11.04.2008

ფარული ისტორია

1840–1860 წლებში დემოკრატიული პარტიის 6 პლატფორმა მხარს უჭერდა მონობას, 1800–1861 წლებში 7 დემოკრატი პრეზიდენტი პირადად ფლობდა მონებს, 1868–1948 წლებში დემოკრატიული პარტიის 20 პლატფორმა მხარს უჭერდა სეგრეგაციას. დემოკრატებმა შემოიღეს ჯიმ კროუს სახელით ცნობილი სეგრეგაციის კანონები. ვუდრო ვილსონის პრეზიდენტობისას მოხდა ფედერალური მთავრობისა და შეიარაღებული ძალების სეგრეგაცია.

დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ კონსტიტუციის 13–ე, 14–ე და 15–ე შესწორებების მიღებას, რომლებმაც გააუქმეს მონობა, ყოფილ მონებს კანონის წინაშე თანასწორი დაცვა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიანიჭეს.

დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ 1866 წლის სამოქალაქო უფლებათა აქტის მიღებას, რომელიც დემოკრატი პრეზიდენტის, ანდრიუ ჯონსონის ვეტოს დაძლევის გზით რესპუბლიკურმა კონგრესმა მიიღო, ისევე როგორც ეწინააღმდეგებოდნენ 1875 და 1957 წლების სამოქალაქო უფლებათა აქტების მიღებას. 1964 წლის სამოქალაქო უფლებათა აქტის წინააღმდეგ მიცემულ ხმათა წარმომადგენელთა პალატაში ¾, ხოლო სენატში –80% დემოკრატებს ეკუთვნოდა.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში დემოკრატიული პოპულიზმის ყველაზე თვალშისაცემი და სამარცხვინო გამოვლინება რასიზმი იყო. კუ კლუს კლანი ამ პარტიის შეიარაღებულ რაზმს წარმოადგენდა, ხოლო 1924 წლის ეროვნული ყრილობა ისტორიაში "კლანბაიკის" სახელით შევიდა.

ალაბამის ქალაქ ბირმინჰემის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისარი თეოფილუს იუჯინ კონორი (მეტსხელად "ბულ" – ხარი), რომელმაც "სახელი გაითქვა" 1960–იან წლებში "თავისუფლების მარშში" მონაწილე სამოქალაქო უფლებათა მოძრაობის აქტივისტებისათვის ძაღლების მიქსევით, ერთდროულად დემოკრატთა ეროვნული კომიტეტისა და კლანის ღირსეული წევრი იყო.

სხვათა შორის, ცნობილმა კონსერვატიულმა კომენტატორმა რაშ ლიმბომ შიდაპარტიული არჩევნების დროს ბილ კლინტონის ბარაკ ობამაზე თავდასხმების შესახებ თქვა, რომ "ბულ კონორისგან ბულ კლინტონამდე მოვედით".

ბარაკ ობამას აღზევება არა მხოლოდ ამერიკაში მომხდარ ფუნდამენტურ ცვლილებებზე მიუთითებს, არამედ, პირველ რიგში, თავად დემოკრატიული პარტიის, როგორც ისტორიულად რასიზმის მთავარი პოლიტიკური საყრდენის უმცირესობათა ინტერესების გამომხატველ ძალად ევოლუციის შთამბეჭდავი გამოხატულებაა.

თომას ჯეფერსონის მიერ დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაცია მსოფლიოს უძველესი დღემდე მოქმედი პარტიაა. თუ არსებობის ხანგრძლივობით, მის მიერ განვლილი გზითა და ტრანსფორმაციის მასშტაბით ვიმსჯელებთ ის იმავდროულად ყველაზე წარმატებულ ორგანიზაციადაც უნდა მივიჩნიოთ. ობამას ნომინაციით თანამედროვე დემოკრატიული პარტიის მიერ საკუთარ წარსულზე მოპოვებული გამარჯვება არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე რესპუბლიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში მიღწეული საარჩევნო უპირატესობები.

Post a Comment