11.04.2008

მაკიაველიზმის ფარული ხიბლი

პოლიტიკური ცვლილების განსახორციელებლად ობამას ჯერ საზოგადოების შეცვლა მიაჩნია საჭიროდ. თავის უბადლო რიტორიკულ უნარებს ადამიანების მოტივირების, მობილიზებისა და დამუხტვისათვის იყენებს. ობამა ადამიანებს სწორედ იმას ეუბნება, რისი გაგონებაც მათ ყველაზე მეტად უნდათ. პრობლემა ისაა, რომ იმედისა და ცვლილებების მახარობელი არაკომფორტულ სიმართლის თქმას გაურბის ხოლმე. არადა, ობამას ზოგიერთი ამფსონი არათუ პირში სიმართლეს, ღირსეული ადამიანისაგან სახეში სილას უფრო იმსახურებდა.

წლების მანძილზე ობამა მოხერხებულად იწყნარებდა შეუწყნარებელს. ყველაფერს, რასაც მიაღწია, ის იმ ოდიოზურ ადამიანებს უნდა უმადლოდეს, რომელთა სახელიც ამერიკელთა უმრავლესობისათვის სიძულვილთან, შუღლთან, ძალადობასა და თაღლითობასთან არის დაკავშირებული. როცა ამ ხალხთან ასოცირება მისი საპრეზიდენტო ამბიციებისათვის დაბრკოლებად იქცა, ობამა ისე ოსტატურად გაემიჯნა მათ, თითქოს არც არასდროს რაიმე საერთო არ ქონია.

კონსერვატორები დღემდე ვერ პატიობენ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, რომ ის ერთ დროს უარს ამბობდა ამერიკის დროშის სამკერდე ნიშნის ტარებაზე; რომ ის დიდხანს დადიოდა შავების განმათავისუფლებელ ეკლესიაში, სადაც მოძღვარი საკუთარი ქვეყნისთვის წყევლის სიტყვებს არ იშურვებდა; რომ მისმა მეუღლემ განაცხადა, რომ თავისი ქვეყნით ამაყი გახდა მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა.

ეს ყველაფერი მაკიაველიზმის ელფერს ატარებს, თუმცა თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ არჩევის შემთხვევაში ობამას პუტინთან მოუწევს ურთიერთობა, ეს ნაკლი გარკვეულწილად ღირსების ელფერს იძენს. ბროლის კოშკიდან გამოსულ დოგმატურ მემარცხენე ინტელექტუალს, კიდევ ნიჭიერი ოპორტუნისტი ჯობია, თუნდაც რომ მისი ერთადერთი პრინციპი უპრინციპობა იყოს.

ისტორია გასცემს პასუხს კითხავზე, თუ რამდენად იქნება მზად ამერიკის მოკავშირეების დასაცავად იმ გარემოდან გამოსული ადამიანი, სადაც თავად შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვა საჩოთირო საქმედ მიაჩნიათ. ჯერ-ჯერობით ობამას ადვილად გამოსდიოდა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც ამერიკისათვის წყევლა და ბომბები არ ენანება. ჯერემაია ვრაითთან და უილიამ აიერსთან გატარებული წლების შემდეგ, ალბათ, არც მახმუდ აჰმადინეჯადთან და უგო ჩავესთან უპირობო მოლაპარაკების გამართვა იქნება ძნელი. 

Post a Comment