11.04.2008

ვლადიმერ მრისხანე

მაკეინი არ იყო მათ რიცხვში, ვისაც თვალები მხოლოდ მაშინ აეხილა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, რუსეთი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა. მათგან განსხვავებით, ვისაც საქართველოს და უკრაინის ნატოში სწრაფი მიღება გამომწვევი უპასუხისმგებლობა გონია, მაკეინი უკვე დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის პროვოცირებას დასავლეთის პრინციპულობა კი არა, მისი სისუსტე ახდენს.

მაკეინი იმასაც ითვალისწინებს, რომ დღეს რუსეთის სათავეში საბჭოთა გერონტოკრატიისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოლოგიური კონსტიტუციის და ასაკის გათვალისწინებით, თუნდაც სულ სხვა ვიტალური ენერგიის მქონე ხალხია.

საბჭოთა სისტემა, განსაკუთრებით უძრაობის წლებში, კარიერისტი აპარატჩიკების დაწინაურებას უზრუნველყოფდა. როცა ისინი სახელისუფლებო პირამიდის მწვერვალს აღწევდნენ, და შესაბამისად, რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებთან შეხების შესაძლებლობა უჩნდებოდათ, ისინი ნომენკლატურულ კულუარებში დაგროვილი ცხოვრებისეული გამოცდილების შესაბამისად მოქმედებდნენ, პრინციპით – სიფრთხილე თვითგადარჩენის საწინდარია.

პუტინის ხროვა თავზეხელაღებული ავანტურისტებისაგან შედგება, რომელთა მიერ მღელვარე 90–იან წლებში და არა სტაგნაციის პირობებში განვლილმა გზამ მათ ერთი საბჭოთა ფილმის აფორისტული გამონათქვამის სისწორეში დარწმუნების შესაძლებლობა მისცა – ვინც არ რისკავს, ის შამპანურსაც არ სვამს.

ივანე მრისხანის ოპრიჩნინის შემდეგ, სადამსჯელო ორგანიზაციისა და სახელმწიფოს სრული შეზრდა პირველად მოხდა. წითელი ტერორის აპოგეის დროსაც კი რეპრესიული მანქანა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენდა. თუკი პრუსია არმიასთან არსებული სახელმწიფო იყო, პუტინმა რუსეთი სპეცსამსახურთან არსებულ სახელმწიფოდ აქცია. ბუშისგან განსხვავებით, მაკეინი პუტინის თვალებში თავიდანვე სამ ასოს ხედავდა – იმ დანაშაულებრივი ორგანიზაციის აბრევიატურას, რომლის 5–ე სამმართველოში სტუდენტების თვალთვალითაც დაიწყო რუსეთის მომავალი პრეზიდენტის კარიერა.

2000 წლის არჩევნებზე, როცა ბუში "მოკრძალებული საგარეო პოლიტიკის" ლოზუნგით გამოდიოდა, მისი რესპუბლიკელი კონკურენტი ამერიკის მთავარ საგარეო პრიორიტეტად "ველური რეჟიმების უკუქცევას" მიიჩნევდა.

მაკეინმა კარგად იცის, რომ ბოროტებას ტოტალიტარული მისწრაფება აქვს, შეუძლებელია, რომ ის ნაწილობრივი იყოს და ამით დაკმაყოფილდეს. სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეთა თავისუფლებას თრგუნავს, ვერ მოისვენებს, სანამ მეზობელ ქვეყნებს არ დაიმონებს. რუსეთის ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ ავტორიტარული საშინაო და აგრესიული საგარეო პოლიტიკა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. ერთს მეორე მოყვება, მეორე კი პირველს აძლიერებს.

მაკეინს კარგად ესმის, რომ რუსეთის პოლიტიკა არა მხოლოდ ექსპანსიონისტურია, არამედ რევიზიონისტულიც. მისი ამოცანა არა მხოლოდ ტერიტორიის ან გავლენის სფეროს გაფართოება და 20–ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის შედეგების აღმოფხვრაა. იგი გაცილებით უფრო შორსმიმავალ მიზნებს ისახავს და საერთაშორისო პოლიტიკის თამაშის წესების შეცვლას ესწრაფვის. პუტინის 2007 წლის მიუნხენის სიტყვა იყო რევიზიონისტულ სახელმწიფოდ რუსეთის ტრანსფორმაციის დასრულების მკაფიო სიგნალი. ეს გამოწვევა მაშინ უპასუხოდ დარჩა. 

Post a Comment