქვენი პროექტი კონსტიტუციის ძალიან რადიკალური, შოკური ცვლილება იქნებოდა და საეჭვოა, საზოგადოება, ქვეყანა დღეს ამისთვის მზად ყოფილიყო.
- სწორედ ამიტომ არ გაიზიარეს ეს იდეა. როგორც ჩანს, პოლიტიკური სპექტრი დღეს მზად არ არის გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად.
ერთი მხრივ, არსებული სისტემა მეტ-ნაკლებად აძლევს ხელს დღეს არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, თან ეს ცვლილება გარკვეულ სამოქალაქო გაბედულებასაც მოითხოვს - სახელმწიფო ხელისუფლების მკვეთრად შეზღუდვა რთულია არამხოლოდ მათთვის, ვინც დღეს არის, არამედ მათთვისაც, ვინც ხვალ ესწრაფის ხელისუფლების სათავეში მოსვლას.
- გცოდნიათ, რომ პროექტი ჩავარდებოდა. ამ წარდგენით ტესტი ჩაატარეთ? რა დაასკვენით?
- მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო კომისია და რისთვისაა მზად და რისთვის არა პოლიტიკური სპექტრი, გამოწვევები, რომელზეც მე ვსაუბრობ, ამით არ ქრება. ამიტომ ამგვარ საკითხებზე საზოგადოებრივი დისკუსია უნდა დაიწყოს. საკონსტიტუციო კომისიაში ასე ფართოდ არა, მაგრამ მცირე ნაბიჯი ამ მიმართულებით მაინც გადაიდგა და ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის ალტერნატიული მოდელი ზედაპირული, მაგრამ მსჯელობის საგანი ხდება.
- რამდენად ანეიტრალებს თქვენ მიერ ჩამოთვლილ საფრთხეებს კომისიის მიერ მიღებული საბაზისო დოკუმენტი?
- თუკი უარს ვამბობთ საპრეზიდენტო სისტემაზე, რომელიც კონსტიტუციის ყველაზე სრულყოფილი ფორმაა, ვფიქრობ, უმჯობესია მთლიანად საპარლამენტო მოწყობის მიმართულებით ავიღოთ გეზი, და არა შერეული, გაურკვეველი ფუნქციებით არჩეული პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისგან შემდგარი აღმასრულებელი ხელისუფლებისკენ.
ჩემი აზრით, შემოთავაზებული მოდელი დამატებით საფრთხეებს შეიცავს. ვგულისხმობ იმას, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში მოხდა - ორთავიანმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ ქვეყანას, პრაქტიკულად, 30 წლით დააკარგვინა სუვერენიტეტი. თუკი ამ მიმართულებით გავაგრძელებთ სვლას, არის საფრთხე, რომ საქართველოშიც მსგავსი რამ მოხდეს. ან პოლონეთის მაგალითი ავიღოთ - პრემიერისა და პრეზიდენტის ქიშპის გამო, პრეზიდენტს მთავრობა ნორმალური თვითმფრინავის შეძენის უფლებას არ აძლევდა, რაც ტრაგედიით დასრულდა. 2002 წელს საფრანგეთში პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირების გამო არ გატარდა საჭირო რეფორმები, ამომრჩეველს ტრადიციულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მასობრივად გაუცრუეს იმედები და ფაშისტი ლეპენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა...
ბოლო პერიოდში საქართველოში ფაშისტური, ანტისისტემური, ანტისახელმწიფოებრივი ძალების გარკვეულ აღმავლობას ვაკვირდებით.
- ფედერაციული მოწყობა, დამოუკიდებელ შტატებად დაყოფილი მხარეები, თავისი დამოუკიდებელი კონსტიტუციებით, დაუცველს გახდის რეგიონებს - სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც თქვენი პროექტი დაიწუნეს...
- შიშებთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრეთ - რუსეთის ხელისუფლებას არც 90-იან წლებში გადაუკითხავს ჩვენი კონსტიტუცია და არც 2008 წელს, როცა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია არაფერ შუაშია. მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ორი ათეული წელია ამგვარი დაყოფა არსებობს, არსებობენ გუბერნატორები, რომლებიც არ არიან არჩეულები და არც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებობს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ან კონტროლის მექანიზმები. ცხადია, საქართველოს ფედერალიზაცია ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება. ამიტომ, პროექტში ამ რეფორმის განსახორციებელად, დაახლოებით, 20-წლიან გარდამავალ პერიოდს ვითვალისწინებდი, მაგრამ თუ ფედერალიზაცია უცებ არ მოხდება, სამხარეო მმართველობის დონის დემოკრატიზაცია ახლავეა შესაძლებელი და ეს არავითარი საფრთხის შემცველი არ არის, პირიქით - ეს ქართულ სახელმწიფოს გაძლიერებაში დაეხმარება.
დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ მთელი ძალაუფლება ერთ ცენტრშია თავმოყრილი და ყველა მაინცდამაინც იქ ცდილობს მოხვედრას. თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს მმართველობის სამხარეო დონის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად, მაგრამ რაღაც მსგავსი რეგიონებშიც უნდა მოხდეს - უნდა აირჩნენ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოები, რაც ერთგვარ ჩარჩოებში მოაქცევდა ქაოტურ პოლიტიკურ პროცესს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფების მონაწილეობის შესაძლებლობას შექმნიდა.
- საკონსტიტუციო ჯგუფში მუშაობას განაგრძობთ?
- რა თქმა უნდა. კონსტიტუცია ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონია, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი საზოგადოების ბედი და ბოიკოტს ხომ არ გამოვუცხადებ? უბრალოდ, კომისიის გადაწყვეტილება ზოგადი ხასიათისაა და ბუნდოვანია, რა შერეულ მოდელზეა საუბარი. თავმჯდომარეს თავიდან ჰქონდა მოდელი, სადაც მონარქიული და რესპუბლიკური ელემენტები იყო შერეული. მაგალითად, სენატში ბაგრატიონის გვარის წარმომადგენელთა შეყვანა - რაკიღა მათ გენეტიკური მეხსიერება აქვთო... მიღებულ პროექტში კონტურები გამოკვეთილი არ არის. ამიტომ მიმაჩნია, რომ შემდგომი დისკუსიისა და კომპრომისებისთვის საკმაოდ დიდი სივრცეა.
- როგორ შეაფასებდით მიმდინარე საარჩევნო პროცესს?
- საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის საშუალება მივცეთ. დღესდღეობით არჩევანი არის საღ აზრსა და სიგიჟეს შორის და მე, როგორც მოქალაქე, უბრალოდ არჩევანის გარეშე, ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ამარა ვარ დარჩენილი...
- იძულებით, სიამოვნებით თუ, ჩვენი კონსტიტუციასავით - შერეული გრძნობით?
- რეალურად გვაქვს ქვეყანა, რომელიც ან შეცდომებით და დაბრკოლებებით, მაგრამ წინსვლას გააგრძელებს, ან უკან სადღაც გაურკვეველი მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
- არჩევნების შედეგები აჩვენებს, საით მივდივართ? ეს, მართალია ადგილობრივი, მაგრამ არჩევნებია.
- თავისი არსით არჩევნები პოლიტიკური მოვლენაა - ადამიანს საარჩევნო ყუთთან პოლიტიკური არჩევანის გაკეთება უხდება. ცხადია, ეს გარკვეულწილად არის რეპეტიცია საპარლამენტო არჩევნების წინ.
კიდევ ერთი რამ, რაც ამ არჩევნებზე იკვეთება, არის ის, რომ სრულდება ერთგვარი პოლიტიკური ციკლი, რომლის ათვლაც, პირობითად, 2007 წლის 7 ნოემბრიდან დაიწყო. ის ტალღა, რითიც ოპოზიციას შეეძლო რადიკალურად გარდაექმნა პოლიტიკური სისტემა, საზოგადოებრივი მხარდაჭერის ის მუხტი, რომელიც მას იმ პერიოდში გააჩნდა, უაზროდ, უშედეგოდ გაიფლანგა - ვერც საზოგადოებამ ნახა რაიმე სარგებელი და ვერც იმას ვიტყვით, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ისარგებლა - თუ არ ჩავთვლით პერსონალურ გამორჩენებს, რომელზეც ბევრი მითქმა-მოთქმაა, მაგრამ ეს უკვე სხვა განზომილებაა.