11.04.2008

სიყალბის მითი

როცა მაკეინი არჩევნების გაყალბების საფრთხეზე საუბრობს, მას აფრო–ამერიკელთა საარჩევნო აქტივობის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებენ. მიზეზი ორგანიზაცია ACORN–თან (სათემო ორგანიზაციათა ასოციაცია რეფორმებისათვის ახლა) დაკავშირებული სკანდალია.
სათემო ორგანიზატორობით გატაცების პერიოდში ობამა ACORN–ის ტრენერი იყო, სასამართლოში წარმოადგენდა მის ინტერესებს, ხოლო როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა ახალი ამომრჩევლების რეკრუტირებისათვის ამ ორგანიზაციას მილიონ დოლარამდე გადაუხადა. ACORN–ის მიერ 21 შტატში წარდგენილ იქნა 1.3 მილიონი ახალი ამომრჩევლის სია.
გადამოწმების შედეგად გამოაშკარავდა, რომ ACORN–ის მიერ წარდგენილ ამომრჩეველთა 20–40% ბუნებაში არ არსებობს. ამ სიებში ბევრი არასრულწლოვანი და მიცვალებული აღმოჩნდა. ორლანდოში ACORN–მა ზღაპრულ სამეფოში მცხოვრები მიკი მაუსის სარეგისტრაციო განაცხადი წარადგინა, ოჰაიოში ფულისა და სიგარეტის სანაცვლოდ ერთმა ამომრჩეველმა 70 განაცხადს მოაწერა ხელი.
მემარცხენეთა მტკიცებით, არჩევნების გაყალბება კონსერვატორთა მიერ გაზვიადებული მითია. დღეისათვის მხოლოდ 24 შტატშია სავალდებულო ხმის მიცემამდე ამომრჩევლის იდენტიფიცირება, მათგან მხოლოდ 7–ში ამომრჩეველმა ფოტოსურათიანი პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს. ხმის მიცემისას ამომრჩეველთა იდენტიფიცირების ზომების დანერგვის მცდელობები, როგორც წესი, მემარცხენე ჯგუფების პროტესტს და სასამართლო სარჩელებს იწვევს.
დემოკრატები დარწმუნებულნი არიან, რომ ხმის მიცემისას ამომრჩეველთა იდენტიფიცირების სხვადასხვა პროცედურების ნამდვილი მიზანი ღარიბების, უმცირესობებისა და ახალგაზრდების საარჩევნო აქტივობის ჩახშობაა. ამ გზით მათი სტიგმატიზაცია და ფუნდამენტური სამოქალაქო უფლების არაჯეროვანი შეზღუდვა ხდება.
თანაც ეს არაა პროგრესის მოწინააღმდეგეთა მზაკვრობის პირველი შემთხვევა – თავის დროზე კათოლიკეთ მოძულე ურჯუკებს ჯონ კენედის მიერ ობამას მშობლიურ ჩიკაგოში მიღებული ხმებში შექონდათ ეჭვი და საარჩევნო თაღლითობის შესახებ სხვა და სხვა ცილისმწამებლურ ინსინუაციებს ავრცელებდნენ. მათ მკრეხელობას საზღვარი ნამდვილად არა აქვს. კონსერვატორთათვის ხომ საკუთარი ფანატიზმის გარდა არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ არსებობს.
Post a Comment