11.04.2008

ძალა უძალოთა

რუსეთთან ურთიერთობაში ობამას ადმინისტრაციის ამოსავალი პრინციპი დიალოგი იქნება და არა კონფრონტაცია და იზოლაცია. მაკეინს და მის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ დღევანდელ რთულ სამყაროში, როცა არ იცი, რა გამოწვევებია მოსალოდნელი, ობამას გულუბრყვილობა საშიშია. ჰარი ტრუმანი საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე განცხადებებს არ აკეთებდა. ამერიკას სჭირდება რუსეთთან ურთიერთობებში ინიციატივის თავის ხელში დაბრუნება. რეალიზმის მანტიამოსხმული საერთაშორისო ურთიერთობათა სწავლული ექსპერტები ხშირად საუბრობენ რუსეთთან "დიდი გარიგების" სიკეთეებზე.

თავისთავად ვარაუდს, რომ დასავლეთის მიერ კრემლის გავლენის სფეროების აღიარებისა და პუტინისტანის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის სანაცვლოდ რუსეთის მხრიდან ბირთვული გაუვრცელებლობისა და ტერორიზმის სფეროში ქმედით თანამშრომლობას ექნება ადგილი, რეალიზმთან საერთო არაფერი აქვს ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე თეორიული მნიშვნელობით. რამდენად არის მოსკოვი ირანის საკითხში სათანამშრომლოდ განწყობილი, ამაზე თუნდაც 2003 წლს ერაყის მაგალითი ნათლად მეტყველებს.

რეალიზმის ფუძემდებლებს ფრიად გაუჭირდებოდათ დღეს ამ სახელით მოქმედი იმ არაერთი თეორეტიკოსისა თუ პრაქტიკოსის საკუთარ იდეურ შთამომავლად მიღება, რომლებიც შეერთებულ შტატებს მოწინააღმდეგესთან არა ძალის, არამედ უძლურების პოზიციიდან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.

ახალი "რეალისტებისათვის" მსოფლიო პრინციპულად ანარქიული კი არა, კონვერგენციის პროცესში მყოფი სისტემაა, რომლის მამოძრავებელი ძალა ეკონომიკაა და არა, ჰანს მორგენტაუს სიტყვებით რომ ვთქვათ, "ძალის სახით განსაზღვრული ინტერესი". შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი კეთილდღეობის მატებაა და არა გავლენის გაფართოება ან ძლიერების ზრდა.

და თუ რომელიმე ქვეყანა თავისი "ობიექტური" ანუ ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად კი არ მოქმედებს, არამედ ძველმოდური Real politik–იდან გამომდინარე ნაბიჯებს დგამს, ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – ისინი შეერთებული შტატების მიერ არიან პროვოცირებულნი.

ასე მაგალითად, პუტინის კარგად გათვლილი, ცივსისხლიანი აგრესია, ხელსაყრელ საერთაშორისო გარემოში მოულოდნელობის, შანტაჟის, ტყუილისა და პირდაპირი ძალმომრეობის გზით ძალთა ბალანსის რუსეთის სასარგებლოდ შეცვლის მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკური რეაქციაა, მიზეზი კი – შეერთებული შტატების იმპერიული გადაჭიმვა. მსოფლიოს ბუნებრივი მდგომარეობა ჰარმონიაა, ამერიკული კოვბოის გაუთვლელ მოქმედებებს და აგრესიულ მეთოდებს კი საერთაშორისო სიტემა წონასწორობიდან გამოჰყავს.

ჰეგემონისტური მისწრაფებების ნაცვლად, შეერთებული შტატები ვალდებულია, დაეხმაროს რუსეთის, ირანის ან ჩინეთის მსგავს, მზარდი ამბიციების მქონე სახელმწიფოებს იმ გზის უმტკივნეულოდ გავლაში, რომელსაც ისინი "მსოფლიო ისტორიული განვითარების ობიექტური კანონზომიერებებიდან გამომდინარე" ისედაც ადგანან და საერთაშორისო თანამეგობრობაში მათი კუთვნილი ადგილი დააკავებინოს.

Post a Comment