11.04.2008

ნიკოლას გზა

II მსოფლიო ომის შემდეგ ზედიზედ 3–ჯერ ერთი და იგივე პარტიის კანდიდატი სულ 2–ჯერ იყო არჩეული – ჰარი ტრუმენი ფრანკლინ დელანო რუზველტის და ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში რონალდ რეიგანის შემდეგ. კიდევ უფრო ძნელია გაიმარჯვო არჩევნებში, როცა იმ პრეზიდენტის პარტიას წარმოადგენ, რომლის 8 წლიან მოღვაწეობას ამერიკელთა 70% უარყოფითად აფასებს.

როცა 90%–ის აზრით, ქვეყანა არასწორი გზით მიდის, ოპოზიციური პარტიის კანდიდატის დამარცხება კიდევ უფრო რთული ხდება, როცა ამ კანდიდატის საარჩევნო ბიუჯეტი შენსას 4–ჯერ აღემატება. რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. რესპუბლიკელებისათვის უაღრესად ტოსიკურ გარემოში აღნიშვნის ღირსი მაკეინის მარცხი კი არა, მისი კონკურენტუნარიანობაა, თანაც საკმაოდ ნიჭიერი და იღბლიანი ოპორტუნისტთან ბრძოლაში.

ერთად–ერთი ნაციონალური ინსტიტუტი, რომელიც ამჟამინდელ რესპუბლიკელ პრეზიდენტზე უფრო არაპოპულარულია - დემოკრატიული კონგრესია – მის საქმიანობას 2–ჯერ ნაკლები ამერიკელი იწონებს, ვიდრე რეკორდულად არაპოპულარული ბუშის. კონსერვატორებს იმედი აქვთ, რომ ეფექტური კამპანიით მათ შეუძლიათ, ამომრჩეველს მარტივი ჭეშმარიტება აუხსნან – ობამას გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების 2–ვე შტო ერთი პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდება.

ამიტომ აუცილებელია მაკეინის გაპრეზიდენტება, რომ დემოკრატი კონგრესმენების სახიფათო ტენდენციების შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი არ მოიშალოს და ამერიკა განვითარების მკვლელი გადასახადების, ინიციატივის ჩამხშობი რეგულაციების, სიმდიდრის გადამანაწილებელ და აგრესიის წამყრუებელ ევროპული ტიპის სოციალ–დემოკრატიულ ქვეყანად არ იქცეს.

რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ მათმა კანდიდატმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ ამომრჩევლებს ნათლად და დამაჯერებლად დაანახოს, თუ რატომაა მათი ცხოვრებისათვის რელევანტური მისი სიმართლე თუ ობამას ნაკლოვანებები. მაკეინის წინაშე მთავარი გამოწვევა სცილასა და ქარიბდეს შორის მანევრირების უნარში მდგომარეობს – დამაჯერებლად გაემიჯნოს ბუშს, თანაც ისე, რომ მისი ეს ნაბიჯი ამომრჩეველმა ოპორტუნიზმად არ ჩათვალოს. უდავოდ ძნელი ამოცანაა, მაგრამ არა გადაუწყვეტელი.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მსგავსი პრობლემის წარმატებით გადაჭრა კიდევ ერთმა კონსერვატორმა შეძლო – ნიკოლა სარკოზიმ დაარწმუნა ჟაკ შირაკის წარუმატებელი მმართველობით დაღლილი ფრანგი ამომრჩეველი, რომ მას ქვეყნის ახალი მიმართულებით წაყვანა შეუძლია. საფრანგეთის მაგალითი მოწმობს, რომ ობამას მიერ ბუშთან გაიგივებით მაკეინის კრიტიკა შეიძლება ბუმერანგივით უკან შეუტრიალდეს. ანალოგიურ ვითარებაში "ფრანგული პასპორტის მქონე ამერიკელმა ნეოკონსერვატორმა" მოახერხა მისი მემარცხენე ოპონენტის მიერ წარმავალი პრეზიდენტისადმი ხშირი აპელირება წარსულში ჩაციკლვისა და პოზიტიური ხედვის უქონლობად წარმოეჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ სარკოზი უკიდურესად არაპოპულარულ მმართველ პარტიას წარმოადგენდა, ფრანგმა ამომრჩეველმა სწორედ ის მიიჩნია მომავალზე ორიენტირებულ კანდიდატად, ხოლო მისი ოპონენტი კი, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს – არასასურველი სტატუს ქვოს შენარჩუნების გარანტიად. 4 ნოემბერი აჩვენებს, რამდენად შეძლო მაკეინმა თავისი ფრანგი იდეოლოგიური თანამოძმის ტრიუკის გამეორება. 

Post a Comment