3.17.2009

ჩვენ არჩევანი გვაქვს

ჩვენ არჩევანი გვაქვს
გვჭირდება ცოდნა, რომ სწორი გზა ავირჩიოთ, ძალა და რწმენა, რომ ეს გზა განვვლოთ და დაბრკოლებებს არ შევუშინდეთ
ინტერვიუ "თავისუფლების ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარესთან ლევან რამიშვილთან
მაია ჭალაგანიძე, 24 საათი, 17 მარტი, 2009 წ.
- 2004 წელს, ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვით, რომ ჩვენ გვჭირდება ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ არა ყველაფრის ფასად. იგულისხმებოდა დემოკრატიული ტრანსფორმაციის, რეფორმების პროცესი და სხვა. დღეს რას იტყვით? - საბჭოთა კავშირის ავღანეთში ინტერვენციის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი შეიჭრა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ამიტომ, ისტორიული პარალელები შეიძლება საგულისხმო იყოს. ბოროტების იმპერიისგან გათავისუფლების წარმატებული ორი სცენარი არსებობს. ერთი ავღანური და მეორე - აღმოსავლეთ ევროპული. ჩვენი საზოგადოება არაა მზად იმ გზით განთავისუფლდეს რუსეთისგან, როგორც ეს ავღანელებმა გააკეთეს და თან გადავიხადოთ ის ფასი, რაც მათ გაიღეს ამისთვის - სრული დეცივილიზაცია. ჩვენ მხოლოდ რუსეთისგან განთავისუფლებას არ ვესწრაფვით, არამედ გვინდა იმავდროულად ავაშენოთ ეროვნული სახელმწიფო, ლიბერალური დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი ბაზარი და გავხდეთ დასავლური სამყაროს ნაწილი. ჩვენ არ გვინდა ვიქცეთ ჰეზბოლად, რომელიც ეფექტურად უწევს შეიარაღებულ წინააღმდეგობას ისრაელს, მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს - იქ სადაც არსებობს ჰეზბოლა, არ არსებობს ძლიერი სახელმწიფო. ამასთან, ის, რომ არ გვინდა სამხედრო ბანაკად ვიქცეთ, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მზად ვართ შევეგუოთ სტატუს ქვოს. დანებება მტერს გულს არ მოულბობს და თავის აგრესიულ განზრახვებზე ხელს არ ააღებინებს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრირებასა და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. შარშანდელმა აგვისტომ გამოავლინა ძალიან ბევრი ხარვეზი და შეცდომა, რომელსც მანამდე ჩვენ ვერ ვამჩნევდით, მაგრამ მან ასევე აჩვენა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აღარაა ის უძლეველი ზესახელმწიფო, რომელსაც ოდესღაც ამერიკასთან სამხედრო პარიტეტი ჰქონდა. ძალა, რომელიც საკმარისია საქართველოსთან საომრად და ახალგორის და კოდორის დასაკავებლად, არაა საკმარისი ისტორიის უკან შესაბრუნებლად და ბოროტების იმპერიის აღსადგენად. იმპერიების, ან გნებავთ, პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროების ეპოქა დასრულდა. ისტორიული კანონზომიერების შედეგად, რუსეთს ბერლინიდან, ვარშავიდან, ბუდაპეშტიდან და პრაღიდან გასვლა მოუწია. სოხუმი და ცხინვალი არაფერია ამ ქალაქებთან შედარებით. ადრე თუ გვიან, რუსეთს აქედანაც მოუწევს გასვლა. ასე იყო 30 წლის წინაც. მაშინაც ნავთობდოლარებითა და საკუთარი ძლიერების შეგრძნებით მთვრალმა საბჭოთა კავშირმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ავღანეთში შეიჭრა. ავღანეთმა ყველას დაანახა, რომ წითელი ზესახელმწიფო სინამდვილეში თიხისფეხება კოლოსი იყო. ასეა დღესაც. დღეს რუსეთს არა აქვს არჩევანი და განწირულია, ერთი და იგივე შეცდომები გაიმეოროს, მაგრამ ჩვენ არჩევანი გვაქვს. ავღანური სცენარი არაა ერთადერთი ალტერნატივა - ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის გზაც შეგვიძლია ავირჩიოთ და ამგვარად მივაღწიოთ ეროვნულ თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციასა და დეკოლონიზაციას. - დღევანდელ სიტუაციას ხშირად ადარებენ 1991-92 წლებში განვითარებულ მოვლენებს. ზოგი პოულობს მსგავსებას ამ ორ პერიოდს შორის, ზოგი - ვერა. მაშინდელი ხელისუფლების, კომპარტიის ოპოზიციას ჰქონდა ნათელი იდეა - დამოუკიდებლობა. დღეს ოპოზიციურ ძალებში ხედავთ იდეას? - ვფიქრობ, საზოგადოება ოპოზიციურ ჯგუფებში რაიმე ნათელ იდეას რომ ხედავდეს, მათ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნებოდათ. - თვლით, რომ ხელისუფლების შეცვლის ოპოზიციურ მოთხოვნას საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს? - ვთვლი იმას, რაც ვთქვი და ამ თემას ვერაფერს დავამატებ. არა მგონია, ეს ხალხი უფრო ფართო მსჯელობას იმსახურებდეს.
- "თავისუფლების ინსტიტუტი" არასამთავრობოთა და საზოგადოების სხვა წამომადგენლებზე მეტად საყვედურობს ხელისუფლებას, რომ მან რეფორმები შეაჩერა...
- გარკვეული სტაგნაციური ტენდენციების ახსნა ომის შემდგომ შოკითა და გლობალური ეკონომიკური კრიზისითაც შეიძლება, მაგრამ სტაგნაციის ფესვები ცოტა უფრო ღრმაა. რეფორმების ტემპის ვარდნა ბევრად უფრო ადრე დაიწყო. ეს, სხვათა შორის, არც მხოლოდ 7 ნოემბერს უკავშირდება. ტაქტიკური მიზანშეწონილობის ინტერესებს თავიდანავე ბევრი რამ შეეწირა, რამაც საბოლოო ჯამში, თავად სტრატეგია დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა. კომპრომისები, ბალანსირება და მანევრირება ბუნებრივია, მაგრამ ეს არ ყოფილა "ვარდების რევოლუციის" ლიდერთა სტიქია. დღევანდელ ხელისუფლებას საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა არა იმიტომ, რომ მათი უცოდველობისა ან შეუმცდარობის სჯეროდა, არამედ იმიტომ, რომ ისინი პრინციპულ და ენერგიულ ადამიანებად მიაჩნდა, რომლებიც, რა თქმა უნდა, ბევრ შეცდომას დაუშვებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქვეყნის ჭაობიდან გამოყვანას შეძლებდნენ იმით, რომ ჰქონდათ საკუთარი ფასეულობების რწმენა და შინაგანი ძალა დაბრკოლებების მიუხედავად ამ ფასეულობების ცხოვრებაში გასატარებლად. ბალანსირება და კომპრომისები რომ ნდომოდა ხალხს, ეგეთი პრეზიდენტი შევარდნაძის სახით ისედაც გვყავდა. ხალხმა რევოლუციას მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ წინსვლა უნდოდა და არა ტაქტიკური უკუსვლები. თანაც, პრინციპების არმქონე შევარდნაძისთვის კომპრომისები ბუნებრივი იყო, ამიტომ მას ამ საქმეში დახელოვნება არ გასჭირვებია. რაც არ უნდა ეცადოს დღევანდელი ხელისუფლება ბალანსირების ხელოვნების დაუფლებას, ამ საქმიდან კარგი არაფერი გამოვა. კლასიკა რომ გავიხსენოთ, მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა. საკუთარი ბუნების წინააღმდეგ მიმავალი წარმატებას ვერ მიაღწევს.
