11.04.2008

პოპ–მესია

მომხრეთათვის ობამა ზეადამიანური თვისებებით დაჯილდოვებული ტრანსცენდენტური არსებაა. ოპრა ვითნი თითქმის პითაგორისტულად მას "ერთს" უწოდებს, ხოლო მისი სიტყვები - "ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსი, რომელმაც იცის, როგორ იყოს ჭეშმარიტება" - ოპონენტებში სახარებისეული გზის, ჭეშმარიტების და სიცოცხლის რემინისცენციებს იწვევს.
კონსერვატორები შიშობენ, რომ ამ ყოვლისშემძლეობის განცდით მთვრალი ობამას ადმინისტრაცია ამერიკას ახალი დიდების ნაცვლად სოციალიზმის ძველ იდეებს მოუტანს. დემოკრატების კანდიდატს საკუთარი თავი მესია გონია, მაგრამ სინამდვილეში პოპ–ვარსკვლავივით იქცევა, თავქარიანი ლამაზმანების მსგავსად მასაც უყვარს მილიონების ხარჯვა, ოღონდ ობამა თქვენი ფულის გაფლანგვას აპირებს – აფრთხილებენ კონსერვატორები ამომრჩევლებს.
კლაივ სტეპლს ლუისის თქმით, "ყველა ტირანიათა შორის ყველაზე მჩაგვრელი ის ტირანიაა, რომელიც გულწრფელად ხორციელდება მსხვერპლის სასიკეთოდ. მძარცველი ბარონების ბატონობის ქვეშ ცხოვრება უკეთესი იქნება, ვიდრე ყოვლისშემძლე ზნეობრივი აბეზარი მზრუნველებისა. მძარცველი ბარონის სისასტიკემ შეიძლება ზოგჯერ მიიძინოს, მისი სიხარბე რაღაც წერტილში შეიძლება დაკმაყოფილდეს, მაგრამ ის, ვინც ჩვენსავე სასიკეთოდ გვტანჯავს, ჩვენს ტანჯვას უსასრულოდ გააგრძელებს, ვინაიდან ამას ის თავისი სინდისის მოწონებით აკეთებს."
ვარსკვლავური თვისებების მქონე პრეზიდენტები ამერიკას ადრეც ჰყოლია, თუნდაც იგივე კენედისა და რეიგანის სახით. კლინტონი ლამის საპნის ოპერის პერსონაჟად იყო ქცეული. ობამას აღზევებაში კრიტიკოსები ამ ტრანსფორმაციის კულმინაციას ხედავენ, რის შედეგადაც ვარსკვლავობის ტრიუმფი ამერიკული პოლიტიკის მაორგანიზებელი პრინციპი ხდება.
ნარცისიზმი პოლიტიკაში ახალი არაა. ცუდია ის ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს, მაგრამ ამერიკის ისტორიას არ ახსოვს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატი, თვითშეფასებასა და რეალურ მიღწევებს შორის ამხელა სხვაობით. ილინოისის უმცროსი სენატორის კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარიზ ჰილტონის და ბრიტნი სპირსის მსგავსად იგი ცნობილი მხოლოდ იმით იყო, რომ უბრალოდ ცნობილი იყო.
პოლიტიკური მოღვაწეობის დროს მან 2 ავტობიოგრაფიის დაწერა მოასწრო, მაგრამ ვერ თუ არ შეძლო თუნდაც ერთი მნიშვნელოვანი კანონის ან რეფორმის ავტორი გამხდარიყო. თავის წიგნში ობამა რეიგანის, კენედის, რუზველტის, ლინკოლნისა და ჯეფერსონის მაგალითებზე საუბრობს. თავის თავს იგი, მაუნტ რაშმორის კომპლექსში თუ არა, მომავლის ისტორიის სახელმძღვანელოებში მაინც, აშკარად მათ რიგში ხედავს.
თუმცა ოსანას მომღერლები მას არც დღეს აკლია, მაგრამ ხანდახან, საკუთარი ეგოს განსაკუთრებული მნიშვნელობის შეგრძნების ეშხში შესული, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი თვითონვე არ იშურვებს თავისი პერსონისადმი კომპლიმენტებს და საკუთარი პიროვნების კულტის უმაღლეს ქურუმად გვევლინება.
ოპონენტები ირონიულად მიუთითებენ, რომ ის ზოგჯერ საკუთარ თავზე ხელმწიფურ მრავლობითში საუბრობს – სუპერ–სამშაბათის ღამეს მან განუცხადა თავის მიმდევრებს – "ჩვენ ვართ ის, ვისაც ჩვენ ველოდით". ამ სიტყვებზე ობამას მომხრეთა ეგზალტაციის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი არაა იმ ღვთაებრივი თრთოლვის წარმოდგენა, რომელიც ალმოდებული ბუჩქიდან სიტყვების "მე ვარ, რომელიც ვარ" გამგონემ განიცადა.
კრიტიკოსები ხშირად იმეორებენ ხოლმე ობამას რიტორიკული თავშეუკავებლობის სხვა კურიოზულ მაგალითებს. დემოკრატიული ნომინაციის მოპოვების შემდეგ საზეიმო თავყრილობას ობამამ განუცხადა, რომ მას "აბსოლუტურად სჯერა, რომ გავა დრო და ჩვენ უკან მოვიხედავთ და ჩვენ შვილებს ვეტყვით, რომ სწორედ ეს იყო ის წუთი, როცა სნეულნი გავკურნეთ, უმუშევარნი დავასაქმეთ; ეს იყო წუთი, როცა ოკენეთა მომეტება შეჩერდა და ჩვენმა პლანეტამ მორჩენა დაიწყო. ეს იყო წუთი, ეს იყო დრო, როცა ჩვენ ჩვენი დიდი ერის გარსადაქმნელად ერთად შევიყარეთ."
ამ ვითარებაში უპრიანია ჰარი ტრუმენის სიტყვების გახსენება – "შეერთებული შტატების პრეზიდენტს ესმის ასობით ხმა რომელიც ეუბნება მას, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანია. მან ფრთხილად უნდა ისმინოს, რომ გაიგონოს ის ერთად ერთი, რომელიც ეუბნება ეს ასე არ არის"
Post a Comment