11.04.2008

ნაჯახი თუ სკალპელი

მორალური სიცხადე ამერიკული პოლიტიკის მთავარი წყალგამყოფია. კონსერვატორები ყველა საკითხს უდგებიან როგორც კარგსა და ცუდს შორის მკაფიო არჩევანს მაშინ, როცა მემარცხენეებისათვის მთავარი ნიუანსებია, რომელიც ერთმნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას თუნდაც იმიტომ არ იძლევა, რომ ასეთი სიმკვეთრე მემარცხენეების მიერ პრიმიტიული სწორხაზოვნების გამოვლინებად მიიჩნევა.

საპრეზიდენტო დებატების დროს ობამა თავის ოპონენტს აკრიტიკებდა პრობლემების ნაჯახით გადაჭრის მცდელობისათვის მაშინ, როცა ფილიგრანული სამუშაო სკალპელს მოითხოვს. კონსერვატორებს არ ესმით სინაზისა და სიფაქიზის ასეთი აბსოლუტიზაცია და მიაჩნიათ, რომ ბოროტებასთან ბრძოლა მკაფიო მიზნების დასახვის უნარსა და მათ მისაღწევად გაბედულ მოქმედებას მოითხოვს.

მემარცხენეებისათვის მორალური აბსოლუტების ენაზე საუბარი არაკომფორტულია. მათთვის ძნელია რომელიმე მოვლენის ერთმნიშვნელოვანი დაგმობა ან მხარის დაჭერა. ეს კი კონსერვატორებისათვის იმის მიმანიშნებელია, რომ დემოკრატებს არ შესწევთ უნარი, მოვლენებს ნათლად დაარქვან თავიანთი სახელი და არ ყოფნით ძალა, რომ ბოროტებას წინ აღუდგნენ.

როცა კონსერვატორები გამარჯვებაზე საუბარობენ, მათი ოპონენტებისათვის ეს ყურისმომჭრელად ჟღერს. ზოგისთვის სიტყვა "მტერიც" კი არაპოლიტკორექტულია. ეს კი, თავის მხრივ, ოპონენტებს საშუალებას აძლევს განაცხადონ, რომ დემოკრატების მთელი ეს საუბარი ურთიერგაგების, კომპრომისის, თანაარსებობის, ინტერესთა გათვალისწინების შესახებ საბოლოო ჯამში მორალურ რელატივიზმამდე დადის და პოსტმოდერნულ საყოველთაო პირობითობას ბოროტებასთან შემგუებლობამდე მივყევართ.

ობამა ტერორიზმის პრობლემას სამხედროზე მეტად უფრო სამართალდაცვით პრიზმაში ხედავს. მემარჯვენეები მის პოზიციაში 9/11–მდელი მენტალობის გამოვლინებას ხედავენ და ვერ გაუგიათ ტერორის წინააღმდეგ გლობალურ ომში დემოკრატებს "ომი" უფრო ეხამუშებათ, თუ "ტერორიზმი".

კონსერვატორები ხშირად ამბობენ, რომ სისხლის სამართალსა თუ საერთაშორისო ურთიერთიერთობებში მემარცხენეთა სიმპათია თუ არა, ზრუნვის საგანი ბოროტმოქმედი უფროა, ვიდრე მსხვერპლი. მათთვის დამნაშავე ადამიანი კი არა, უსამართლო სოციალური სისტემაა, აქედან – თანაგრძნობისა და გაგების კულტი, რომელიც ხშირად შეუწყნარებლის შეწყნარებამდე მიდის. კონფლიქტის გადასაჭრელად მონაწილე მხარეებისადმი თანაბარი მიდგომაა საჭირო, ვინაიდან პრობლემის ძირი გაუგებრობაა და არა ბოროტება.

ვიეტნამითა და უოთერგეიტით დაღლილი ამერიკა კარტერის პრეზიდენტობას იმედით შეჰყურებდა, მაგრამ დამთმობი და უხერხემლო პოლიტიკის შედეგად, თავისუფალი სამყაროს პერიმეტრის მიუტევებელი შეკუმშვა მოხდა – ანტიამერიკული ძალები აღზევდენენ ირანში, ავღანეთში, ანგოლაში, კამბოჯაში, ნიკარაგუაში, გრენადაში. ერაყის ომისა და არაერთი სკანდალის შემდეგ, დემოკრატები კრიზისში პოლიტიკური კათარზისის შესაძლებლობას ხედავენ. რა "ცვლილებებს" უქადის თავისუფალ სამყაროს ობამას "იმედიანი" პრეზიდენტობა, შიშით კითხულობენ კონსერვატორები?

Post a Comment