- რა შეიწირა პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ, კონკრეტულად რა შეცდომებზე საუბრობთ?
- რეფორმები ყველა სფეროში უფრო რადიკალურად უნდა გატარებულიყო - ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, სოცუზრუნველყოფა და ა.შ. ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც თავის დროზე დაუშვეს, შემდეგ ბუმერანგად დაბრუნდა უკან. ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები უნიკალურად ქართული არ არის. ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. ცნობილია გზა, რომელიც უნდა განვვლოთ. სხვა საკითხია, რამდენად გვაქვს შინაგანი სიმტკიცე, რომ ეს საკმაოდ რთული, ხანდახან ბეწვის ხიდის მაგვარი გზა გავიაროთ ისე, რომ ან უფსკრულში არ გადავიჩეხოთ, ან საერთოდ არ ავიღოთ ხელი ამ გზაზე და უკან გავბრუნდეთ. თუმცა (რადგანაც ველოსიპედი ვახსენე), ველოსიპედს აქვს ერთი თვისება - თუ გაჩერდები, წაიქცევი. მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა, ალტერნატივა არ არსებობს! ჩვენი საქმეც ასეა, არ უნდა გავჩერდეთ. ჩვენს წინაშე მარტივი არჩევანია - ან წინ წავალთ ან უკან. მარჯვნივ ან მარცხნივ აქ არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში რეალურად პარტიებს ერთმანეთისაგან განსხვავებული იდეოლოგიები არა აქვთ. რეალურად, ჩვენს ქვეყანას აქვს ალტერნატივა - ან ვვითარდებით, ან ვეგუებით ჩამორჩენილობას. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ არც წინ მივდივართ და არც უკან, არამედ ერთ ადგილზე ვართ და ქვევით მივდივართ - ჭაობში ვეფლობით. მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ხელისუფლებამ და უფრო ფართოდ, პოლიტიკურმა კლასმა, საბოლოო ჯამში კი მთელმა საზოგადოებამ, რომლის ნაწილიც არიან პოლიტიკოსები, მიუნჰაუზენივით საკუთარი თავი ამ ჭაობიდან ამოათრიოს. ეს ყველაფერი შინაგან რწმენაზეა დამოკიდებული. ეს რწმენა არის საყრდენი წერტილი და თუ ამას ვიპოვით, შევძლებთ, რომ სამყარო გადავატრიალოთ. ეს საყრდენი წერტილი ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არავინ გააკეთებს.
- საყრდენ წერტილად, ალბათ, გულისხმობთ საზოგადოების ნდობას ხელისუფლებისადმი...
- კონსტიტუციური პროცესის, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და ლიდერებისადმი მოქალაქეთა ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პირველ რიგში, ვგულისხმობ საზოგადოების საკუთარ თავში რწმენას, არჩეული გზის ერთგულებას. მთავარი კითხვა, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს ისაა, კვლავაც ესწრაფვის თუ არა ხალხი მოდერნიზაციას, დასავლურ ორიენტაციას და საბოლოო ჯამში ეროვნულ, სამოქალაქო და ეკონომიკურ თავისუფლებას. ეს ყველაფერი უცებ ვერ მოხდება. ალბათ, 20-30 წელი დაგვჭირდება, რომ საშუალო ევროპული განვითარების ქვეყანა გავხდეთ. ყველაზე მეტად, რაც ახლა გვჭირდება არის ცოდნა, რომ სწორი გზა ავირჩიოთ, ძალა, რომ ეს გზა განვვლოთ და რწმენა, რომ დაბრკოლებებს არ შევუშინდეთ.
- ფიქრობთ, რომ დღეს საზოგადოების განწყობა ხელისუფლების მიმართ არამხოლოდ კრიტიკულია, არამედ სრული უნდობლობით განმსჭვალული?
- საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური კლასისადმი ინსტრუმენტალურია და არა ინტიმურ-რელიგიური. პოლიტიკური ლიდერებისადმი მხარდაჭერა პირობითია. მათ მხარს ვუჭერთ იმდენად, რამდენადაც ისინი ჩვენს ფასეულობებს იზიარებენ, ჩვენი პრობლემების გადაჭრის ხედვა აქვთ და ჩვენ გვჯერა მათი უნარის, რომ ამ პრობლემების გადაჭრისას უფრო მეტ ახალ პრობლემას არ შექმნიან. ცოდნის და გამოცდილების დეფიციტი მთელ საზოგადოებას აქვს და ჩვენი ლიდერები ამ საზოგადოების შვილები არიან. ჩვენ, როგორც საზოგადოება, ახლა ყველანი ერთად ვსწავლობთ, რას ნიშნავს ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და თვითონ მოვუაროთ საკუთარ პრობლემებს. თან ვსწავლობთ და თან ვაშენებთ ახალ საქართველოს. ბუნებრივია, რომ ამ დროს ჩვენ ყველანი - რიგითი მოქალაქეებიცა და პოლიტიკური ლიდერებიც - ბევრ შეცდომას ვუშვებთ. მთავარია, ამ შეცდომების გამო რწმენა არ დავკარგოთ და სულმოკლეობის გამო საკუთარ არჩევანზე უარი არ ვთქვათ მარტო იმიტომ, რომ პირველივე მცდელობა სრული წარმატებით არ დასრულდა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ შეცდომებში გავჯიუტდეთ და კრიტიკულად არ გადავაფასოთ დაგროვილი გამოცდილება. ბოლოს და ბოლოს, არჩევნებიც ხომ ამისთვის ტარდება, რომ კონსტიტუციით დადგენილ ვადებში და პროცედურებით პერიოდულად ყველანი დავფიქრდეთ და ახალი გამოწვევების შესაბამისი არჩევანი გავაკეთოთ. პრობლემა მხოლოდ პოლიტიკოსებში არაა. პირველ რიგში, თავად საზოგადოებამ უნდა შეძლოს საკუთარი პრობლემების გაანალიზება. პოლიტიკისადმი მომხმარებლური დამოკიდებულებით შორს ვერ წავალთ. თუ ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არანაირ წვლილს არ შევიტანთ და მხოლოდ მოლოდინი გვექნება იმისა, რომ ყველაფერი თავისით გამოსწორდება, მერე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს მოლოდინი არ მართლდება. მერე, როცა შედეგით უკმაყოფილონი ვართ, მიზეზებს საკუთარ თავში არ ვეძებთ, არამედ გვინდა ვიპოვოთ ვიღაც, ვიზეც ადვილია ყველაფრის გადაბრალება. ბუნებრივია, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც პოლიტიკური კლასი გაექცევა, მაგრამ, რაღაც დონის პასუხისმგებლობა რიგით მოქალაქეებსაც აქვთ. პოლიტიკოსები უნდა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი ფუნქცია. მოთხოვნა-მიწოდების კანონი არამხოლოდ თავისუფალ ბაზარზე მოქმედებს, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. როგორც ამბობენ, ყველა ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს. ჩვეულებრივ, პოლიტიკოსები ატარებენ იმ კურსს, რაზეც სოციალური დაკვეთა არსებობს, ანუ ცდილობენ ბაზარზე გასაყიდად გამოიტანონ ის საქონელი, რაზეც მეტი მოთხოვნილებაა. ეს თვითგადარჩენის კარგად აპრობირებული და ტრივიალური მეთოდია. მაგრამ ასე არ იქცევა ის ხალხი, ვისაც ისტორიაში შესვლა უნდა. ბიზნესის შემთხვევაშიც იგივეა - ვიზიონერი მეწარმეები არსებულ მოთხოვნას კი არ პასუხობენ, არამედ ქმნიან მოთხოვნას. დიდი