11.04.2008

ორმაგი ფსკერის მქონე ყუთი

თუკი ბილ კლინტონის წარმომავლობა უკავშირდებოდა "ადგილს, სახელად ჰოუპ" – ანუ ქართულად იმედი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბარაკ ობამას ფენომენი მოდის იდეიდან, სახელად იმედი. მომხრეთათვის ობამა უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი – ისაა იდეა. იდეა იმედის. იმედი ცვლილების. მაგრამ რა ცვლილების? რომელიც იმედს მოიტანს.

თითქოს ამ მოვლენის შესახებ წერდა ალექსის დე ტოკვილი, როცა ზოგადი იდეებისა და აბსტრაქტული ცნებებისადმი დემოკრატიული ერების განსაკუთრებულ მიდრეკილებაზე ლაპარაკობდა – "ეს აბსტრაქტული ცნებები, რომლებიც დემოკრატიულ ენებში უხვად მოიპოვება და ... კონკრეტული ფაქტობრივი დატვირთვის გარეშე გამოიყენება, აფართოვებს და აბუნდოვნებს იმ აზრს, რომლის გადმოცემასაც ცდილობს ... აბსტრაქტული იდეა ორმაგი ფსკერის მქონე ყუთივითაა; რა იდეაც მოგესურვება, შეგიძლია მასში სხვათა შეუმჩნევლად ჩადო და ამოიღო."

ოპონენტების აზრით, დემოკრატების კანდიდატი უკეთესი სიმბოლოა, ვიდრე პრეზიდენტი შეიძლება იყოს. მისი პოპულარობა ეფუძნება არა იმდენად რაიმე თანმიმდევრულ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ფილოსფიას, არამედ პიროვნების კულტს. მომხრეებისთვის კი მის წინაღმდეგობრივ და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს მნიშვნელობა არა აქვს. ეს იმიტომ რომ კონსერვატორებს უბრალოდ არ ესმით, რომ ობამა "პოსტ–რასობრივ" და "პოსტ–პარტიულთან" ერთად "პოსტ–ლოგიკური" კანდიდატიცაა.

Post a Comment