11.04.2008

ახალი ბირთვული სტრატეგია

სადამის ბედი კარგი მაგალითია იმისა, რომ ბირთვული იარაღის დაუფლების მცდელობა იმუნიტეტის ნაცვლად ლიკვიდაციის გარანტიაა, როგორც პოლიტიკური, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ამ პრეცედენტს სერიოზული პრევენციული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ერაყული გაკვეთილიდან ყველა ველურმა რეჟიმმა სათანადო დასკვნა გამოიტანოს, რისკიანი თამაშის ცდუნებას არ აყვეს და ბედს გამოცდა არ მოუწყოს. ამიტომ, რაც არ უნდა სადავო იყოს ის მიზეზები და საფუძვლები, რის გამოც ამერიკამ ერაყის ომი დაიწყო, მთავარია, რომ ამ ომის საბოლოო შედეგი ყველასთვის ერთმნიშვნელოვნად ცხადი და დამაჯერებელი იყოს.
ცივი ომის დროს გარანტირებული ურთიერთგანადგურების ლოგიკა მეტ–ნაკლებად იცავდა სამყაროს ბირთვული ომისაგან. თუმცა, ზოგჯერ ამ ზღვართან ყველაფერი ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მაინც, 2 მოთამაშის პირობებში კიდევ შესაძლებელი იყო, რომ უფსკრულის კიდესთან შეჩერება მომხდარიყო. ბირთვული გავრცელება, ტერორისტული ჯიჰადიზმის ტრანსცენდენტური საფრთხის პირობებში, ამ პრობლემას სულ სხვა, ბევრად უფრო საზარელ განზომილებას აძლევს.
კომუნისტები მზად იყვნენ, საკუთარი ჯოჯოხეთური მიზნების მისაღწევად მილიონობით ადამიანი გაეწირათ, მაგრამ თვითონ სიკვდილისათვის მზად არ იყვენ. ამიტომ ყველაზე მწვავე კონფრონტაციის დროსაც კი, ბოლო მომენტში უკან იხევდნენ. მოწამეობრივი აღსასრული მათ გეგმებში არ შედიოდა.
50 წლის განმავლობაში მშვიდობის საფუძველი შიშის ბალანსი იყო. ასე მაგალითად, რუსული სს–20–ების საწინააღმდეგოდ ევროპაში ამერიკული პერშინგების განლაგება მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის რამაც კაცობრიობა არა მარტო არმაგედონს გადაარჩინა, არამედ თავად ასეთი საფრთხის წყაროს განადგურების მიზეზიც გახდა იყო რეიგანის ვარსკვლავური ომების პროგრამა.
სტრატეგიულმა თავდაცვითმა ინიციატივა ტრადიციული შეკავების ლოგიკით არ იყო ნაკარნახევი, არამედ ბალანსში გარღვევასა და გარდამტეხი უპირატესობის მოპოვებას ისახავდა მიზნად. ვარსკვლავურ ომებმა ბირთვულ იარაღს აზრი დაუკარგა. საბჭოთა კავშირი, ჰელმუტ შმიტის სიტყვებით, ბირთვული რაკეტებიანი ზემო ვოლტა იყო. სწორედ სტრატეგიულმა თავდაცვითმა ინიციატივა გახდა მისი გეოპოლიტიკური ჩამოლაბორანტების მთავარი მიზეზი.
ცივი ომის დროს ამერიკას ბირთვული დაშინების პოლიტიკის გატარება უწევდა იმდენად, რამდენადაც სხვა არჩევანი მას უბრალოდ არ ქონდა. რუსეთმა ბირთვული ირაღი შექმნა მაშინ, როცა ჩვეულებრივ შეიარაღებაში უპირატესობა თუ არა, ამერიკის ტოლფარდი პოტენციალი ქონდა. ასე რომ, საბჭოთა კავშირის განიარაღება მოულოდნელი ატომური შეტევის გარეშე შეუძლებელი იყო, ისე როგორც ეს ისრაელის მიერ სადამის ოსირაკის რეაქტორის განადგურების შემთხვევაში მოხდა.
ბირთვული და რაკეტული ტექნოლოგიების გავრცელებისა და სუიციდალური კულტურის პირობებში გარანტირებული ურთიერთგანადგურების ლოგიკა აღარ მუშაობს. ის, რომ 20–ე საუკუნეში გადავრჩით, ეს დაშინების პოლიტიკის საიმედოობაზე კი არა, იღბალზე მიუთითებს. ყოველთვის ასე არ გაგვიმართლებს. ეს იარაღი ველური რეჟიმების და ჯგუფების ხელში თუ აღმოჩნდება, უკვე ძალიან გვიან იქნება.
ამიტომ ამერიკის ახალი მიზანი ბირთვული ომის თავიდან აცილება კი არა, მისი წარმოების საშუალებების გარანტირებული გაუვრცელებლობაა. ამის მიღწევა კი მხოლოდ ერთი გზით შეიძლება – არა ბალანსი, არამედ ამერიკის უპირობო და უცილობელი პირველობა. 
Post a Comment