11.04.2008

მესიანისტური იმპულსი

9/11–ის შემდეგ უმცროსი ბუში შეეცადა კომუნიზმი ისლამოფაშიზმით, ხოლო ბოროტების იმპერია – ბოროტების ღერძით ჩაენაცვლებინა. ბუშის დოქტრინა ამერიკის საგარეო პოლიტიკის 1947 წლის შემდეგ ყველაზე თამამ განაცხადს წარმოადგენს, როცა შეკავება შეერთებული შტატების პოლიტიკის საფუძვლად გამოცხადდა. თუკი ტრუმენის დოქტრინის საფუძველი საერთაშორისო ორგანიზაციების ფართო ქსელი იყო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ნატო იყო, უმცროსი ბუშისთვის ალიანსები მხოლოდ ად ჰოკ კოალიციებს წარმოადგენს.
თავდაპირველად ბუში მოურიდებლად იყენებდა ამერიკის ძალას, როცა საჭირო იყო ცალმხრივადაც მოქმედებდა და წინმსწრებად უვნებელყოფდა საფრთხეებს. მისთვის უნილატერალიზმი ამერიკული ფასეულობებისა და ინტერესების შერწყმაში გამოხატული ინტერნაციონალიზმის ფორმაა.
ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ბუშმა თავისუფლების გავრცელება ამერიკული დიპლომატიის მთავარ ამოცანად გამოაცხადა. მეორე საინაგურაციო სიტყვაში მან ამ აზრის ყველაზე ლაკონური ფორმულირება მოახდინა – თავისუფლების დაცვა თავისუფლების წინსვლას მოითხოვს. ევროპაში უყვართ ლაპარაკი დემოკრატიზაციის პროცესის დე–ამერიკანიზაციის აუცილებლობაზე, მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს მოძრაობა ამერიკული ძრავის გარეშე უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილს ტკეპნის, უფრო ხშირად კი უკან იხევს.
მესიანისტური იმპულსი ამერიკული ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა და პატრიოტიზმის განუყოფელი ნაწილია. ჯერ კიდევ ჯეფერსონი ლაპარაკობდა თავისუფლების იმპერიაზე, მედისონი აცხადებდა, რომ ეპოქის უდიდესი ბრძოლა თავისუფლებასა და დესპოტიზმს შორის მიმდინარეობს. ლინკოლნისათვის ამერიკა დედამიწის უკანასკნელი საუკეთესო იმედი იყო.
დემოკრატიის ამერიკული ექსპერიმენტი დაფუძნებულია შეერთებული შტატების განსაკუთრებულობის ხედვაზე: ამერიკის, როგორც სამყაროში სიკეთისკენ მიმართული ძალის, იდეა; რწმენა იმისა, რომ ესაა განსაკუთრებული ადგილი, გასაკუთრებული ხალხი, განსაკუთრებული მისიით, უფრო ძველია, ვიდრე თავად შეერთებული შტატები.
პირველი პურიტანი კოლონისტები ახალ კონტინენტზე იმ რწმენით ჩამოვიდნენ, რომ აქ შესაძლებელი იყო ევროპული გახრწნილი და სახელგატეხილი კულტურისაგან გათავისუფლება და მყარ ზნეობრივ საფუძვლებზე ახალი საზოგადოებისათვის საფუძვლის ჩაყრა. პურიტანები საკუთარ თავს ეგვიპტურ–ევროპული მონობიდან გათავისუფლებულ ახალ ისრაელად ხედავდნენ, რომლებმაც განგების წყალობით შესძლეს წითელი ზღვის/ატლანტიკის გადალახვა და აღთქმულ მიწაზე ღვთის ნების აღსასრულებლად ჩამოვიდნენ.
შეერთებული შტატების დიდებისა და გენიის საიდუმლო ალექსის დე ტოკვილმა მის ეკლესიებში ამოხსნა და იქ საკურთხევლიდან ქადაგებების მოსმენის შემდეგ მივიდა დასკვნდამდე, რომელიც მისთვის დამახასიათებელი ენაწყლიანობით შემდეგი სიტყვებით გამოხატა – ამერიკა დიდებულია იმიტომ რომ კარგია და თუ ის ოდესმე მის სიკეთეს დაკარგავს, ის დაკარგავს თავის დიდებასაც.
ვუდრო ვილსონისთვის ამერიკას "განგების აღსრულებისა და მსოფლიოს გადარჩენის უსაზღვრო პრივილეგია" ხვდა წილად, ფრანკლინ რუზველტი ამბოდა, რომ შეერთებულ შტატებს "განგებასთან პაემანი" აქვს, დუაით აიზენჰაუერი ამერიკის როლს ჯვაროსნობას ადარებდა, ჯონ კენედისთვის ამერიკას თაობიდან თაობისათვის თავისუფლების ჩირაღდანის გადაცემა უნდა უზრუნველყო.
ბუშის დოქტრინა არა მხოლოდ რეიგანის თავისუფლების გლობალური კამპანიის გაგრძელებაა, იგი ასევე ეფუძნება ვილსონის 14 პუნქტს, ტრუმენის მიერ გაცხადებული თავისუფალი ხალხების მხარდაჭერის პოლიტიკას, ან თუნდაც კენედის საინაუგურაციო აღქმას, რომ "თავისუფლების გადარჩენისა და წარმატების უზრუნველსაყოფად ამერიკა გაიღებს ნებისმიერ ფასს, აიტანს ნებსმიერ სიმძიმეს, გაუძლებს ნებისმიერ გაჭირვებას, დაეხმარება ნებისმიერ მეგობარს, წინ აღუდგება ნებისმიერ მტერს." 
Post a Comment