11.04.2008

კანდიდატების სტილი – ჯარისკაცი და ქურუმი

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკელებს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ არა მხოლოდ იდეოლოგია, არამედ კონკრეტული პიროვნება, მისი მსოფლმხედველობით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, სიმპათია–ანტიპათიებით, ტემპერამენტით, ღირსებებითა და ნაკლოვანებებით.
სწორედ ეს მკაფიო ინდივიდუალობა არის დამოუკიდებელ ამომრჩეველებისა და მედიისათვის ორივე კანდიდატის მიმზიდველობის საფუძველი. პოლიტიკასა და ფილოსოფიასთან ერთად ობამასა და მაკეინს განსხვავებული, თუმც კი მკვეთრად ინდივიდუალური სტილი აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ჯარისკაცია, მეორე – ქურუმი, ან თუ გნებავთ მოძღვარი.
მაკეინს არა მხოლოდ უფრო მდიდარი, არამედ ბევრად უფრო არაორდინალური ბიოგრაფია აქვს. ობამასგან განსხვავებით, მას გატკეპნილი გზით არასდროს უვლია, რისკს არასდროს გაქცევია, გამოწვევას არასდროს დამალვია. ნაწილობრივ ალბათ ამითაც აიხსნება რომ, განსხვავებით დემოკრატებისგან, რომლებსაც პრობლემების გადაჭრის უფრო მეტად ტრადიციული მიდგომები ხასიათებთ, მაკეინს და მის გუნდს ბევრად უფრო რადიკალური, არასტანდარტული და კრეატიული იდეები აქვთ როგორც საშინაო პოლიტიკის, ისე თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ობამას და მის გუნდს კი თანამედროვე გამოწვევებზე ქრესტომათიული პასუხები აქვთ, მაგრამ უბადლო მარკეტინგული ალღოს და საკომუნიკაციო უნარების წყალობით ჩამოფასებული იდეების გასაღებას შესაშური წარმატებით ახერხებს.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბევრ საკითხზე დემოკრატების კანდიდატი სტანდარტული რეცეპტებით იფარგლება. ამასთან გარკვეულ კავშირში, ალბათ, თავად ობამას კონვენციური პოლიტიკური კარიერაცაა – იგი ჩიკაგოს პოლიტიკური მანქანის ტიპური პროდუქტია. მიუხედავად იმისა, ან შეიძლება იმდენად რამდენადაც ობამს არასდროს გაურისკია და ყოველთვის აპრობირებული მეთოდებით მოქმედებდა, ფენომენალურ წარმატებას მიაღწია.
სახასიათოდ ნიშანდობლივი იყო მაკეინის და ობამას მიერ საკუთარი ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევა. რესპუბლიკელის არჩევანი რისკიანი და არაორდინალური იყო, დემოკრატის – უსაფრთხო და მოსალოდნელი.
მაკეინს საერთაშორისო ურთიერთობებში  აღიარებული ავტორიტეტია, ობამას კი პირიქით ამ და კიდევ ბევრ სხვა სფეროში ექსპერტიზა აკლია. საერთაშორისო ურთერთობებში გამოცდილების დეფიციტის შევსება მას ჰაერივით ესაჭიროებოდა, რათა ამით ნაწილობრივ გაენეიტრალებინა რესპუბლიკელთა კრიტიკა.
ობამას პოლიტიკური კაპიტალი იმედისა და ცვლილებების შესახებ რიტორიკას ეფუძნება. მისი ოპონენტები კი ხშირად იმეორებენ, რომ იმედი სტრატეგია არაა და რომ გამოცდილების გარეშე ცვლილებების განხორცილება შეუძლებელია. თუმცა ძნელია იმის თქმა, რას უფრო განასახიერებს 36 წლიანი სენატორული სტაჟის მქონე ჯო ბაიდენი – ისტებლიშმენტს თუ განახლებას, რომელიც ობამას კამპანიის მთავარ თემას წარმოადგენს.
მაკეინს ესმის, რომ მისი პარტიის მმართველობით უკმაყოფილო ამომრჩევლის მოსამხრებად მხოლოდ გამოცდილება არაა საკმარისი არგუმენტი. ის ცდილობს საკუთარი თავის კულტივირებას, როგორც რეფორმატორისა და არასტანდარტული რესპუბლიკელის. ამ ასპექტის ხაზგასასმელად პოლიტიკური აუტსაიდერისსარა პეილინის კანდიდატურა ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. პეილისნის არჩევით რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა ხელის ერთის მოსმით შეძლო კამპანიის ნარატივი შეეცვალა – ნოვატორის წინააღმდეგ რეტროგრადიდან ის სათნოებისათვის მებრძოლ ჯვაროსანად გარდაისახა, რომელმაც ვაშინგტონისა და უოლსთრიტის ავგიას თავლა უნდა გაწმინდოს.
Post a Comment