11.04.2008

კედელი

არჩევიდან ნახევარი წელი არ იყო გასული, როცა კენედი ვენაში საბჭოთა ლიდერ ნიკიტა ხრუშჩოვს შეხვდა. მისი იდეალიზმი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ სისუსტედ და თავისი ექსპანსიონისტური ზრახვების განხორციელების შანსად ჩათვალა. ვენაში მოლაპარაკებებს 61 წლის აგვისტოში ბერლინში კედლის მშენებლობა მოყვა. კენედის სიტყვებიდან გაირკვა, რომ ამერიკა მხოლოდ დასავლეთ გერმანიისა და დასავლეთ ბერლინის დასაცავად იყო მზად და რომ აღმოსავლეთ გერმანელებს არ დაეხმარებოდა.

ისტორიაში შევიდა კენედის მიერ 2 წლის შემდეგ ნათქვამი სიტყვები, "2 ათასი წლის წინ ყველაზე თავმომწონე კვეხნა "Civis Romanus sum." [რომის მოქალაქე ვარ]. დღეს, თავისუფლების სამყაროში ყველაზე თავმომწონე კვეხნაა - "Ich bin ein Berliner" [მე ბერლინელი ვარ].", მაგრამ მაშინ ახალგაზრდა პრეზიდენტს ამერიკაში ძალიან ბევრი აკრიტიკებდა კედლის მშენებლობაზე სუსტი რეაქციის გამო. შეერთებულმა შტატებმა ბერლინის კედელი მიიღო როგორც "საერთაშორისო ცხოვრების ფაქტი". შეგუების პოლიტიკა გაგრძელდა მანამ, სანამ 1987 წელს რეიგანმა ბრანდერბურგის ჭიშკართან ხმამაღლა არ მოითხოვა "მისტერ გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!" სახელმწიფო დეპარტამენტი ამაოდ ცდილობდა, რომ ეს სიტყვები რეიგანის გამოსვლაში არ მოხვედრილიყო.

ღორების ყურეში კასტროს რეჟიმის წინააღმდეგ გადასხმული თავისუფლებისთვის მებრძოლი კუბელი მეამბოხეების ამერიკული საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერის გარეშე მიტოვება, კენედის გაუბედავობის კიდევ ერთ ნიშნად იქნა აღქმული. კეთილი ნების ჟესტების გამო კენედის მოუხდა სიმტკიცისა და უშიშრობის მკაცრი გამოცდის ჩაბარება. კარიბის კრიზისის დღეებში გაბედული მოქმედების პარალელურად საბოლოო ჯამში იგი მაინც დათმობებზე წავიდა და კუბიდან საბჭოთა რაკეტების გაყვანის შემდეგ თურქეთიდან ამერიკული რაკეტები გაიყვანა.

თანაც, ობამასგან განსხვავებით კენედი პოლიტიკური ნეოფიტი არ ყოფილა. საბრძოლო ნათლობა II მსოფლიო ომში ქონდა მიღებული. მამამისის ბრიტანეთში ელჩობის დროს მომავალ პრეზიდენტს შესაძლებლობა ქონდა, თავად ყოფილიყო მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმე. შემდეგ ამ გამოცდილების საფუძველზე მან ჰარვარდის უნივერსიტეტში ნაშრომიც კი დაწერა – "რატომ ეძინა ინგლისს", სადაც გაანალიზებულია აგრესიის დაშოშმინების პოლიტიკის შეცდომები. 

Post a Comment