11.04.2008

დებატები ბოროტების შესახებ

დემოკრატები ამბობენ, რომ კონსერვატორების სიმარტივეს სამყაროს შავ–თეთრ ფერებში ხედვამდე მივყავართ. მათთვის უცხოა გლობალური პრობლემების სინათლესა და წყვდიადს შორის დაპირისპირების ჭრილში დანახვა, ვინაიდან დახვეწილობა და სინატიფე აქცენტის გაკეთებას უფრო მეტად შუქ–ჩრდილებზე მოითხოვს. კონსერვატორები საპასუხოდ ოპონენტებს დალტონიზმში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მემარცხენეების მრავალფეროვან სამყაროში შავისა და თეთრისათვის ადგილი აღრაა. ამ ფერების დანახვა დემოკრატებს პრინციპულად არ შეუძლიათ.
ეს კონტრასტი ნათლად გამოვლინდა პრეზიდენტობის შესახებ სადლბეკის სამოქალაქო ფორუმზე. პასტორ რიკ ვორენის კითხვაზე, არსებობს თუ არა ბოროტება და თუკი არსებობს, მაშინ რა უნდა ვქნათ – უგულვებელვყოთ, მოველაპარაკოთ, შევაკავოთ თუ დავამარცხოთ, სენატორ მაკეინს მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხი ქონდა – დავამარცხოთ.
ობამამ ბოროტების არსებობა აღიარა, თქვა, რომ ის მრავალი სახით არსებობს და მას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, მაგრამ ადამიანებს არ ძალუძთ მისი განადგურება, ეს ღმერთის საქმეა. ობამამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ბოროტებასთან ბრძოლისას ერთგვარი მოკრძალებაა საჭირო, ვინაიდან ბევრი ბოროტების სათავე სწორედ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა.
ცივი ომის დროს, როცა კონსერვატორები ბოროტების იმპერიას ებრძოდნენ, მათი ოპონენტები ამ ბრძოლის უკან სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის მერკანტილურ ინტერესს ხედავდნენ - შეიარაღებაზე გაზრდილი ხარჯების სახით მიეღო ის ფული, რომელიც სიღარიბესთან ბრძოლას უნდა მოხმარებოდა.
როცა რეიგანი სახარებისეულ ქრისტიანთა ნაციონალური ასოციაციის წინაშე ბოროტების იმპერიაზე საუბრობდა, მისი ოპონენტებისათვის ეს პროვოკაციული მოქმედება და უპასუხისმგებლო რადიკალიზმის გამოვლინება იყო.
როცა ცივი ომის დროს დასავლელი მემარცხენეები საბჭოთა კავშირს თანაუგრძნობდნენ, მათ პოზიციას შეიძლება მორალური გამართლება არა, მაგრამ რაღაც რაციონალური ახსნა კიდევ ჰქონოდა – მთელი რიგი "გადაცდომების", "ნაკლოვანებებისა" და "ხარვეზების" მიუხედავად, "გამარჯვებული სოციალიზმის ქვეყანა" "პროგრესული" იდეალების ხორცშესხმას გულისხმობდა: "უფასო" ჯანდაცვა, განათლება, კლასთა და სქესთა თანასწორობა, ინტერნაციონალიზმი და სეკულარიზმი, გეგმიური ეკონომიკა.
დღევანდელი რუსეთი ყოველივე იმის საპირისპიროს განასახიერებს, რაც კი მემარცხენეთათვის წმინდა და ხელშეუხებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რადიკალურ მემარცხენეებს მაინც უჭირთ რუსეთის აგრესიის ერთმნიშვნელოვნად დაგმობა, ზოგიერთები ცდილობენ, რომ მის მოქმედებებს გარკვეული გამართლება მოუძებნონ. მემარჯვენეთა აზრით, ეს ზოოლოგიური ანტიამერიკანიზმი მათი იდეოლოგიური ოპონენტების რეფლექსური რეაქციის გამოვლინებაა – მათთვის ყოველივე, რაც შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების ინტერესებს ვნებს - ავტომატურად "პროგრესულია".
Post a Comment