სახელები კრეატიული იდეების, ინოვაციური მიდგომების, წინჭვრეტის უნარის, რისკისა და გაბედულების შედეგად იქმნება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათი ხავერდოვანი რევოლუციების შემდეგ, ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ. ახალი ხელისუფლება იქაც უშვებდა შეცდომებს, ყოფილი მოკავშირეები იქაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ, საზოგადოების ნაწილი იქაც მოიცვა ფრუსტრაციამ. განსხვავება ისაა, რომ იმ ქვეყნებს ტერიტორიის მესამედი არ ჰქონდათ ოკუპირებული და რევიზიონისტულ რუსეთთან არ უხდებოდათ ომი. შესაძლოა, ამის გამოცაა, რომ ჩვენ უფრო კონსოლიდირებულები ვართ. მაგალითად, პოლონეთში ორჯერ ერთსა და იმავე ძალას ზედიზედ არჩევნები არასოდეს მოუგია. ერთი შეხედვით, როცა მმართველი პარტიისა და მის კანდიდატის მიერ მიღებულ პროცენტებს ვუყურებთ, მხარდაჭერის ეროზია სახეზეა - სააკაშვილმა 2004 წელს 96 პროცენტი მიიღო, 2008 წელს კი - 53, მაგრამ, აბსოლუტურ ციფრებში თუ ვილაპარაკებთ, "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი მხარდამჭერი არ დაუკარგავს. შარშან, თბილისის გარდა, მან თითქმის იმდენივე ხმა მიიღო, რამდენიც 4 წლის წინ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციამ უკეთ შეძლო სააკაშვილის მმართველობით უკმაყოფილოთა მობილიზება - თბილისში უპრეცედენტოდ მაღალი ელექტორალური აქტივობა იყო და დედაქალაქი, ორი ოლქის გამოკლებით, მოიგო კიდეც. ეს ოპოზიციის ძალიან დიდი წარმატება იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, პიროსის გამარჯვება აღმოჩნდა - საკუთარი წარმატებით მთვრალმა დიდი წვალებით დაგროვილი პოლიტიკური კაპიტალი რეკორდულად მოკლე დროში გაფლანგა. ქმედება იწვევს უკუქმედებას. სადაც რევოლუციაა, იქაა ვანდეაც. რეფორმებს ყოველთვის უკმაყოფილება მოყვება. ყოფილი ნომენკლატურა თუ სხვა სოციალური ჯგუფები, რომელიც ხელისუფლების მოქმედების შედეგად ზოგჯერ სამართლიანად და ზოგჯერ უსამართლოდ დაზარალდა, დღეს ბევრად უფრო უკეთაა მობილიზებული, ორგანიზებული და მოტივირებული, ვიდრე ეს "ვარდების რევოლუციამდე" იყო. ხოლო ლიბერალური რეფორმების მხარდამჭერები არაცნობიერად ერთგვარ თვითიმედოვნებას არიან მიცემულნი. შედეგი სახეზე გვაქვს - ხელისუფლება სოციალურ დაკვეთას ასრულებს და სოციალური დაკვეთა ყოველთვის აქტიური უმცირესობების მიერ ფორმირდება.
- როგორ უნდა გააქტიურდეს ინდიფერენტული ნაწილი, რა შეუწყობს მათ გააქტიურებას ხელს?
- მაგიური ფორმულები არ არსებობს...
- არა, მაგრამ რაღაც უნიკალური ხომ მაინც გვჭირს? მაგალითად, თუნდაც ის, რომ აგერ უკვე ოცი წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ, ერთი და იგივე შეცდომები, ერთი და იგივე პრობლემები... ასე არ ფიქრობთ?
- მე მგონი, ეს წრე არ არის, უფრო სპირალია. რაღაცეები, ალბათ, მეორდება, მაგრამ თვისობრივად მაინც სხვა განზომილებაში ვართ.
- რა როლი აქვს დღეს არასამთავრობო სექტორს, რომლის აქტიურობაც ბოლო 5 წელია ერთგვარად მინავლულია?
