11.04.2008

ნიქსონის აჩრდილი

არც ერთ რესპუბლიკელთან ბრძოლაში დემოკრატებს იმდენი ენერგია არ დაუხარჯავთ, რამდენიც რიჩარდ მილჰაუს ნიქსონის შემთხვევაში. მისი კარიკატურიზებული სახე მემარცხენე იკონოგრაფიაში ყოველივე მიუღებლისა და უმსგავსოს სიმბოლოდ იქცა. 1960 წლის არჩევნებზე ჯონ ფიცჯერალდ კენედის მიერ მისი დამარცხება პროგრესულ მითოლოგიაში განახლებისა და განწმენდის სიმბოლოდაა მიჩნეული.

კენედი დღემდე დემოკრატების უდიდესი კერპია და ხშირად ილინოისის სენატორის პარაგონადაც მოიხსენიება. მისი ძმის, სენატორ ედვარდ კენედის მიერ ობამასათვის მემარცხენე იდიალიზმის ჩირაღდნის გადაცემა დემოკრატების ყრილობის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო.

თუმცა ამ მორალური სიმაღლის შენარჩუნება ილინოისის სენატორმა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო. საარჩევნო კამპანიის საჯარო დაფინანსებაზე ოპორტუნისტული მოსაზრებებით უარის თქმა მის მიერ ადრე გაცხადებული პოზიციის გადასინჯვის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს.

საარჩევნო კამპანიის დაფინანსების არსებული სისტემის ფესვებს ნიქსონის ერაში მივყავართ. უოთერგეიტის სკანდალის ფონზე მიღებულ იქნა კანონმდებლობა, რომელსაც პოლიტიკური პროცესი დიდი ფულის კორუფციული გავლენისაგან უნდა დაეცვა. კერძო შემოწირულობების შეზღუდვისა და საჯარო დაფინანსების ადვოკატები უმეტესწილად ყოველთვის დემოკრატები იყვნენ.

ჯონ მაკეინი, პარტიული კოლეგების უმრავლესობისაგან განსხვავებით, კამპანიების დაფინანსების რეფორმის აქტიური მომხრე და ამ სფეროს ძირითადი მარეგულირებელი ახალი კანონის მთავარი თანაავტორია. ობამასგან განსხვავებით იგი საკუთარი სიტყვის ერთგული დარჩა და საჯარო დაფინანსების სისტემით დაწესებულ ლიმიტებს დასჯერდა. რაც შეეხება დემოკრატების კანდიდატს, მან 640 მილიონიანი საარჩევნო ბიუჯეტით არა მარტო ყველა რეკორდი მოხსნა, არამედ საჯარო დაფინანსების არსებულ სისტემას ბოლო მოუღო – ნაკლებად სავარაუდოა რომ შემდეგ არჩევნებზე რომელიმე კანდიდატი ასეთ აშკარა უთანასწორობას დათანხმდეს და საკუთარი გამარჯვება საფრთხის ქვეშ დააყენოს.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კენედის აჩრდილი ობამასათვის ეფექტური მარკეტინგული ბრენდია, პრაქტიკულ პოლიტიკაში კი, სუფთა პოლიტიკის ამაღლებული იდეალების შესახებ მგზნებარე სიტყვების პარალელურად, ილინოისის სენატორი წარმატებით იყენებს ნიქსონისეულ მეთოდებს. ობამას საარჩევნო მანქანა ოპონენტებში ნიქსონისეული სანტექნიკოსების ასოციაციებს იწვევს, მისი მეგალომანია კი, ილინოისის სენატორის გამარჯვების შემთხვევაში, ახალი იმპერიული პრეზიდენტობის მოლოდინებს აჩენს.

ერთი შეხედვით, ეს ვარაუდი სრულიად დაუჯერებლად ჟღერს. ამ წელს ხომ საბოლოოდ უნდა დაესრულებინა ნიქსონის ერა. წლევანდელი წლის მთავარი პოლიტიკური პერსონაჟების კეთილშობილება ამის გარანტია უნდა გამხდარიყო. როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ სასურველი რეალურად იქნა მიჩნეული. ვარდისფერი სათვალით დანახული სამყარო კარგი დაკვირვების შედეგად არც ისეთი ფერადოვანი აღმოჩნდა. ამერიკული პოლიტიკა კვლავაც ნიქსონლენდშია მომწყვდეული. 

Post a Comment