11.04.2008

მეუფე მილჰაუს

თუკი ნიქსონი "ძალის ბნელ მხარეს" ევროპეიზებული ელიტის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა, ბარაკ ობამამ სეკულარული ინტელიგენცია ღვთისმოშიში და იარაღისმოყვარული პროვინციის წინააღმდეგ მიმართა. თუკი ნიქსონი ზურგის ტვინით გრძნობდა ლურჯსაყელოიანი მშრომელების განწყობილებებს, ილინოისის სენატორი თეთრსაყელოიანი ცოდნის მუშაკების ენაზე ლაპარაკობს, მათ ფასეულობებთან რეზონირებს, მათი ინსტიქტების სიხშირეზე მაუწყებლობს. თუკი აქამდე კულტურის ფრონტზე რესპუბლიკელების შეტევას დემოკრატები პასუხს ეკონომიკურ ფრონტზე აძლევდნენ, ილინოისის სენატორმა ეს ტრადიცია დაარღვია და კულტურათა ომს მძლავრი კონტრკულტურული კონტრშეტევით უპასუხა.

განა არ არის ეს სითჰის ბნელი მეუფის შურისძიება? ჯედაის ორდენის იმედისმომცემი რაინდი ვერ უძლებს ცდუნებას და ძალაში წონასწორობის აღდგენის ნაცვლად მის ბნელ მხარეს ეუფლება. ამ გარდასახვის აღსანიშნავად ამიერიდან მას შეუძლია ამაყად ატაროს ფარული მოძღვრის შუათანა სახელი, საკუთარის გამოყენებას ის ხომ მაინც ისედაც თაკილობს.

მზეგრძელი იყოს სვედიდებული ბარაკ მილჰაუს ობამა! არა შეიცვალოს იმედი მისი.

Post a Comment