- რევოლუციის შემდეგ უფრო ნათელი გახდა ის შინაგანი სისუსტეები, რომელიც არასამთავრობო სექტორს ჰქონდა. ამ პრობლემების გამოაშკარავებამ შექმნა ილუზია, რომ თითქოს, რევოლუციის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება დასუსტდა. თუკი აბსოლუტურ განზომილებაში ვისაუბრებთ, ის ამაზე ძლიერი არც არასდროს ყოფილა. რევულუციამდე თავად სახელმწიფო იყო ერთი დიდი, ინერტული და მოუქნელი არასამთავრობო ორგანიზაცია და არა მოცემულ ტერიტორიაზე ლეგიტიმური ძალადობის მონოპოლისტი. მასთან კონკურენცია სხვა, უფრო პატარა და მობილური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ბევრად უფრო ადვილი იყო. რევოლუციამ ახალი დინამიკა შემოიტანა, სახელმწიფო გაძლიერდა, სამოქალაქო საზოგადოება კი დარჩა იმად, რაც იყო - ანუ ფარდობითად დასუსტდა.
- იმის ბრალი ხომ არ არის, რომ ახალი ხელისუფლება არასამთავრობოთა ხარჯზე გაძლიერდა?
- ერთი-ორი ადამიანის წასვლა ძირეულად სურათს არ ცვლის, და ასეც რომ იყოს, თუ სულ რაღაც ორ ადამიანზეა დამოკიდებული, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოება სუსტია და ინსტიტუციონიზება აკლია. არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემა ისაა, რომ ისინი არავის წარმოადგენენ საკუთარი თავის გარდა. როცა მთავრობასაც დემოკრატიული ლეგიტიმაციის დეფიციტი აქვს, მაშინ მოხალისეობის დაბალი ხარისხი და წევრთა სიმცირე არც ისეთი სიმწვავით ჩანს. არჩევნების გზით მოსულ ხელისუფლებას შეუძლია საკუთარ თავს მისცეს იმის უფლება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისევე შეხედოს, როგორც ყველა სხვა ლობისტურ ჯგუფს, მოუსმინოს, მაგრამ იმოქმედოს საკუთარი საარჩევნო მანდატის შესაბამისად.
- ბრძანეთ, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივ დაკვეთას შეასრულებს...
- არამხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთელი პოლიტიკური კლასი.
- დიახ. მეორე მხრივ, ისიც თქვით, რომ განაწყენებული ადამიანები აქტიურობენ და ისინი უფრო კონსოლიდირებულნი არიან. ისე ჩანს, თავად ოპოზიციური ძალებიც და ხელისუფლებაც სხვადასხვაგვარად აღიქვამს ამ დაკვეთას.
- ყველა პოლიტიკოსმა თავისთვის უნდა გააკეთოს დასკვნა, რას ემსახურება, რას უნდა რომ მიაღწიოს. პრაგმატიზმის ჯანსაღი დოზის გარეშე პოლიტიკური წარმატება შეუძლებელია, მაგრამ ნებისმიერი კომპრომისისას უნდა გვახსოვდეს ის მიზანი, რისთვისაც ესა თუ ის დათმობა ხდება და უნდა აიწონ-დაიწონოს - ესა თუ ის ტაქტიკური ნაბიჯი გვაახლოებს თუ გვაშორებს სტარტეგიულ მიზანს. ნამდვილი ლიდერი უპრინციპო ოპორტუნისტისგან იმით განსხვავდება, რომ ფლუგერივით არ იქცევა, რომელიც იქით შეტრიალდება, საითაც ქარი დაუბერავს. ისეთ არასტაბილურ და ფეთქებადსაშიშ გარემოში, როგორშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, ქარები სულ სხვადახვა მხრიდან უბერავენ და ამ ფლუგერს თუ მყარი ტარი არ აქვს, შეიძლება მოტყდეს და დაიმტვრეს.
- არ გსურთ ოპოზიციაზე საუბარში დროის ხარჯვა, მაგრამ მაინც გკითხავთ. დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში ხელისუფლებაში მაღალ პოზიციებზე ნამყოფი ადამიანები გადაბარგდნენ. როგორ გგონიათ, ისინი შეძლებენ ლიდერებად გახდომას?
