11.04.2008

მოულოდნელი პარალელები

თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარის სახელგატეხილ ბრენდზე პოლიტიკური კაპიტალიზაცია ობამას საარჩევნო სტრატეგიის ცენტრალური ელემენტია. დემოკრატების კანდიდატი მაკეინის პრეზიდენტობაში ბუშის მესამე ვადის კონტურებს ხედავს. თავისმხრივ მაკეინი ობამას გამარჯვებას კარტერის მეორედ მოსვლად აცხადებს.

ბევრი ამომრჩევლისათვის ახლა მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად მოსაწონია სტატუს ქვოს დემოკრატიული ალტერნატივა, მათთვის მთავარია, რომ პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკის და მისი პარტიის კანდიდატების წინააღმდეგ მისცენ ხმა. მაგრამ 2 საპრეზიდენტო კანდიდატიდან ვინაა დაბლ–იუს ჭეშმარიტი მემკვიდრე? ამ, ერთი შეხედვით, რიტორიკულ კითხვაზე პასუხი არც თუ ერთმნიშვნელოვანია.

უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს კამათი იმაზე, თუ რამდენად მართებულია არიზონის სენატორი დღევანდელი პრეზიდენტის უბრალო კლონად ჩავთვალოთ. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ბუშსა და მაკეინს შორის საკმაოდ რთულ პიროვნულ ურთიერთობათა ისტორია, განსხვავებულ ბიოგრაფიები და ადამიანურ თვისებები, აგრეთვე მთელი რიგი ფილოსოფიური თუ პოლიტიკური უთანხმოებები. გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა ბარაკ ობამასა და ჯორჯ ბუშს შორის მსგავსებათა ანალიზს. პარალელები მართლაც რომ გასაოცარია.

მედია ხშირად მიუთითებს ხოლმე ბუშის უუნარობაზე, აღიაროს საკუთარი შეცდომები და გათავისუფლდეს იდეოლოგიური ილუზიების ტყვეობიდან. არადა, სწორედ ამ ტერმინებში აღწერენ კონსერვატორები ობამას უარს, აღიაროს ერაყის "ზვირთის" წარმატება. მრჩეველთა კაბალის მიერ მანიპულირებული პოლიტიკურად გამოუცდელი ბუში მემარცხენეთა ანგლობების მუდმივი პერსონაჟია. ანალოგიურად, ობამას უმწიფრებისა და მისი 300 კონსულტანტის შესახებ ირონიზება რესპუბლიკელთა წრეში თავის შექცევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბუშის "თანამგრძნობი კონსერვატიზმისა" და ოაბამას მემარცხენე ეკონომიკური იდეოლოგიის კიდევ ერთი თანხვედრა – საბიუჯეტო ხელგაშლილობით სოციალური პრობლემების მოგვარების შესაძლებლობის რწმენა. დემოკრატების კანდიდატის ოპონენტები შიშობენ, რომ არჩევის შემთხვევაში ის საჯარო სახსრების უკონტროლო ფლანგვის თვასაზრისით ამჟამინდელი პრეზიდენტის ღირსეული მემკვიდრე იქნება.

ამ პარალელების გაგრძელება კიდევ დიდ ხანს შეიძლება, მაგრამ ბუში არაა ერთადერთი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ვისთანაც ილინოისის სენატორის მიმსგავსება ხდება. 

Post a Comment