11.04.2008

ენიგმა

კონსერვატორებს ის კრიპტო–რადიკალი გონიათ, რომლის გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკას მცოცავი ევროპეიზაციის საფრთხე ემუქრება, პოსტქრისტიანული სეკულარიზმი, კვაზი პაციფიზმი და სოციალიზმი. მომხრეთა აზრით, ილინოისის სენატორი იდეოლოგიურ უკიდურესობებისაგან თავისუფალი პოლიტიკოსია, რომელიც პრაგმატული მოსაზრებებით იხელმძღვანელებს და არა ექსტრემისტული დოქტრინებით.

და მაინც, ვინაა ნამდვილი ბარაკ ობამა – ჯორჯ მაკგოვერნის მსგავსი იდეოლოგი? ლინდონ ჯონსონის ნაირი ფუნქციონერი? ჯიმ კარტერის მაგვარი მშვიდობისმყოფელი? ბილ კლინტონისებრი ტრიანგულატორი? ამ კითხვაზე სწორი პასუხი თავად დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის გარდა არავინ იცის. იმედია მან მაინც იცის.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ ობამას ენიგმატურ პიროვნებასთან დაკავშირებით ყველა მოსაზრებაში, ერთმანეთისაგან პოლარულად განსხვავებულშიც კი, გარკვეული სიმართლის მარცვალია. დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ის ტაბულა რაზაა, რომელზედაც ყველა საკუთარი წარმოდგენების პროვოცირებას ახდენს.

ობამას ოპონენტებს აუცილებლად მიაჩნიათ იმის გარკვევა, თუ რატომ იყო დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი 20 წლის განმავლობაში იმ ეკლესიის მრევლი, რომლის მოძღვარი ამერიკის მიმართ წყევლა–კრულვას არ იშურვებს და ერთხელაც კი არ გაჩენია პროტესტის გრძობა მისი სიძულვილით აღსავსე ქადაგებების მიმართ.

რას მოიმოქმედებს ამერიკაზე მორიგი თავდასხმის შემთხვევაში ის კანდიდატი, რომელსაც ჯვარი დაწერა და შვილები მოუნათლა მქადაგებელმა, რომლის აზრითაც 11 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა ის მოიმკო, რაც დათესა?

როგორ შეძლებს პრეზიდენტი ობამა გაერკვეს ანტიამერიკული რეჟიმების ლიდერთა ჭეშმარიტ ზრახვებში, როცა 20 წლის განმავლობაში ვერ ხვდებოდა, თუ სინამდვილეში რა ედო გულში მის სულიერ მენტორს?

ხომ არ იქნება ობამასთვის ახმადინეჯადის, პუტინის ან ჩავესის მორიგი აგრესიული ავანტიურა ისეთივე "შოკისმომგვრელი აღმოჩენა", როგორიც ღირსი მამის ტირადის მოსმენისას განიცადა?

რატომ უადვილდება დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს საერთო ენის პოვნა ამერიკის მოძულეებთან და რა არის ობამაში ისეთი, რაც ასე მაგნიტივით იზიდავს ასეთ ადამიანებს?

მემარჯვენეები ამბობენ, რომ მათ ობამას პატრიოტიზმი კი არ აეჭვებთ, არამედ მისი კვალიფიკაციები, მისი იდეები და არა განზრახვები. ამ თემების თავისუფალი განხილვა ტაბუირებულია, ვინაიდან ასეთი დისკუსიების ნამდვილი მიზეზი მემარცხენებსა და მედისათვის უკვე დიდი ხანია რაც ცნობილია – ოპონენტები "ობიექტური" პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობენ, ვინაიდან ამ პრობლემებზე ამერიკელი ხალხისათვის სათქმელი მათ არაფერი აქვთ.

Post a Comment