11.04.2008

მწარე ნუგეში

ასეთი მედია გარემოში არიზონას სენატორს ისღა დარჩენია ღრმად ჩაისუნთქოს და თავისი დაუნებებელი კამპანია განაგრძოს. გარკვეულწილად მაკეინი საკუთარივე წარმატების მსხვერპლია – "ერაყის ზვირთი" – მაკეინის მიერ მხარდაჭერილი ომის ახალი სტრატეგია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საკითხი საარჩევნო დღის წესრიგიდან გაქრა. თუკი 2006 წლის დეკემბერში ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი მთავარ პრობლემად ერაყის ომს მიიჩნევდა, დღეს ასეთი აზრის მხოლოდ ერთეულებია.

ობამასთვის ეს უაღრესად სასიამოვნო პარადოქსია – თეთრ სახლში ის შესაძლოა, იმ სტრატეგიის წარმატების შედეგად აღმოჩნდეს, რომელსაც ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მაკეინს კი მწარე ნუგეშად ის დარჩება, რომ არჩევნები იმტომ წააგო, რომ წაგებისათვის განწირული ომის მოგება შეძლო. აკი მას ბევრჯერ უთქვას კიდეც, რომ ომში დამარცხებას არჩევნების წაგება მირჩევნიაო.

არიზონის სენატორის ასეთი განწყობა შემთხვევითი არაა. მან კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის გამო მოსაგები ომის წაგება. ის ასეთ ომში თავად იბრძოდა და ტყვედ ჩავარდა, მაგრამ ვიეტნამელი ჯალათების ხელში ყოფნაზე უფრო მწარე იმის განცდა იყო, რომ ომის ბედი პოლიტიკის მძევალი აღმოჩნდა. არმიამ ყველა ბრძოლა მოიგო, მაგრამ პოლიტიკოსთა გამო საბოლოოდ ომი მაინც წააგო.

რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი დარწმუნებელია, რომ არა პოლიტიკოსთა ხელშეშლა, გენერალი კრეიტონ აბრამსი და ადმირალი ჯონ მაკეინ II ვიეტნამის ომში სრულ გამარჯვებას მოიპოვებდნენ. ვიეტნამიზაციის მეშვეობით მათ შეძლეს ომში გარდატეხის შეტანა, მაგრამ ჯარს საშუალება არ მისცეს წარმატებული სტრატეგია ბოლომდე მიეყვანათ. ამ ყველაფრის შედეგად ვიეტნამის სინდრომი დიდი ხნის განმავლობაში წამლავდა ამერიკის პოლიტიკურ ნებას, გაბედულად ემოქმედა ეროვნული ინტერესების დასაცავად.

გენერალ დევიდ პეტრეუსში მაკეინმა ახალი კრეიტონ აბრამსი იპოვნა და ყველაფერი გააკეთა, რომ ისტორია არ გამეორებულიყო. ყველა სირთულის მიუხედავად, საბოლოო ჯამში ამერიკამ ერაყში მაინც დიდ სტრატეგიულ წარმატებას მიაღწია. სადამის დამხობით ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის შეცვლაზე მეტად ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა თავად ამ ომის პრეცედენტს ქონდა. 

Post a Comment