11.04.2008

შური და შიში

60–იანი წლებიდან იწყება პოლიტიკური ბრძოლის ახალი წყალგამყოფის ჯიბიდან ცნობიერებაში გადანაცვლების ტენდენცია. სწვალული ინტელიგენტები არც თუ იშვიათად ზოგიერთ მუშაზე ნაკლებს იღებენ. მათ პოზიციებს, პრეფერენციებს, სიმპათია და ანტიპათიებს არა შემოსავლის, არამედ განათლების დონე განსაზღვრავს.

იყო დრო, როცა პოლიტიკური ბატალიების განმსაზღვრელი მეტწილად ეკონომიკური ინტერესები იყო. კლასობრივი ბრძოლის ენერგეტიკა შურზე იყო დაფუძნებული. კულტურათა ომში თუკი კონსერვატიული პროვინციის არაცნობიერის ძირითადი მასაზრდოვებელი წყარო შიშია, მემარცხენე ინტელიგენციის ენერგია ზიზღით იკვებება. კლასობრივი შუღლი სნობურმა შოვინიზმმა ჩაანაცვლა.

20–ე საუკუნის შუა დეკადაში, როცა პოლიტიკური წყალგამყოფი ეკონომიკური კლასისადმი კუთვნილება იყო, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატებს ედლაი სტივესნოსნს, ჯონ კენედის, ლინდონ ჯონსონსა და ჯიმი კარტერს სულ მცირე 13%–იანი უპირატესობა ჰქონდათ კოლეჯის განათლების არმქონე თეთრ მამაკაც ამომრჩეველთა შორის, ვიდრე კოლეჯის ან უფრო მაღალი განათლების მქონე თეთრ მამაკაც ამომრჩეველთა შორის.

60–იანი წლებიდან მოყოლებული, როცა დებატების მთავარი თემა კულტურა, ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა იყო, მდიდარმა და ღარიბმა თეთრმა ამომრჩევლებმა ადგილები გაცვალეს. რესპუბლიკელებმა ლურჯსაყელოიან თეთრ ამომრჩეველთა შორის პოზიციები გაიუმჯობესეს, ხოლო დემოკრატებმა – თეთრსაყელოიან თეთრ ამომრჩეველთა შორის.

ინტელიგენციის თვითმიზნურად ოპოზიციური ეთოსის წყალობით კონტრკულტურა ახალი კულტურის საფუძველი გახდა, ტრადიციების უარყოფა ახალ ტრადიციად დამკვიდრდა, სოციალური კონვენციებისაგან გათავისუფლება ახალ სოციალურ კონვენციად ჩამოყალიბდა. სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობდა უინსტონ ჩერჩილი, რომ "ყველაზე მძიმე სირთულე, რომელსაც ჩვენ განვიცდით, გარედან არ მოდის. მისი წყარო შიგნითაა... ისინი მომდინარეობენ გარკვეული ტიპის ტვინიკოსი ადამიანებისაგან, ... რომლებსაც თუკი რამ წვლილი შეაქვთ ჩვენს კულტურაში, სანაცვლოდ მისი ძალა მიაქვთ. ჩვენი სიძნელეები მიუტევებელი თვითგანქიქების განწყობიდან მომდინარეობს, რომელშიაც ჩვენი საკუთარი ინტელექტუალების დიდი ნაწილია ჩაფლული."

Post a Comment