11.04.2008

წინაღმდეგობრივი კერპები

მაკეინის პოლიტიკური კარიერა 82 წელს, რეიგანის რევოლუციის ტალღაზე დაიწყო. ჯერ კონგრესმენი გახდა, შემდეგ 86-ში – სენატორი. ამიტომ საკუთარ თავს ხშირად რეიგანის რევოლუციის ჯარისკაცად მოიხსენიებს ხოლმე.

მაკეინის მთავარი პრობლემა მისი შინაგანი წინააღმდეგობებია და არა ის, რომ ბევრ საკითხზე რესპუბლიკური ორთოდოქსიისგან განსხვავებული პოზიციები აქვს. მაკეინის კერპი რონალდ რეიგანთან ერთად თეოდორ რუზველტია. რუზველტი - საგარეო პოლიტიკაში ინტერვენციონისტი, ხოლო საშინაო პოლიტიკაში პროგრესისტი იყო. მაკეინი ახლაც ხშრად საუბრობს ხოლმე უოლსთრითის ანგარებაზე, კორპორატიულ კორუფციაზე, ემისიაზე ლიმიტების დაწესების შესახებ.

ღირსებაზე ორიენტირებული ჯარისკაცული ეთოსის მედალს მეორე მხარეც აქვს – მისთვის სარგებელზე მომართული ვაჭრული სამყარო გაუგებარია.

რუზველტის კვალდაკვალ მაკეინისათვისაც "უხილავი მთავრობის ნგრევა, კორუმპირებულ ბიზნესსა და პოლიტიკას შორის უწმინდური კავშირის დაშლა სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის უპირველესი ამოცანაა".

რუზველტისათვის პროგრესის გზა ბრძოლის ველს წარმოადგენდა, სადაც ყოველგვარი კერძო ინტერესი ეროვნული დიდების სამსახურში უნდა ჩამდგარიყო. რუსოს მსგავსად, რუზველტსაც მიაჩნდა, რომ ჭეშმარიტი პიროვნული თავისუფლება საზოგადოებასთან შერწყმაშია. მისი კოლექტივისტური და ეტატისტური ნაციონალიზმი თავისუფალ ბაზარსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ქაოსს ხედავდა, რომელიც სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს და საერთო მიზნისაკენ მიმართოს.

თავად უდიდესი ეგოს პატრონისათვის, სხვათა ინდივიდუალიზმი მიუღებელი იყო. პოლიტიკოსთა პარტიულ ინტერესსა და ბიზნესის სარგებლისადმი სწრაფვაში ეროვნული ერთობის დარღვევის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევდა და ზნეობრივი გახრწნის გამოვლინებად თვლიდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე სიტყვა კორუფცია მაკეინის ლექსიკონში ცენტრალურ ადგილს დაიკავებდა.

Post a Comment