- "ლომი ბრჭყალთაგან შეიცნობის". ჯერ-ჯერობით, ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში არ ჩანან. სისხლის გამოცვლა რომ არ ხდება, სტაგნაციის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. დასავლეთში პოლიტიკური მარცხის შემდეგ მიდის არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ იგივე წესი მოქმედებს ოპოზიციის შემთხვევაშიც. მაგალითად, ბრიტანელ კონსერვატორებს უკვე მეოთხე ლიდერი ჰყავთ და ახლა არჩევნების მოგების რეალური შანსი აქვთ. თითოეულ მარცხთან ერთად, თავად ოპოზიციის მომხრეთა შორის სულ უფრო და უფრო იკლებს რწმენა, რომ მათი ბელადები "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებას შეძლებენ.
- როგორ ფიქრობთ, მოვლენების ესკალაცია შესაძლებელია? მოხდება რევოლუცია, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ?
- საერთოდ, როგორც წესი, ოპოზიცია კი არ იგებს, ხელისუფლება აგებს. არა მგონია, ამ გაზაფხულზე სერიოზულ ტურბულენციას ჰქონდეს ადგილი, თუ რამე მონუმენტური სისულელე არ ჩაიდინა ხელისუფლებამ - მის გამოსახატავად ზურა წერეთლის ტალანტი რომ არ ეყოფა, ისეთი. რაც კი ისტორიაში რევოლუცია ყოფილა, ყველა ეკონომიკური ბუმის დროს მოხდა - საფრანგეთში, რუსეთში, მექსიკაში. ჩვენსავე ისტორიაშიც ასე იყო. ეროვნული მოძრაობის აღმავლობა წინა საუკუნის 80-იან წლებში - საბჭოური კეთილდღეობის პიკზე, 2003 წლის "ვარდეების რევოლუცია" თუ 2007 წლის შემოდგომის მოვლენები - ესეც ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპების ფონზე ხდებოდა. შეიძლება, ეს პარადოქსულად გამოიყურება, მაგრამ მარტივი ლოგიკური საფუძველი აქვს - ბუმის პირობებში მოლოდინები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეკონომიკას მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობა აქვს. შედეგი - ფრუსტრაცია. რევოლუციას ახდეენ ადამიანები, ვისაც მომავლის რწმენა აქვს და ცვლილებებს იმედის თვალით უყურებს. ახლა სულ სხვა ვითარებაა. ხალხს მომავლის ეშინია, ცვლილებებს კარგს არაფერს არ უკავშირებს. ასეთ ვითარებაში საზოგადოებაში სტაბილურობაზე მოთხოვნილება იზრდება.
- ქართულ მედიაზე რას იტყვით?
- ქართული მედიის მომხმარებელი უკვე კარგა ხანია, აღარ ვარ. ვკითხულობ მხოლოდ იმას, რაც ინტერნეტშია. ვუყურებ მხოლოდ Animal planetNational Geographic, History...
- აფთრების ცხოვრება საინტერესოა, მაგრამ სინამდვილეს ხომ არ გაურბიხართ?
