11.04.2008

კიევური დედალი

1948 წლის ბერლინის საჰაერო ხიდის განმეორება საკმარისი არაა ბუშის ადმინისტრაციის უუნარობის შესანიღბად, თავიდან აეცილებინა მოკავშირე ქვეყანაში რუსეთის აგრესია. უმცროსი ბუშის მიერ პუტინის თვალებში დანახული სული და უფროსი ბუშის მიერ 1991 წელს კიევში დანახული "სუიციდალური ნაციონალიზმის" საფრთხე – ამ საგვარეულოს გენეტიკურ უნარზე მიუთითებს, დაინახონ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს და ვერ შეამჩნიონ ის, რაც რეალურზე უფრო რეალურია.

ბუში 41 და მისი "რეალისტი" მრჩევლები ბრენტ სკოუკროფტის მეთაურობით, ვერ ხედავდნენ ხალხთა საპყრობილის ნგრევისა და დამონებული ერების გათავისუფლების შესაძლებლობას, ბუში 43 და მისი სოვიეტოლოგი სახელმწიფო მდივანი – ბოროტების იმპერიის მემკვიდრეთა შეუპოვარ ნებას უკან შეებრუნებინათ ისტორია და აღმოეფხვრათ "20–ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის" შედეგები. მამის "კიევური დედალის" სახელით ცნობილი სიტყვა შვილის დროს საქმედ იქცა.

"უხეშობისა და სიმკაცრის მიუხედავად, მე დავინახე მისი სახე და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ესაა ადამიანი, ვისაც შეგიძლია ენდო, როცა ის სიტყვას გაძლევს", – ეს სიტყვები პუტინის სულის მესაიდუმლეს არ ეკუთვნის. ისინი ბევრად ადრე ითქვა.

ბუშის შედარება ნევილ ჩემბერლენთან უსამართლოა, მაგრამ ერთგვარი ასოციაციები ძალაუნებურად მაინც ჩნდება. თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეჭრის პუტინის სცენარი სუდეტში ჰიტლერის მოქმედებათა ზუსტი ანალოგიაა. თუნდაც იმიტომ, რომ როცა საქმე "შორეულ ქვეყანას" ეხება და "ხალხს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით", დიდია ცდუნება, ირწმუნო "ჩვენ დროში მშვიდობის" შესაძლებლობის.

ჩემბერლენს ეგონა რომ ჰიტლერი "განზრახ არ მოატყუებდა მას, ვისაც პატივს სცემდა და ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა". ბრიტანეთის პრემიერი მწარედ ცდებოდა როგორც ფიურერის გეოპოლიტიკური ამბიციების, ისე მისი პიროვნების შეფასებების შესახებ – "ჩვენი მტრები პატარა მატლები არიან, მე ისინი მიუნხენში ვნახე". როგორც ჩერჩილმა თქვა, ჩემბერლენს ჰქონდა "არჩევანი ომსა და უღირსობას შორის. მან აირჩია უღირსობა და მიიღო ომი". როცა ჰიტლერი სუდეტით არ დაკმაყოფილდა და მთელი ჩეხოსლოვაკია დაიპყრო, ჩემბერლენს ისღა დარჩენოდა, ეთქვა: "მხოლოდ რუქაზე შეხედვაა საჭირო იმისათვის, რომ დაინახო საფრანგეთს ან ჩვენ არაფერი შეგვეძლო გაგვეკეთებინა ჩეხოსლოვაკიის გადასარჩენად."

Post a Comment