11.04.2008

მდუმარე უმრავლესობა

ნიქსონმა პოპულიზმის განახლებულ მეცნიერებას რესპუბლიკური პარტია აზიარა და მოწინააღმდეგეს ერთ ერთი ყველაზე მასშტაბური მარცხი აწვნია. მისმა სამხრეთურმა სტრატეგიამ ამერიკის პოლიტიკური ლანდშაფტში ტექტონური ცვლილებები გამოიწვია.

ღირებულებების ირგვლივ ამომრჩევლის გახლეჩვით გამოთავისუფლებული ენერგია ნიქსონის გენიის მიერ აღმოჩენილი პოლიტიკური ბრძოლის ახალი მძლავრი იარაღი გახდა. კულტურა "პოზიტიური პოლარიზაციის" მეშვეობით მან მასების მობილიზაციის სწორუპოვარ საშუალება გახადა.

მოშლილი ტრადიციებით, შერყეული ზნეობით, მზარდი დამნაშავეობით, პოლიტიკური რადიკალიზმით გამოწვეული საშუალო კლასის უკმაყოფილება და რაც მთავარია, შიში ნიქსონისეული "ძალის ბნელი მხარე" იყო.

ნიქსონისგან პოლიტიკური ნათლობის მიღების შედეგად, თვით–კმაყოფილი ელიტებისა და მეინსტრიმული მედიის მიერ რასიზმისა და სექსიზმის იარლიყ–მიწეპებული და იგნორირებული "მდუმარე უმრავლესობა" მძლავრ ელექტორალურ ძალად იქცა. 70–იანების ბოლოს ის "მორალური უმრავლესობის" სახით გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, ხოლო ათასწლეულთა მიჯნაზე "ღირებულებათა ამომრჩევლად" ტრანსფორმირდა.

ამ ბლოკმა გადამწყვეტი როლი ითამაშა რესპუბლიკელთა არა ერთ პოლიტიკურ გამარჯვებებში – 2004 წელს საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მხარდაჭერის განმაპირობებლი ფაქტორი ამომრჩეველთა 22%–სათვის მორალური ფასეულობები იყო, ეკონომიკა და დასაქმება – 20%, ტერორიზმი – 19%, ერაყი –15%, ჯანდაცვა – 8%, გადასახადები – 5%, განათლება – 4%.

მაგრამ დროსთან ერთად საშუალო კლასის დემოგრაფიული კონფიგურაცია ნელ–ნელა იცვლება. ფერმერებისა და ლურჯსაყელოიანი მშრომელების ხვედრითი წილის შემცირების პარალელურად სულ უფრო იზრდება თეთრსაყელოიანი ცოდნის მუშაკების რიცხვი. თავად ლურჯსაყელოიანთა შორის კი გენდერული ბალანსის წანაცვლება სულ უფრო მეტად სუსტი სქესის სასარგებლოდ ხდება.

60–იან წლებში დაწყებული საგანმანათლებლო რევოლუციის შედეგად უნივერსიტეტების ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაიზარდა. ყოფილი ჰიპები და მეამბოხეები პროფესორებად იქცნენ. 

Post a Comment