- ჩვენი სატელევიზო მედიის მრავალფეროვნების მიუხედავად, ტელევიზიები სინამდვილეს კი არ ასახავენ, არამედ ვირტუალურ რეალობას ქმნიან. აფთრების ცხოვრება ბევრად უკეთეს წარმოდგენას იძლევა პოლიტიკური პროცესების შესახებ. დევიდ ატენბორო უფრო მეხმარება მიმდინარე მოვლენების გაგებაში, ვიდრე ის, რასაც კახა ბენდუქიძემ ვიეტნამური ჟურნალისტიკა უწოდა. დღეს ბევრს საუბრობენ ცენზურასა თუ თვითცენზურაზე და ცდილობენ, ამით ახსნან ქართული მედიის არასახარბიელო მდგომარეობა. ჩემი აზრით, ეს პრობლემის გამარტივებაა. ვიეტნამელი ჟურნალისტი როცა ხარ, ცენზურაზე გადაბრალება კომფორტულია, ამით ადვილად იცილებ საუბარს აროგანტულობის, სიბნელის, სიზარმაცისა და არაპროფესიონალიზმის შესახებ. საბჭოთა დროსაც იყო ცენზურა, მაგრამ არსებობდა ე.წ. "სამიზდატი" და "ტამიზდატი". როცა ცენზურა გაუქმდა, ყველგან დაიწყეს ადრე აკრძალული ლიტერატურის გამოქვეყნება. საქართველოში გრიგოლ რობაქიძის გარდა, მგონი საერთოდ არაფერი ახალი არ გამოქვეყნებულა. პრობლემა არამხოლოდ საბჭოთა ცენზურა იყო, არამედ ისიც, რომ ქართველი მწერლები ასაკრძალს არაფერს წერდნენ. მხოლოდ საბჭოთა ცენზურაში რომ არ იყო საქმე, ეს თუნდაც იმითაც დადასტურდა, რომ დამოუკიდებლობის პირობებშიც ბევრი არაფერი შემატებია ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. ბევრი ჟურნალისტისგან გამიგია, რომ მათი დამსაქმებლის სარედაქციო პოლიტიკა პროფესიული თვითრეალიზაციის შესაძლებლობას არ აძლევს, რომ ვერ ამბობენ იმას, რისი თქმაც საზოგადოებისათვის უნდათ. ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ რაც არ მესმის ისაა, თუ რატომ არავინ ცდილობს ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით თვისობრივად ახალი პროდუქტი შესთავაზოს მკითხველს, მაყურებელს, მსმენელს. თანამედროვე ტექნოლოგიები და პირველ ყოვლისა, ინტერნეტი ამის ფართო შესაძლებლობას იძლევა. ამდენი უკმაყოფილო ჟურნალისტია და მიუხედავად ამისა, ქართული ბლოგოსფერო გობის უდაბნოსავითაა. სიცოცხლის ნიშნები ძალიან იშვიათად გვხვდება. თუმცა, ბოლო პერიოდში გარკვეული გამოცოცხლება აქაც იწყება.
Ideas Have Consequences თავის დროზე ძალიან გავლენიანი წიგნი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე იდეები მეორეხარისხოვანი მგონია. უიდეობის პრობლემა არაა, უბრალოდ, ამ იდეების განხორციელების მექანიზმებია მოშლილი. ლიბერალური იდეები და რეფორმები ყველა ფრონტზე ან, როგორც მინიმუმ, სტაგნაციაშია, ან უფრო უარესი, სერიოზული რღვევის საფრთხის წინაშეა. დიდი გულუბრყვილობა იქნება, პრობლემის არსის მხოლოდ პოლიტიკურ ნებამდე დაყვანა - როგორი ნებაც ექნებათ პოლიტიკოსებს, ისეთ პოლიტიკას გაატარებენ. ვერ გაატარებენ! ნებისმიერი პოლიტიკის გატარებას შესაბამისი ინსტრუმენტი და ინფრასტრუქტურა ჭირდება. ინსტრუმენტარი, რომელიც პოლიტიკურ დაგეგმვას და სოციალურ მობილიზაციას ჭირდება, ან საერთოდ არაა ან ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. იდეები ბევრი შეიძლება იყოს, მათგან პრიორიტეტები იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, რაც ფართო კოალიციის შექმნას შეუწყობს ხელს და საერთო სტრატეგიასთან შესაბამისობაში იქნება. პრობლემა უფრო ტექნოლოგიურია, ვიდრე ვოლუნტარისტური. პირველ რიგში, პოლიტიკური ინფრასტრუქტურის აღდგენა უნდა მოხდეს, რისი მეშვეობითაც ხდება იდეების გენერირება და კომუნიკაცია. ძალიან ბევრი რამ თავიდან უნდა დავიწყოთ. წინსვლის გასაგრძელებლად სისტემური გადატვირთვა გვჭირდება